ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის მეთაურმა და პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც კორუფციის ახალი ბრალდებაც აქვს წარდგენილი, და კორუფციისთვის დაკავებულ სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს, კობახიძის თქმით, ივანიშვილისთვის მომხდარი „გულსატკენია“.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა - ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი და შალვა პაპუაშვილი
„არიან მათ შორის ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. არსებითად ამაზე იყო საუბარი.
ჩვენთვის ყველასთვის და მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბატონი ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როდესაც ასე ვითარდება პროცესები, როდესაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის. ეს არის პირველ რიგში გულსატკენი და ეს გულის ტკივილი გამოითქვა, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა. ეს იყო, რა თქმა უნდა, გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა“, - თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის ციხიდან რაიმე ფორმით გათავისუფლებაზე „საუბარი არ ყოფილა“.
ასევე ნახეთ
„ოცნების“ პოლიტსაბჭოში ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე შევიდნენრაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეს, კობახიძეს მის შესახებ ვრცელი განმარტება არ გაუკეთებია.
„მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან არის გასული. კითხვები ისმება ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით. მე მგონი არასწორია ამ საკითხის ზედმეტად წინ წამოწევა, როდესაც ადამიანი პოლიტიკიდან გასულია. მე ვერ ვხედავ კითხვებისთვის საფუძველს“, - თქვა კობახიძემ.
მან არ უპასუხა კითხვას, მეგობრობს თუ არა მდინარაძესთან. აღნიშნა მხოლოდ ის, რომ მასთან „პერიოდულად აქვს კომუნიკაცია“.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი მდინარაძის წინააღმდეგ რაიმე „სამართლებრივი პროცესი“ და გულისხმობდა თუ არა „ქართული ოცნების“ წევრი დიტო სამხარაძე საკუთარ პოსტში მდინარაძესაც, როდესაც პარტიაში გამოვლენილ „ვირთხებზე“ წერდა, კობახიძემ უპასუხა:
„ვინ რა ამოიკითხა, არ ვიცი. რაც შეეხება თქვენს მინიშნებას, ამას არავითარი საფუძველი არ აქვს, ეს შემიძლია გითხრათ“.
„კორუფციული გამოწვევები გადალახულია“
„ქართულმა ოცნებამ“ გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, როგორც პოლიტსაბჭოს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს“.
„პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული“, - აცხადებენ მმართველ გუნდში.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ „კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს“.
ასევე ნახეთ
მდინარაძე კერძო სექტორში - სუსის ყოფილმა უფროსმა „საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნაირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 2025 წლის ოქტომბერში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. მან დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2026 წლის აგვისტოში ღარიბაშვილს ახალი ბრალდება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღება წარუდგინეს. მანამდე ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში წერილი მიაწოდეს, რომლითაც კორუფციული დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ. მოგვიანებით ღარიბაშვილმა დააზუსტა, რომ წერილი მას მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი, 2025 წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2026 წლის აპრილში თანამდებობა დატოვა და მთავრობაში გადაინაცვლა, სადაც ჯერ სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მოგვიანებით კი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 27 აგვისტოს მდინარაძემ მინისტრის თანამდებობაც დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.