უწყების განცხადებით, საპროცესო შეთანხმებების გაფორმების გადაწყვეტილება ბურჭულაძისა და მხეიძის „გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით“ მიიღეს.
- პროკურატურის შუამდგომლობის თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრება 1 მილიონი ლარის ჯარიმა.
- ვასილ მხეიძეს სასჯელის სახით 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება, საიდანაც 1 წელსა და 2 თვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას დაეკისრება 100 ათასი ლარის ჯარიმა.
საუბარია ეპიზოდზე, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩვენებაში განაცხადა, რომ ბიზნესმენ ზურაბ ტუკვაძისგან მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ნაღდი ფულის სახით ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.
ბურჭულაძეს ამ საქმეზე ახალი ბრალი წარუდგინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად აღებისთვის, ხოლო მის ნათესავს, ვასილ მხეიძეს, ქრთამის აღებაში დახმარებისთვის.
საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის სამ საიდუმლო შესყიდვას. პროკურატურის ვერსიით, შესყიდვებისას „ხელოვნურად შეიქმნა არაკონკურენტული გარემო“ და 11,5 მილიონი ლარის რეალური ღირებულების საქონელი თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 18,5 მილიონ ლარად შეიძინა. უწყების თანახმად, სახელმწიფოს 6,98 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.
პროკურატურის ვერსიით:
- შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა ბურჭულაძის ნათესავს, ვასილ მხეიძეს, დაახლოებით 1,9 მილიონი ლარი გადასცა;
- მხეიძემ 400 ათასი ლარი დაიტოვა, ხოლო 1,5 მილიონი ლარი ბურჭულაძეს გადასცა;
- ბურჭულაძემ მიღებული თანხიდან 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო მეორე ნახევარი, ასევე 750 ათასი ლარი, რამდენიმე ეტაპად ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.
ბურჭულაძე და მხეიძე ამავე შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდადებულები არიან. 2026 წლის აპრილში სასამართლომ ბურჭულაძეს, რომელსაც ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მხეიძეს 8 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.
„ბურჭულაძემ გამოძიებასთან ითანამშრომლა“
24 აგვისტოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის მიზნით 12 აგვისტოს მიმართა კორუფციისთვის მსჯავრდადებულმა ვასილ მხეიძემ, - ბურჭულაძის ცოლისძმამ, - და გამოძიებას „სრული ინფორმაცია“ მიაწოდა.
„ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც“, - განაცხადა მან.
ეს ბრალდება ბურჭულაძისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს უკავშირდება.
ბურჭულაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს „არავის წინააღმდეგ“ არ მიუცია ჩვენება.
- სასამართლოს თანახმად, კორუფციით მიღებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბურჭულაძეს ჩამოართვეს ქონება, მათ შორის მიწა და სახლი მალაგის პროვინციაში, ასევე სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი თბილისში, ნუშის ბაღების ქუჩაზე.
ფორუმი