უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი რუსი ე.წ. Z-ბლოგერების თანახმად, 21 ოქტომბერს რუსეთის არმიამ კიდევ ერთი გამანადგურებელი დაკარგა.
თავდაცვის სამინისტროს ვერსია
გამანადგურებელი სუ-30, რომელმაც კატასტროფა კალინინგრადის ოლქში განიცადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „გეგმურ სასწავლო-საწვრთნელ ფრენას“ ასრულებდა.
ოფიციალური ცნობის მიხედვით, გამანადგურებელი დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდა, ეკიპაჟის ორივე წევრმა კატაპულტირება მოასწრო და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
რუსული ტელეგრამ-არხის, Mash-ის წყაროთა ცნობით, პილოტებმა საშუალო სიმძიმის ტრავმები მიიღეს და სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან.
კიდევ ერთი სუ-30?
უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერმა რუსმა ე.წ. სამხედრო ბლოგერმა კირილ ფიოდოროვმა 21 ოქტომბერს საღამოს თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა სუ-30 ტიპის გამანადგურებლის ფოტო და მოკლე ტექსტი, რომლის მიხედვითაც, ამ დღეს რუსეთმა მეორე თვითმფრინავიც დაკარგა.
იგივე დაწერა ომის მხარდამჭერმა ტელეგრამ-არხმა Fighterbomber-მაც. დეტალები არცერთ მათგანს არ დაუკონკრეტებია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეორე გამანადგურებლის კატასტროფის შესახებ არაფერი უთქვამს.
სხვა „არასაბრძოლო" ინციდენტები 2026 წელს
2026 წლის 29 სექტემბერს რუსეთის ამურის ოლქში ჩამოვარდა სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-95მს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიღუპა ექვსი და დაშავდა ერთი ადამიანი. კატასტროფის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს. მოგვიანებით გამოცემა „მედიაზონამ“ დაადგინა ეკიპაჟის რვა დაღუპული წევრის ვინაობა.
23 ივლისს მოსკოვის მახლობლად, სასწავლო ფრენისას ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი, რომლის პილოტმაც კატაპულტირება მოასწრო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავის მოდელი არ დაუსახელებია. გამოცემა „კომერსანტის“ წყაროთა თანახმად, ეს იყო უახლესი რუსული გამანადგურებელი სუ-57.
15 ივნისს ირკუტსკის ოლქში „სასწავლო-საწვრთნელი ფრენისას" კატასტროფა განიცადა ბომბდამშენმა ტუ-22მ3. მიზეზად ძრავის გაუმართაობა დასახელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეკიპაჟმა კატაპულტირება შეძლო.
2026 წლის გაზაფხულზე ორი შემთხვევა იყო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. 3 აპრილს ჩამოვარდა გამანადგურებელი სუ-30, რომელიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „გეგმურ სასწავლო ფრენას“ ასრულებდა. პილოტებმა კატაპულტირება შეძლეს. კატასტროფის მიზეზი სამინისტროს არ დაუსახელებია.
31 მარტს ყირიმში კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ან-26. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომლის თანახმადაც დაიღუპა ბორტზე მყოფი 29-ვე ადამიანი, კატასტროფის წინასწარ მიზეზად დაასახელა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა.