პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო საქმის განხილვა 26 ოქტომბერს გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმში ამჯერად 7 მოსამართლეა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა მოსამზადებელი ეტაპი ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ შეტანილ საქმეზე ხუთი ოპოზიციური პარტიის შესახებ. 26 ოქტომბერს საკითხის არსებითად განხილვა იწყება.

„ვიმუშაოთ ის კვირა. ამ სამმა დღემ აჩვენა, რომ საკმაოდ მუშაობა გვიწევს. იმ კვირას თუ არ მოვრჩით, იმის შემდეგი კვირა ვიმუშაოთ“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.

დღეს, 23 ოქტომბერს, სასამართლოში შუამდგომლობები დააყენა ოპოზიციურმა პარტიამ „გახარია-საქართველოსთვის“. ორივე განხილული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა ამბობდა, რომ სასამართლოს რეგლამენტით, პასუხის მოსამზადებლად მათ 1-თვიანი ვადა უნდა მიეცეთ.

„მოპასუხე მხარე ვალდებულია, წარმოადგინოს წერილობითი შესაგებელი არა უგვიანეს კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში“, - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-15 მუხლში.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებდა, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე, როცა არ არსებობს მსგავსი გამოცდილება, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგლამენტის დაცვას.

საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმი სათათბიროდ გავიდა. არდაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, გამოაცხადა:

„გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც ერთპიროვნულია... რეგლამენტით კი არის გათვალისწინებული [შუამდგომლობის წარმოდგენა], მაგრამ პრაქტიკაში არ ხორციელდება შესაგებლის წარმოდგენა... სხდომის დანიშვნა არ აფერხებს მხარეს, ამავდროულად არ რჩება რაიმენაირი განცდა, რომ მხარე არის მოუმზადებელი. სასამართლოს უკვე ექმნება განცდა, რომ ეს უფრო გაჭიანურებას ემსახურება და არა საქმის გადადების აუცილებლობას...

მოლოდინი იმისა, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მოგეწონებოდათ, არ იყო. ჩვენ უბრალოდ განგიმარტეთ - ჩვენი შეხედულებები გვაქვს და ჩვენ ამ შეხედულებებში ვართ თავისუფალი“.

ასევე ნახეთ

საკონსტიტუციომ სხდომის გადადებაზე გახარიას პარტიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე მეთოფიშვილის აცილება

სერგო მეთოფიშვილის, რომლის შეფასებითაც „ქართული ოცნების“ სარჩელი მწყობრია, აცილების საკითხი კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. საკითხი წამოწია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ.

„ბატონმა სერგომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ჯერ ხომ მწყობრად მიიჩნია ყველა ბრალდება, დღეს ბრძანა, რომ მხარეებს გაძლევთ რჩევას, ასე მოიქეცითო. რჩევების მიცემა, ბატონო მოსამართლეებო, თქვენი უფლებამოსილება კი არ არის, ეს გეკრძალებათ, ეს პირდაპირ მიანიშნებს თქვენს არაობიექტურობასა და მიკერძოებაზე“, - თქვა სიჭინავამ შუამდგომლობის დაყენების დროს.

მას დაეთანხმნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო - ძლიერი საქართველოსა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. „ქართულ ოცნებას“ ეჭვი არ ეპარება პლენუმის მიუკერძოებლობაში და ოპოზიციის მოთხოვნას არ დაეთანხმა.

კოლეგიამ ადგილზე თათბირით გადაწყვიტა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

„შუამდგომლობა უსაფუძვლოა... ბატონმა სერგომ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეს არ იცნობს, არ იყო ეთიკური. რჩევა არ უგულისხმია ბატონ სერგოს. მის მიუკერძოებლობაში ეჭვის მიტანის საფუძველი არ არსებობს“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ.

მოწმეების დაკითხვა და განცხადებების დართვა

23 ოქტომბერს, სათათბიროდ გასვლამდე, მოსამართლეთა კოლეგიამ მოისმინა „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთი შუამდგომლობა - ბერდია სიჭინავამ ითხოვა, საქმეს დაერთოს ყველა ის განცხადება, რომლებიც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მათი პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნის პერიოდში გააკეთეს. მისი თქმით, წარდგენილი ვიდეომასალა, მათ შორის ახალი ამბების ბმულები, დაადასტურებს, რომ სარჩელში ჩაწერილი ინფორმაცია არასწორია.

„ბატონმა ივანიშვილმა 2019 წელს 24 აგვისტოს ჩაიდგა საგუშაგო ჩორჩანაში, საკუთარი ხელმოწერით წარადგინა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ერთი კვირის ვადაში, 2 სექტემბერს, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობის გამოსაცხადებლად. მაშინ არც ბიძინა ივანიშვილი არ გამიჯვნია ამ გადაწყვეტილებას და არც ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 2019 წელს 90 ხმით ნდობა გამოუცხადა გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრს. მაშინ გამიჯნულები კი არა, გამიჯნურებულები იყვნენ, 2019 წლის პერიოდში, გიორგი გახარიაზე ეს ადამიანები, მაგრამ 5 წლის თავზე აღმოაჩინეს, რომ დანაშაული იყო ჩადენილი“, - თქვა სიჭინავამ.

მან ითხოვა, მოწმის სახით დაიკითხონ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები: ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა ბახტაძე, ვახტანგ გომელაური.

შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ პლენუმი სათათბიროდ გავიდა. გადაწყვეტილება 26 სექტემბერს გამოცხადდება.

ასევე ნახეთ

შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა - საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვაზე პირველი სხდომა ჩატარდა

ასევე ნახეთ

ოპოზიციური პარტიების შუამდგომლობები ისევ არ დაკმაყოფილდა - საკონსტიტუციო განხილვების მე-2 დღე

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა, მიმდინარეობს ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა.

გასულ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკოს მონაცემებით, 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა ხუთმა პარტიამ, მათ შორის ერთი „ქართული ოცნებაა“, დანარჩენი ოთხის („კოალიცია ცვლილებისთვის“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“) აკრძალვას კი ის თავად მოითხოვს. დამატებით, სარჩელი შეეხება „ფედერალისტებსაც“, რომლებიც სასამართლო განხილვებში არ მონაწილეობენ.

ასევე ნახეთ

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებიც 5 პარტიის აკრძალვას განიხილავენ

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ერთ-ერთმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ, სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც მისი თვითაცილება მისმა კოლეგებმა არ დააკმაყოფილეს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.