შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა - საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვაზე პირველი სხდომა ჩატარდა

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს, 19:00 საათზე დასრულდა 5 ოპოზიციური პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“, “ფედერალისტები“) აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელზე შუამდგომლობების განხილვა. 

მოწმეების დაბარება

პატიმრობაში მყოფი თანაგუნდელების, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის მოწმის სახით გამოძახება მოითხოვა ამავე პარტიის ლიდერმა ანა წითლიძემ, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელის წარმომადგენელია. მისი არგუმენტები განავრცო იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა:

„მთელი კონსტიტუციური სარჩელი ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც ქალბატონმა [თეა] წულუკიანმა გამოიძახა პარლამენტში [დროებითი კომისიის სხდომაზე] - იქ ჰქონდათ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი, როცა მოწმეს უჭირდა, ქალბატონი წულუკიანი აწვდიდა აზრებს ან აძლევდა მიმართულებას. ზოგი ირიბი მოწმე იყო, საერთოდ არ იყო იმ ადგილზე, არ იყო ინფორმირებული - მაგრამ ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა საკონსტიტუციო სარჩელი...

[„ნაციონალური მოძრაობის“] ამ ხუთ წარმომადგენელს არ გააჩნია პირველადი ცოდნა ფაქტებთან დაკავშირებით, ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით - ეს ცოდნა გააჩნია მიხეილს სააკაშვილს.

თუ სასამართლოს სურს, უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მინიმუმ 139 მოწმის საპირწონედ 1 ან 2 მოწმის გამოკითხვის საშუალება უნდა მისცეს მხარეს“, - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

ასევე ნახეთ

მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით საქმის განხილვის დასრულებამდე სხდომათა დარბაზიდან გააძევეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის მოწმედ გამოძახებას მოითხოვდა.

„ვინაიდან ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიმღები არის ერთი ადამიანი და ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს დაახლოება [რუსეთთან], ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, დაიკითხონ შემდეგი ადამიანები: პირველად - ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს“, - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ის რამდენიმე წუთში „პოლიტიკური განცხადებების“ გაკეთების საბაბით გააძევეს.

ასევე ნახეთ

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

„ნაციონალური მოძრაობა“, ივანიშვილის გარდა, ითხოვდა მინისტრების, გივი მიქანაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ზურაბ პატარაძის, დავით სონღულაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, გეკა გელაძის დაბარებას იმ მოტივით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს მუშაობდნენ სხვადასხვა პოსტზე.

„აქ ხო სისტემურ დანაშაულებზეა საუბარი, რაც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა... აი ეს ადამიანები მაგ დროს მუშაობდნენ სისტემაში. თუ სისტემური დანაშაულებისთვის უნდა აგვკრძალოთ და მიიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაშინ საინტერესოა, ამ ადამიანებმა გვიპასუხონ - მართლა სისტემური იყო თუ არა დანაშაული“, - თქვა ანა წითლიძემ.

მოსამართლეთა კოლეგიამ არცერთი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

წულუკიანის კომისიის კონსტიტუციურობა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ამბობს, რომ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის დასკვნაც ხუთი პარტიის გასაუქმებლად სასამართლოში წარდგენილი სარჩელის საფუძველია, კონსტიტუციის უგულებელყოფით იყო შექმნილი, მის მიერ შექმნილი დასკვნა კი სასამართლოსთვის უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებაა.

მისი თქმით, სარჩელის 95% ამ კომისიის დასკვნას ემყარება მაშინ, როცა ის კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა:

„მოხდა ისე, რომ დასკვნა მიღებული იქნა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, ის კონსტიტუციის შეუსაბამო კი არა, ანტიკონსტიტუციურია - კონსტიტუცია არის უგულებელყოფილი და უმცირესობის ინსტიტუტი ქცეულია ანტიკონსტიტუციურად, მის წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად“, - თქვა გვარამიამ და დასძინა, რომ კომისიის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუკი წევრთა ნახევარი იქნებოდა ოპოზიციით დაკომპლექტებული, „თუკი ეს რაიმე მიზეზით ვერ სრულდება, კომისია ვერ იქმნება“.

„ქართული ოცნების“ ლიდერი, არჩილ გორდულაძე ამტკიცებდა, რომ დროებითი კომისია კანონმდებლობის დაცვით შეიქმნა, რადგან პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს მასში ჩართვა შეეძლო.

„მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს დასკვნაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით და არა დასკვნის შინაარსთან, რომელიც მთლიანად ამ ფაქტებს მოიცავს“, - თქვა არჩილ გორდულაძემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა.

რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა სიიდან არ ამოირიცხება.

სხვა მოთხოვნები

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ თქვა, რომ მათაც მსგავსი შუამდგომლობა აქვთ, დასაშვებად არ ცნონ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა:

„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ მოითხოვა, რომ საქმე განიხილებოდეს „ერთი პოლიტიკური პარტია - ერთი პროცესი“.

დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა. სხდომები დაგეგმილია მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც, 22 და 23 ოქტომბერს.

კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს ცხრა თვე აქვს. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანის ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.

ასევე ნახეთ

ვინ მონაწილეობს პროცესში, რომელზეც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვაზე მსჯელობენ

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ასევე ნახეთ

"კლანი და ასეთი ტერმინები[...], ამას სასამართლო არ მიიღებს" - მოსამართლე ნადარაია ანა წითლიძეს