საკონსტიტუციოს დარბაზიდან გააძევეს ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე. იმის მიუხედავად, რომ ცუცქირიძე ამ საქმეში მხარე არ არის, ის სხდომას ესწრებოდა.

„გთხოვთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა და გამოიყენოთ“, - მიმართა ცუცქირიძემ მოსამართლეებს სხდომის გახსნამდე.

„ჯერ სხდომა არ დაწყებულა... გაიყვანეთ“, - თქვა რევაზ ნადარაიამ.

„ვიღაცის მომავალი დაწერილია და თქვენი ჯერ არა“, - თქვა ლევან ცუცქირიძემ დარბაზიდან გაყვანის დროს.

დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა.

ასევე ნახეთ

ვინ მონაწილეობს პროცესში, რომელზეც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე მსჯელობენ

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ასევე ნახეთ

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც 5 პარტიის აკრძალვას განიხილავენ