23 ოქტომბერს დილით უკრაინის კერძო ენერკომპანია ДТЕК-მა განაცხადა, რომ დარტყმა იყო კომპანიის ერთ-ერთ თბოელექტროსადგურზე, რომლის დანადგარები მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. სადგურმა ელექტროენერგიის წარმოება შეწყვიტა.
კომპანიას არ დაუკონკრეტებია, სად მდებარეობს ეს ელექტროსადგური და რომელ რაიონებს ამარაგებდა.
ДТЕК-ის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგოს" მითითებით, კიევში და კიევის ოლქში აამოქმედა ელექტროენერგიის გათიშვის საგანგებო რეჟიმი. ეს ნიშნავს, რომ ენერგომომარაგების გრაფიკი დროებით ვერ იმოქმედებს.
უკრაინის ერთ-ერთი რეგიონი, სადაც ენერგოობიექტებზე შეტევა იყო, ჟიტომირის ოლქია. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ვიტალი ბუჩენკოს ტელეგრამ-არხზე 23 ოქტომბერს დილით გამოქვეყნებული ცნობით, ენერგომომარაგების გარეშე დარჩა რეგიონის 900-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე შეტევით გამოწვეული ხანძრები იყო ოდესის და როვნოს ოლქებშიც.
ასევე ნახეთ
მომავალი სასტიკი ზამთარი: რუსეთის გაძლიერებული საჰაერო დარტყმების ფონზე უკრაინელები რთული დროისთვის ემზადებიან- რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო და დღემდე ინტენსიურად განაგრძობს, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ.
- უკრაინაში მოქმედებს ენერგომომარაგების გრაფიკი, რომელსაც სახელმწიფო ენერგოკომპანია ხშირად ვერ იცავს სისტემაში მწვავე პრობლემების გამო.
- უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
- თავის მხრივ, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ გამოაცხადა ელექტროსადგურები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ტერმინალები.
- რუსეთი უკრაინის ამ შეტევებს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო უკრაინა - თავდაცვის უფლების რეალიზაციას.
ასევე ნახეთ
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 76 იერიში მიიტანარკინიგზა და სხვა ობიექტები
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა რკინიგზის ინფრასტრუქტურას დაარტყეს პოლტავის ოლქში. მსხვერპლი არ არის.
ოდესის ოლქში განადგურებულია ოთხი უმოქმედო დასასვენებელი ბაზა.
ორი ადამიანი დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ დნიპროს რაიონში, სადაც ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმა იყო საწარმოზე. კონკრეტული საწარმო ადმინისტრაციას არ დაუსახელებია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 23 ოქტომბერს დილით გავრცელებულ ცნობაში, სამიზნეებს შორის დასახელებული არ არის არცერთი ენერგოობიექტი.
ამ ცნობის მიხედვით, ღამის განმავლობაში დრონებით დაარტყეს რკინიგზის ვაგონების დეპოს „პოლტავა“, რომელსაც სამხედრო დანიშნულებით იყენებდნენ, ამავე დანიშნულებით გამოყენებულ ობიექტებს ოდესის ოლქის პორტ ვილკოვოში და გემს, რომელსაც ოდესის პორტისკენ მიჰქონდა უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი ტვირთი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.