ვინ მონაწილეობს პროცესში, რომელზეც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე მსჯელობენ

ოპოზიციისთვის ეს სასამართლო განხილვა მიმართულია დემოკრატიის წინააღმდეგ. განხილვის პარალელურად ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქცია იმართება.

საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ 21 ოქტომბერს დაიწყო.

სარჩელის ავტორების პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნებიდან” არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი დაიცავენ.

ნიკა გვარამია, თენგო თევზაძე, მაია კოპალეიშვილი, მარიკა არევაძე და გიგა ლემონჯავა წარმოადგენენ სასამართლოში “კოალიციას ცვლილებებისთვის”, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა და რომელიც სამ პარტიას: "ახალს", "დროასა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" აერთიანებდა. ამ ეტაპზე სარჩელი არ ითხოვს კოალიციაში შემავალი პარტიების აკრძალვას, მოთხოვნა კოალიციის აკრძალვაა, თუმცა სარჩელში მითითებულია, რომ თუკი ცალკეული პარტიები, მათ შორის კოალიციაში შემავალი პარტიებიც, გაძლიერდებიან და მხარდამჭერთა რაოდენობას გაზრდიან, მათი ცალ-ცალკე აკრძალვაც დადგება დღის წესრიგში. კოალიციის ორი ლიდერი, ნიკა მელია და ელენე ხოშტარია, პროცესს ციხეში ადევნებენ თვალს - მელია იმ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მოხვდა ციხეში, რომლის დასკვნაც საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი საფუძველია, ელენე ხოშტარია კი ორწლიან სასჯელს იხდის თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ფასადზე გამოკრულ ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის “რუსული ოცნება".

ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი კუპრაძე, გიორგი სიორიძე და თორნიკე ართქმელაძე წარმოადგენენ "ლელო - ძლიერ საქართველოს", ორ ადვოკატთან, კახი სამხარაძესა და მიხეილ შარაშიძესთან ერთად.

ბერდია სიჭინავა, ირაკლი ქსოვრელი და ანა ბუჩუკური წარმოადგენენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას, “გახარია საქართველოსთვის". ეს პარტია ითხოვს, მათი შემთხვევა საკონსტიტუციომ დამოუკიდებლად განიხილოს და არა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, პროცესში მონაწილეობის საშუალება მიეცეს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პატიმარ მიხეილ სააკაშვილს. ამ შუამდგომლობის განხილვამდე, სასამართლო სხდომას ესწრებიან ანი წითლიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟანიშვილი, ალიკა კუპრავა, ირაკლი ფავლენიშვილი, ზაზა ბიბილაშვილი.

ანა წითლიძემ სხდომის დაწყებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შემადგენლობის აცილება მოითხოვა - სასამართლო მას აფრთხილებს, არ ახსენოს თავის სიტყვაში "სასამართლო კლანი" და თუკი ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, დარბაზის დატოვება მოუწევს.

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვას არ ესწრებიან პარტია “ფედერალისტების” წარმომადგენლები - ისინი თვლიან, რომ ამ პროცესში მონაწილეობა აზრს მოკლებულია.

ასევე ნახეთ

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც 5 პარტიის აკრძალვას განიხილავენ