შედეგები
20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქ კიევის გოლოსიივსკის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დრონი ავტოგასამართ სადგურთან ჩამოვარდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა კიევი-ოდესის ავტომაგისტრალზე, სადაც რუსული დრონით დარტყმის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ორ მსუბუქ ავტომობილს.
კიევის ოლქის ობუხოვის რაიონში სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დარტყმა იყო საწარმოო-სასაწყობე შენობაზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების მონაცემებით, ენერგოობიექტებსა და საწარმოებზე დარტყმა იყო ოდესის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ლვოვის, ვოლინის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.
ბევრ რაიონში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. დანგრეული და დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები.
უკრაინელი ქალი ქალაქ დნიპროში ნათესავების სახლთან, რომელიც რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად განადგურდა. 2026 წლის 20 ოქტომბერი
ხმელნიცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, შეპეტივის რაიონში დაზიანდა ეკლესიის ფასადი, ფანჯრები და სამრეკლო.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმსაც, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა. დამწვარია კერძო სახლები და ადმინისტრაციული შენობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ჯარების სამიზნეა სამხედრო დანიშნულების ობიექტები და არაფერს ამბობს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლსა და სახლებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების განადგურებაზე.