„ალბათ დრო არ ეყოთ“ - მასწავლებლები გეოგრაფიის ახალ სახელმძღვანელოებს აფასებენ

საილუსტრაციო ფოტო

ახალი სასწავლო წელი მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყეს. იმის გამო, რომ წიგნები ზედ სწავლის დაწყებისას გამოაქვეყნეს, შინაარსს პედაგოგები სასწავლო პროცესის პარალელურად ეცნობიან. რადიო თავისუფლება მასწავლებლებს დაელაპარაკა და იკითხა, რა შეიცვალა წიგნებში.   

გეოგრაფიის სახელმძღვანელოები, რომლებიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იწერებოდა - ორნაწილიანია. მე-7 კლასის პირველი ნაწილი კონტინენტებს ეთმობა, მეათის - გლობალურ დემოგრაფიულ და ურბანულ პროცესებს, ასევე კლიმატის ცვლილებას.

დაბეჭდილია სახელმძღვანელოების მხოლოდ პირველი ნაწილები, მეორეზე განათლების სამინისტრო ისევ მუშაობს. საჯარო სკოლებში მასწავლებლებს სახელმძღვანელოს არჩევა არ შეუძლიათ და აუცილებლად ამ ახალი წიგნებით უნდა ასწავლონ.

მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოს ავტორები არიან: ეთერ ნებიერიძე, ზურაბ ლაოშვილი, მეათე კლასის: ნინო გულმაგარაშვილი, ზურაბ ლაოშვილი და ნანა წიწუაშვილი.

„ალბათ ავტორებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო და რესურსები. ილუსტრაცია ძალიან მნიშვნელოვანია [გეოგრაფიის] სახელმძღვანელოსთვის, ამ შემთხვევაში კი ილუსტრატორების შრომა უგულებელყოფილია. ბევრია ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები, რომელიც მოსწავლეებს სტერეოტიპული აზროვნებისკენ უბიძგებს. ვერ ვიტყვით, რომ ეს სახელმძღვანელოები რაიმეთი სჯობს ძველებს“, - ამბობს პროფესორი მანანა რატიანი.

ილიას უნივერსიტეტის ლექტორი, გეოგრაფი მანანა რატიანი ამბობს, რომ ახალ სახელმძღვანელოს ბევრი ნაკლი აქვს, მაგალითად, მე-10 კლასის წიგნში ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას მხოლოდ ორი გვერდი ეთმობა. არადა, მდგრადი განვითარება, ეკონომიკური გეოგრაფიის ერთ-ერთი საფუძველია.

ასევე ნახეთ

რა წერია ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში?

თინათინი, გეოგრაფიის მასწავლებელია, ის თბილისის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასს ასწავლის. პედაგოგი ჰყვება, რომ მისი მოწაფეები ახალ წიგნში უზარმაზარმა პარაგრაფებმა დააბნია.

სარჩევიდანაც ჩანს, რომ, მაგალითად, წერტილის გეოგრაფიულ მისამართს (კოორდინატებს) 8, აფრიკის რუკებს კი 10 გვერდი ეთმობა.

„ძალიან დიდი გაკვეთილებია, ნაწილ-ნაწილ ვაძლევ ბავშვებს. გაკვეთილები ასაკის შესაბამისი უნდა იყოს, უფრო მოკლე და მარტივ ენაზე დაწერილი. არც ერთია, არც მეორე. ბევრი რამე გაუგებარია, ბევრი ზედმეტი ინფორმაციაა“, - გვეუბნება თინათინი. გვარის დასახელებისგან მან თავი შეიკავა.

აქცია განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 7 თებერვალი, 2026 წელი.

ნესტან ხორხომელიძე დუშეთში, სოფელ შუაფხოს სკოლაში მეათე კლასს ასწავლის. კლასი აქ ხმამაღალი ნათქვამია, მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს.

„დიდად ვერც შინაარსობრივი მხარე უძლებს კრიტიკას და არც ვიზუალური ნაწილი ვარგა. წინა სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით, საკლასო აქტივობები მწირია. ძალიან ბევრი ტერმინია, თან კონტექსტიდან ამოვარდნილი“, - ამბობს ნესტან ხორხომელიძე.

ქეთევან მერებაშვილი, რომელიც კერძო სკოლაში მუშაობს, წლების განმავლობაში „სულაკაურის“ სახელმძღვანელოთი ასწავლიდა და გადაწყვიტა ეს წიგნი, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო, წელსაც გამოიყენოს. კერძო სკოლებს ამის ფუფუნება აქვთ. ძირითადი სახელმძღვანელო აუცილებლად სახელმწიფოს გრიფირებული წიგნი უნდა იყოს.

„ახალ, გრიფირებულ სახელმძღვანელოსაც ცალსახად არ შევაფასებ. სახელმძღვანელოს გამოცდასაც დრო უნდა“, - ამბობს ქეთევანი.

ასევე ნახეთ

განათლების რეფორმა ილიას უნივერსიტეტს "ფაქტობრივად ხურავს” - ეს თუ ასეა, რა ბედი ეწევა შენობებს?

საგნის ექსპერტი მეგი ტალახაძე, რომელიც ამ სახელმძღვანელოების შექმნას უწევდა კოორდინაციას ამბობს, რომ წიგნების კონცეფცია ექსპერტებთან და მასწავლებლებთან ერთად განიხილეს და ის სტანდარტს მოარგეს.

„ავტორები ამოვიდნენ სავალდებულო თემებიდან, მეშვიდე კლასში ეს იყო კონტინენტები. კონტინენტებთან მიმართებით დამუშავდა დანარჩენი ინფორმაცია, იქნებოდა ეს ტერმინები თუ სხვა. მიდგომა ეფუძნება კონსტრუქტივიზმს - კონკრეტული მაგალითიდან განზოგადებისკენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი, რაც შეეხება ილუსტრაციებს, - „ყველასთვის გასაგები იყო ის პერიოდი, რა პერიოდშიც უნდა ემუშავათ ავტორებს. ყველაზე დიდი კომპანიებიც კი იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს“.

მეგი ტალახაძე ამბობს, რომ სახელმძღვანელოების მეორე ნაწილზე მუშაობა უკვე დასასრულს უახლოვდება. ამ პროცესში სამეცნიერო რეცენზენტებთან ერთად ფსიქოლოგთა ჯგუფია ჩართული.

„სათითაოდ გადიან ტექსტებს, რომ ასაკს შეესაბამებოდეს“, - გვეუბნება ექსპერტი.

განათლების რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება სკოლებში „ერთი საგანი - ერთი სახელმძღვანელოს“ დანერგვა იყო 2025 წელს დაიწყო. ამავე რეფორმის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა უმაღლესი განათლების სტრუქტურა და ასევე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა სასკოლო განათლების საფეხურზეც.