გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 22 ოქტომბერს, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სხდომა შუამდგომლობების განხილვით განახლდა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ, დააყენა რამდენიმე შუამდგომლობა, რომელთა მთავარი არსია, დადგინდეს, ემთხვევა თუ არა მთავრობის პოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვაინტერესებს ომის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოზიცია და [დროებითი საგამოძიებო კომისიის] დასკვნის პოზიცია - ეს ერთმანეთს უნდა შევადაროთ. იმიტომ, რომ მკაფიოა განსხვავებები“, - თქვა ნიკა გვარამიამ და მოითხოვა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების გარემოებების შესახებ საერთაშორისო სასამართლოებისთვის გადაცემული დოკუმენტების ასლების გადაცემა.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ, თქვა, რომ არ იციან, 2008 წლის ომის დაწყებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხზე ისინიც არიან თუ არა მოპასუხე მხარე:

„ჩვენი მხარისთვის არის გაურკვეველი, ის საკითხები, რომელზეც ბატონი ნიკა გვარამია საუბრობდა, მიგვემართება თუ არა. ამ წუთამდეც არ ვიცით, მაგალითად, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ამ ნაწილში ვართ თუ არა მოპასუხე - ეს არ წერია სარჩელში, არ წერია საოქმო ჩანაწერში“.

„2008 წლის ომი არის ეროვნული ინტერესების საკითხი“

ოპოზიციაში გადასული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანაგუნდელი, ბერდია სიჭინავა, ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს ეროვნული ინტერესებისთვის დამაზიანებელი.

„ჩვენც დაახლოებით ანალოგიური პოზიცია გვაქვს, 2008 წლის ომთან მიმართებით, ფაქტობრივად, მკითხაობა გვიწევს, რა მოგვემართება და რა - არა. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ 2008 წლის ომი არის ეროვნული ინტერესების საკითხი, სადაც საერთაშორისო სამართლის დონეზე დადასტურებულია რუსეთის, როგორც აგრესორის როლი.

საგამოძიებო კომისიამ თავისი დასკვნით, ფაქტობრივად, რუსეთის, როგორც აგრესორის, როლი გაათანაბრა საქართველოს ხელისუფლების, არ აქვს მნიშვნელობა, მოსაწონი ხელისუფლება იყო, დამნაშავე იყო რაღაც საკითხებში თუ არა, ეს იყო საერთო ეროვნული საკითხი...“ - ამბობს ბერდია სიჭინავა, პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში.

რა პასუხი აქვს „ქართულ ოცნებას“?

საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველ პარტიას წარმოადგენს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, თენგიზ შარმანაშვილი, რომელმაც წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით თქვა:

„მტკიცებულებად დავურთეთ ის, რაც წარმოვადგინეთ - ეს არის ჩვენი ტვირთი და ჩვენ ეს წარმოვადგინეთ. თქვენ შეგიძლიათ საპირისპირო რამ თქვათ - ახლა სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომელი მტკიცებულება არის გასაზიარებელი და რომელი არ შეიძლება იყოს“.

სასამართლოს გადაწყვეტილება

ამ საკითხის გადასაწყვეტად 7-კაციანი პლენუმი სათათბიროდ გავიდა. უკან დაბრუნების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, განაცხადა, რომ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მისი თქმით, თუკი საჭირო გახდება, საქმის განხილვის დროს თავად გამოითხოვს მტკიცებულებებს.

ნიკა გვარამია: „თქვენ რომ ჩათვალოთ, რომ რელევანტურია, რაც დასკვნაში წერია, ისე, რომ მე ამაში არ ვმონაწილეობ საერთოდ... ორი მხარეა მარტო აქ? - მე არ ვმონაწილეობ ამ პროცესში?!. ამას რა ჰქვია ახლა? - განსხვავებული აზრი მაინც დაგეწერათ“.

რევაზ ნადარაია: „სრულიად გასაგებია, თუ არ მოგწონთ გადაწყვეტილება“.


ასევე ნახეთ

შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა - საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვაზე პირველი სხდომა ჩატარდა

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.

გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენი ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს. დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.

ასევე ნახეთ

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც 5 პარტიის აკრძალვას განიხილავენ

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც მისი თვითაცილება მისმა კოლეგებმა არ დააკმაყოფილეს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.