ალბანეთში საპროტესტო გამოსვლები ფართოვდება - რატომ საუბრობს ხელისუფლება „უცხოურ კვალზე“?

სტუდენტური პროტესტის მონაწილე ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ აქციაზე. 17 ოქტომბერი, 2026

ალბანეთში სწავლის ხარჯებისა და უნივერსიტეტებში არსებული პირობების გამო დაწყებული სტუდენტური პროტესტი პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა და სხვადასხვა თაობის უკმაყოფილება გააერთიანა - ცხოვრების სიძვირის, კორუფციისა და სისტემის წინააღმდეგ. რამა უცხოურ ჩარევაზე მიუთითებს.

ტირანელი სტუდენტის, ბლერტას უკმაყოფილების მიზეზი მხოლოდ სწავლის საფასური არ არის. მისთვის მთავარია, უზრუნველყოფს თუ არა მიღებული განათლება, ის ეკონომიკას სწავლობს, მომავალს.

„რა უნდა ქნას სტუდენტმა, რომელიც მუშაობს, მაგრამ სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს მაინც ვერ სწვდება?“ - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. - „დიპლომს ფასი არ აქვს, რადგან დამსახურებას არავინ აფასებს. სამუშაო ადგილები პოლიტიკოსების, თანამდებობის პირებისა და ოლიგარქების შვილებისთვისაა“.

ბლერტას აღშფოთება იმ პრობლემებს ასახავს, რომლებმაც სტუდენტები, პროფესორები და პენსიონერები ალბანეთში ქუჩებში გამოიყვანა. 13 ოქტომბერს სწავლის ხარჯებისა და უნივერსიტეტებში არსებული პირობების გამო დაწყებული პროტესტი მოგვიანებით პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა.

დემონსტრანტი პოლიციელების მიმართულებით გაურკვეველ საგანს ისვრის. სტუდენტების ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია, ტირანა (ალბანეთი) 2026 წლის 15 ოქტომბერი.

დემონსტრაციების დაწყებიდან ერთი კვირის თავზე განმეორებითმა შეტაკებებმა, პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ბრალდებებმა და ინტერნეტში ცრუ თუ გადაუმოწმებელი ინფორმაციის მოზღვავებამ დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა ნატოს წევრ და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში.

რამა გადადგომაზე უარს ამბობს და უცხოელ აქტორებს არეულობით სარგებლობაში ადანაშაულებს, თუმცა ამ ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერ საჯაროდ არ წარმოუდგენია.

20 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომები გატარდება. მისი თქმით, მთავრობა ასევე განიხილავს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის დაწევასა და 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას.

ამ გაფრთხილებების პარალელურად, რამამ დიალოგის შეთავაზება გაიმეორა და მისი ოფისის შენობის წინ სკამები დადო წარწერით „დიალოგი“. რამამ თქვა, რომ მზად არის, მოუსმინოს მათაც, ვინც მის გადადგომას მოითხოვს, თუმცა პოლიტიკური ცვლილებების ძალადობით თავს მოხვევა დაუშვებლად მიიჩნია.

ტირანაში, პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ, თავის ოფისთან სკამები გამოიტანა წარწერით „დიალოგი“

რადიო თავისუფლების კოსოვოს სამსახურთან საუბარში დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ცხოვრების სიძვირის, კორუფციის, პოლიტიკური ნიშნით უპირატესობის მინიჭებისა და შესაძლებლობების ნაკლებობის გამო.

„წამალი ვიყიდო თუ საჭმელი?“

სტუდენტებს შეუერთდა ტირანის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ლუშ სუსაიც. მისი თქმით, ის აპროტესტებს როგორც საკუთარი სტუდენტების, ისე იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც იძულებული გახდნენ, ალბანეთი დაეტოვებინათ.

„ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმა სამეცნიერო მაგისტრატურა წარჩინებით დაამთავრა. იცით, რას საქმიანობს? ტირანის ერთ-ერთ უბანში, კერძო საწარმოში ბურეკს [პოპულარულ ღვეზელს] აცხობს“, - თქვა მან. „ეს ჩემთვის მტკივნეულია“.

სუსაი პრობლემის მიზეზად განათლებასა და კადრების შერჩევაში პოლიტიკურ ჩარევას ასახელებს. მისი მტკიცებით, პარტიულ კავშირებს კვალიფიკაციაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

პენსიონერ სიურია ჯანისთვის, ალბანეთის ეროვნული ცირკის დასის ყოფილი წევრისთვის, პროტესტი გარიყულობის მსგავს განცდას გამოხატავს.

„ხელისუფლებაში მყოფნი ზღაპრულ სიმდიდრეს აგროვებენ, მოქალაქეები კი როგორ გადაირჩინონ თავი, იმის გამოთვლაში არიან“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. - „ამდენი წელი ვიმუშავე და რა პენსიას ვიღებ? არჩევანის გაკეთება მიწევს წამალი ვიყიდო თუ საჭმელი“.

ალბანელი პენსიონერი საპროტესტო აქციაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2025 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში ალბანეთმა 100 შესაძლო ქულიდან 39 მიიღო. ინდექსი საჯარო სექტორში კორუფციის აღქმას ზომავს: რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო უარესია შეფასება.

ალბანეთის სტატისტიკის სააგენტო INSTAT-ის მონაცემებით, 2025 წელს 15–24 წლის ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა 21,5 პროცენტს შეადგენდა, მაშინ როდესაც ქვეყნის საერთო მაჩვენებელი 8,4 პროცენტი იყო. მოსახლეობის დაახლოებით 19 პროცენტი სიღარიბის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. საშუალოდ 3,1 წევრისგან შემდგარი ოჯახის ყოველთვიურმა სამომხმარებლო ხარჯებმა დაახლოებით 1 047 ევროს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 2,3 პროცენტით მეტია.

ალბანეთში საზოგადოებრივი უკმაყოფილება სტუდენტურ დემონსტრაციებამდეც არსებობდა. მანამდე გამართული აქციების მონაწილეები ეწინააღმდეგებოდნენ ზვერნეცის სანაპირო ზონაში დაგეგმილ სადავო ტურისტულ პროექტს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს უკავშირდება. კრიტიკოსები ამ პროექტს საზოგადოებრივ სიკეთეზე კერძო ინტერესების უპირატესობის კიდევ ერთ მაგალითად მიიჩნევდნენ.

ამჟამინდელ მოძრაობას ერთიანი პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ ჰყავს. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული ზოგიერთი მონაწილე დროებითი მთავრობის შექმნასა და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდა. უკმაყოფილება კი ხელისუფლებასთან ერთად ტრადიციულ ოპოზიციაზეც ვრცელდება.

ძალადობა და კითხვები პოლიციის მოქმედებებზე

19 ოქტომბერს, პროტესტის მეშვიდე დღეს, პოლიციამ ტირანის ცენტრის სხვადასხვა ნაწილში დემონსტრანტები რამდენჯერმე დაშალა ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით.

პოლიციელი იარაღს უმიზნებს ტირანაში (ალბანეთი) სტუდენტების საპროტესტო აქციას. 2026 წლის 18 ოქტომბერი.

დემონსტრანტებმა სააპელაციო სასამართლოს შენობა დააზიანეს. იმავე საღამოს ახალი შეტაკებები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოხდა. სტუდენტებმა და უფროსკლასელებმა სასწავლო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს და მსვლელობები რამდენიმე სხვა ქალაქშიც გამართეს.

წინა ერთი კვირის განმავლობაში დემონსტრანტების ნაწილმა ცეცხლი წაუკიდა საჯარო შენობებს, დააზიანა ბიზნესობიექტები და გაძარცვა მაღაზიები. პოლიციელებს ქვებით, პიროტექნიკითა და „მოლოტოვის კოქტეილებით“ უტევდნენ.

ალბანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 13 ოქტომბერს დაწყებული პროტესტის განმავლობაში სულ 310 ადამიანი დაშავდა: 191 პოლიციელი, 88 დემონსტრანტი და 31 გამვლელი. პოლიციის ცნობით, აქციებთან დაკავშირებით ასობით ადამიანი დააკავეს ან მათ მიმართ სისხლის სამართლის წარმოება დაიწყეს.

ძალადობას თან ახლდა ბრალდებები პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ. პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა, შაბათ-კვირას კი ოპერაციაში სპეციალური დანაყოფი RENEA ჩართო. დისციპლინური მოკვლევის დასრულებამდე შვიდ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა. ალბანეთის სახალხო დამცველმა დაიწყო შესწავლა, იყო თუ არა პოლიციის მოქმედებები აუცილებელი და პროპორციული.

სუსაის მტკიცებით, პოლიციელები დაედევნნენ სტუდენტებს, რომლებიც ცრემლსადენმა გაზმა გვერდით ქუჩაზე გადასვლა აიძულა.

„პოლიცია მათ საცემად მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ მიწაზე იწვნენ“, - თქვა მან. - „როცა დამინახეს, მიცნეს და წავიდნენ“.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაცდომებს რეაგირება მოჰყვება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანისა რუსეტიმ თქვა, რომ პოლიციის ოპერაციები კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს უნდა ემყარებოდეს.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილე ცეცხლმოკიდებული ნაგვის ურნების ფონზე. ტირანა, 17 ოქტომბერი.

რამა კი ერთმანეთისგან მიჯნავს სტუდენტებს, რომლებსაც საფუძვლიანი პრეტენზიები აქვთ, და ნიღბიან ჯგუფებს, რომლებსაც პოლიციაზე, სახელმწიფო დაწესებულებებსა და ბიზნესობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

„ეს განათლების საკითხებზე ამბოხი არ არის“, - განაცხადა მან 19 ოქტომბერს.

ბრალდებები უცხოური ჩარევის შესახებ

რამა ასევე ცდილობს, არეულობა გარე ჩარევის საფრთხეს დაუკავშიროს.

18 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ ორი დღით ადრე ხელისუფლებამ გააუვნებლა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის ოფისი იყო. მან მომხდარი „უცხოურ ხელს“ მიაწერა, თუმცა არც სავარაუდო პასუხისმგებელი პირები დაუსახელებია და არც მტკიცებულებები წარმოუდგენია.

რადიო თავისუფლებამ ამ განცხადების შესახებ კითხვებით პოლიციასა და პროკურატურას მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ცალკე განცხადებაში რამამ ირანი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსი ნაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის პოსტზე სოციალურ ქსელში, რომელშიც დუგინი ალბანელებს „ძალიან საინტერესო და მამაც ხალხად“ მოიხსენიებდა და წერდა, რომ ისინი „იღვიძებდნენ“.

რამას საჯაროდ არ წარმოუდგენია გადამოწმებადი მტკიცებულებები, რომლებიც საპროტესტო აქციების ორგანიზებაში უცხოურ მონაწილეობას დაადასტურებდა.

ალბანელი პოლიციელები საპროტესტო აქციის დროს. ტირანა, 19 ოქტომბერი, 2026 წ

ამ ბრალდებების ფონზე თავად დემონსტრაციების შესახებაც ფართოდ ვრცელდება ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაცია.

ალბანური ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის, Faktoje.al-ის მთავარი რედაქტორის, ნევილა ჯატას თქმით, ცნობები დემონსტრანტების დაღუპვისა და ახალგაზრდების კომაში ყოფნის შესახებ არც საავადმყოფოებს, არც ჯანდაცვის უწყებებს და არც პლატფორმის მიერ ინფორმაციის გადამოწმებას არ დაუდასტურებია.

Faktoje-ს თანახმად, ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი გამოსახულება, რომელსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ უცხოელი პოლიციელების გამოყენების მტკიცებულებად ავრცელებდნენ. ალბანეთის პოლიციამ უცხოელი თანამშრომლების ჩართვა უარყო.

თუმცა ჯატამ ხაზი გაუსვა, რომ ცრუ ცნობების პარალელურად ვრცელდებოდა ვიდეოზე აღბეჭდილი პოლიციური ძალადობის მძიმე ეპიზოდებიც.

მისი თქმით, Faktoje-მ გამოავლინა წყაროები, რომლებიც დაუსაბუთებელ ცნობებს ავრცელებდნენ, თუმცა ვერ დაადგინა, რომ ისინი კოორდინირებული ოპერაციის ნაწილები იყვნენ.

„კოორდინაციის ან ერთი ავტორის არსებობის მტკიცებულება არ გვაქვს“, - თქვა მან.

გაგრძელდება თუ არა საპროტესტო ზეწოლა?

ევროკავშირმა დაგმო ძალადობა და ქონების განადგურება. ამავე დროს, მან პოლიციას პროპორციული მოქმედებისკენ მოუწოდა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ბრალდებების გამოძიება მოითხოვა. აშშ-ის საელჩომ თავშეკავებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციებისკენ მოუწოდა.

შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის კონგრესის ზოგიერთმა წევრმაც. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მთავრობას მოუწოდა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობისგან თავი შეეკავებინა. მისი თქმით, ალბანელები იმსახურებენ „თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“. კიდევ ერთმა რესპუბლიკელმა, კით სელფმა, ალბანეთის ლიდერებს მოუწოდა, უპასუხონ ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის მოთხოვნებს.

საპროტეტო აქციის მონაწილეები. ტირანა, 13 ოქტომბერი, 2026

რამა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდანაა და 2025 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მეოთხე ვადას ასრულებს, აცხადებს, რომ ძალადობრივმა არეულობამ შესაძლოა ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს ზიანი მიაყენოს. მისი მთავრობის მიზანია, ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის გახდეს.

ანალიტიკოს რედიონ ჩირიაზის, ალბანეთში ფონდ „მერი უორდ ლორეტოს“ აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, დემონსტრაციები განათლების სფეროს მიღმა არსებულ უკმაყოფილებაზეც მიუთითებს.

მისი თქმით, გადაიქცევა თუ არა პროტესტი ხელისუფლებისთვის ხანგრძლივ პოლიტიკურ გამოწვევად, დამოკიდებულია მოძრაობის უნარზე, გააფართოოს მხარდაჭერა და აღშფოთება კონკრეტულ მოთხოვნებად აქციოს.

„თუ აქციები შეძლებს სხვა სოციალური ჯგუფების მობილიზებას, ინტენსივობის შენარჩუნებასა და კონკრეტული მოთხოვნების ჩამოყალიბებას, მათ შეუძლიათ, მთავრობაზე სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა შექმნან“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ტირანელი სტუდენტისთვის, ბლერტასთვის, პროტესტის გაგრძელების მიზეზი უფრო უშუალოა.

„სხვა გზა არ გვაქვს“, - თქვა მან. - „სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს“.

მომზადებულია რადიო თავისუფლების კოსოვოს სამსახურის მასალებზე დაყრდნობით, მათ შორის - ტირანაში ჯეტმირა დელია-კაჩის მიერ ჩაწერილი ინტერვიუებისა და ვალონა ტელასა და გენტიანა პაჩარიზის რეპორტაჟების საფუძველზე.

ასევე ნახეთ

ალბანეთში შეტაკებები მოხდა ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის