ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო არ დაიხურა

ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო სხდომას არ დასწრებია - ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს დახურულ სხდომებზე არ განიხილება - მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა პროკურორ ანი ლეკიაშვილის მოთხოვნა.

დღეს, 19 ოქტომბერს სასამართლოში წინასასამართლო სხდომა იმართება - ირაკლი ღარიბაშვილისთვის ქრთამის აღების საქმეზე. მან უარი თქვა, შეთავაზების მიუხედავად, დასწრებოდა სხდომას - „ბრალდებულის უფლებაა, დაესწროს ან უარი თქვას სხდომაზე დასწრებაზე“ - უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.

პროკურორის აცილება არ დაკმაყოფილდა

ღარიბაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, იოსებ ბარათაშვილმა პროკურორ ანი ლეკიაშვილის აცილება მოითხოვა. ლეკიაშვილმა, - რომელიც თავდაცვის ექსმინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორიც იყო, - მედიასთან გაავრცელა მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

„ჩვენ ქალბატონი ანას აცილებას იმის გამო კი არ ვითხოვთ, რომ ის იყო ბურჭულაძის საქმის პროკურორი, მან საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის არის მტკიცებულება“, - თქვა ადვოკატმა.

პროკურორი ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმეში ის საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა: მისი განმარტებით, „იმის გამო, რომ ესა თუ ის პირი სხვა საქმეში ფიგურირებს, ეს ვერ გახდება მისი აცილების საფუძველი“.

სხდომები არ დაიხურება

მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, მას პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა მიმართა და მოითხოვა ირაკლი ღარიბაშვილის სხდომის სრულად დახურვა.

„არაერთი ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსანი უნდა დაიკითხოს და შესაძლოა გაჟღერდეს საიდუმლო ინფორმაცია. სწორედ ამ პირთა ვინაობისა და გაჟღერებული ინფორმაციის დასაცავად, აუცილებელია, სხდომები სრულად დაიხუროს“, - თქვა პროკურორმა.

მას „კატეგორიულად არ დაეთანხმა“ ადვოკატი ირაკლი ბარათაშვილი. მისი თქმით, ბურჭულაძის და სხვათა პროცესები ნაწილობრივ იყო დახურული.

„რა საჭიროა დახურვა, როცა ყველა მტკიცებულება განასაიდუმლოა ბრალდების მხარემ?!. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოებაში დაიმალოს სიმართლე: ვერც მედიამ გაიგოს და ვერც საზოგადოებამ. ეს არის ინსტრუმენტი ბრალდების ხელში შენიღბოს. მე ვმონაწილეობდი „კაბელების საქმეში“ და ის სხდომებიც კი არ დაიხურა...“ - თქვა ბარათაშვილმა და ჩამოთვლა იმ მტკიცებულებების ნომრები, რომელიც ბურჭულაძის საქმის განხილვის დროს გასაჯაროვდა.

ღარიბაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა შეკითხვით მიმართა პროკურორს, „ღია იყო თუ არა ბურჭულაძისა და სხვათა საქმეები?“

„დღეს წარმოდგენილ საქმეში მხოლოდ რამდენიმე ფურცელია ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, დანარჩენი არის ბურჭულაძისა და სხვათა საქმეებიდან - რატომ უნდა იყოს ეს დახურული, თუ ისინი ღია იყო?! წინასწარ შემიძლია ვთქვა, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გადაწყვეტილება იქნება უსამართლო“.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. მისი თქმით, „ზოგადად, ტარდება ღია სხდომები, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა პროცესი იხურება სრულად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევაში, თუკი გაჟღერებული ინფორმაცია შეიძლება იყოს დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან, პერსონალურ ინფორმაციასთან და ა.შ...“ მოსამართლის განმარტებით, თუკი იქნება მსგავსი ინფორმაციის გაჟღერებაზე ეჭვი, ნაწილობრივი დახურვის შესახებ სასამართლო იმსჯელებს მხარეების მიმართვის საფუძველზე.

სხდომაზე დამსწრეები

ღარიბაშვილის სასამართლო სხდომა თბილისი საქალაქო სასამართლოს მე-14 დარბაზში იმართება. დარბაზი 40 დამსწრეზეა გათვლილი, თუმცა მხოლოდ 7 ადამიანი ესწრება:

  • ხუთი ჟურნალისტი: რადიო თავისუფლების, „პირველი არხის“, „ინტერპრესნიუსის“, TV "პირველისა“ და „იმედის“;
  • სპორტსმენი ლუკა კურტანიძე;
  • ერთი ადამიანი, რომლის ვინაობაც რადიო თავისუფლებისთვის უცნობია.

სხდომას არ ესწრებიან ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები, არც მეგობრები და თანამოაზრეები.

ღარიბაშვილი პატიმრობაშია

  • ირაკლი ღარიბაშვილი 5-წლიან პატიმრობაში იმყოფება. მან მის წინააღმდეგ წაყენებული კორუფციის ბრალი აღიარა და მასთან საპროცესო შეთანხმება 12 იანვარს გაფორმდა.
  • საპროცესო შეთანხმებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის [ფულის გათეთრება] სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა - წაყენებული ბრალით მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

ასევე ნახეთ

ღარიბაშვილი უკვე ციხეშია - 5-წლიანი პატიმრობა და ₾1 მილიონი ჯარიმა საპროცესო შეთანხმებით

24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

გამოძიებასთან თანამშრომლობის მოტივით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა: ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრა 1 მილიონი ლარის ჯარიმა.

ასევე ნახეთ

„გამოძიებასთან თანამშრომლობის“ მოტივით ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ღარიბაშვილმა ახალი ბრალის წაყენებამდე ერთი კვირით ადრე, 17 აგვისტოს საპატიმროდან წერილი გაავრცელა, რომლითაც გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ.

ასევე ნახეთ

ივანიშვილის დავალებით გამოგზავნილ წერილში კორუფციის „აღიარებას“ მთავაზობენ, ამ ჩაგვრას წინ აღვუდგები - ღარიბაშვილი
  • 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს. ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მდინარაძის პრესსამსახურში მაშინ თქვეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;
  • 27 აგვისტოს მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“.