მხოლოდ პუტინის სატირიკოსის მკვლელობა თუ შეკვეთილ მკვლელობებზე მომუშავე ქსელი - რას იძიებს პოლონური მხარე?

გარდაბნიდან პოლონეთამდე - მივყვებით გახმაურებული მკვლელობების ქართულ კვალს

მოკლედ

  • 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი პუტინის კრიტიკოსი, სატირიკოსი მხატვრის სემიონ სკრეპეცკის (რობერტ კუზოვკოვი) სავარაუდოდ შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეთა წრეს აფართოებს - ამ ეტაპზე დაკავებული ორი კაციდან ორივე საქართველოს მოქალაქეა.
  • 36 და 22 წლის ბრალდებულები გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორი სხვადასხვა სოფლიდან არიან. ორივე მათგანი გამოძიების დასრულებამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება - პირველი მკვლელობიდან 72 საათში, მეორე კი ოთხი თვის შემდეგ დააკავეს.
  • ცხელ კვალზე დაკავებულის ვინაობა რადიო თავისუფლებამ გაარკვია - ორი დამოუკიდებელი წყაროს ცნობით, ის თაზაქენდის მაცხოვრებელი, ელნურ ალაზოვია.
გამოძიების პროცესში 36 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს კიდევ ერთ, ბოლო დრომდე გაუხმაურებელ მკვლელობაში მონაწილეობისთვის, რომელიც 2022 წელს მოხდა ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში და სადაც მოკლული ასევე საქართველოს მოქალაქე იყო.

რადიო თავისუფლებამ პოლონეთსა და საქართველოში საგამოძიებო და უსაფრთხოების სამსახურებს არაერთი წერილით მიმართა - გამოძიების პროცესში მხარეებს შორის თანამშრომლობის, დაკავებულთა და 2022 წელს მოკლულის ვინაობის, მკვლელობების მოტივების შესახებ კითხვებით. კითხვა დავსვით სავარაუდო დამკვეთებთან დაკავშირებითაც - სწავლობდა თუ არა გამოძიება შესაძლო კავშირებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ირანის სპეცსამსახურებთანაც.

ასევე ნახეთ

“მზად ხარ ხამენეისთვის სიკვდილზე წახვიდე?” - ირანული რბილი ძალის კვალი საქართველოში

რადგან გამოძიებას ჯერაც მიმდინარის სტატუსი აქვს, კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ.

ამ სტატიაში ძირითადად ღია წყაროებზე დაყრდნობით გიყვებით, რა ვიცით პუტინის კრიტიკოსი მხატვრის მკვლელობის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე.

ახალი დაკავება მკვლელობიდან 4 თვეში

გახმაურებულ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, 22 წლის მახმუდ ა.-ს დაკავების შესახებ ცნობა 22 ოქტომბერს გაავრცელა პოლონური სპეცსამსახურების კოორდინატორმა ტომაშ სიემონიაკმა X-ზე. მან დაწერა, რომ დაკავებულს, რომელსაც ბრალად ედება მკვლელობაში თანამონაწილეობა და ხელშეწყობა, უკვე შეფარდებული ჰქონდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.

“გამოძიება გრძელდება და შესაძლოა, მასში ახალი დეტალები გამოიკვეთოს” - ამცნო საზოგადოებას სიემონიაკმა. გამოძიებას ერთობლივად აწარმოებს პოლიცია და პროკურატურა, კონტრდაზვერვისა და შიდა უსაფრთხოების მთავარი უწყება (ABW) კი მეთვალყურეობას უწევს ამ გამოძიებას - მათი ჩართულობა არის ნიშანი, რომ პოლონეთის ხელისუფლება ამ საქმეში უცხოური სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობას იკვლევს.

პოლონური მედიის ცნობით, 22 წლის საქართველოს მოქალაქე 19 ოქტომბერს დააკავეს კონტრდაზვერვისა და შინაგანი უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა A2 ავტომაგისტრალის სიახლოვეს ავტოსადგომზე.

ავტომაგისტრალის ეს ხაზი ემთხვევა იმ ხაზს, რომელიც მკვლელობაში ბრალდებით პირველად დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ გაიარა ავტომობილით სასტუმროდან შემთხვევის ადგილამდე

მანქანაში მასთან ერთად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქეც იყო, რომლებიც უკვე გადასცეს სასაზღვრო სამსახურს - მათ საქართველოში გამოძევებამდე 10 წლით შეეზღუდათ პოლონეთში შესვლის უფლება. მათი კავშირი მომხდარ მკვლელობასთან არ გამოკვეთილა - ვინაობები არც გამოძიებას და არც მედიას არ გაუსაჯაროებია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ მკვლელობის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული 22 წლის მახმუდი მასთან ერთად დაკავებულ ორ კაცთან ერთად პოლონეთში დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 18 ოქტომბერს ჩაფრინდა საქართველოდან.

დაკავების ამსახველი კადრი, რომელსაც პოლონური მედია ავრცელებს

“2026 წლის 1-დან 11 ივნისამდე პერიოდში განახორციელა არაერთი ქმედება, რამაც ელნურ ა.-სთვის მკვლელობის ჩადენა გააადვილა,” - ამბობს გამოძიება.

რა ქმედებებზეა საუბარი?

როგორც ლუბლინის სასამართლოს პრესსპიკერმა პოლონურ ტელეარხ TVN-ს უთხრა, მახმუდ ა.ს მხრიდან მკვლელობის ხელშეწყობა და წაქეზება, გარდა მისთვის იარაღის და ავტომობილით უზრუნველყოფისა, გამოიხატებოდა რუსეთიდან გამოქცეული მხატვრისთვის თვალთვალსა და მისი გადაადგილებებისა და ყოველდღიური ჩვევების შესახებ ცნობების გადაცემაში. გამოძიება ამბობს, რომ სავარაუდო მკვლელს ჰქონდა ტელეფონში აპლიკაცია, რომლითაც მსხვერპლის მანქანის GPS მონიტორინგი იყო შესაძლებელი.

მახმუდ ა., გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან, რომელსაც ასევე ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას, ბრალდებებს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. პოლონური კანონმდებლობით მკვლელობის ხელშეწყობა, მკვლელობის მსგავსად მძიმე დანაშაულია, და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მახმუდ ა-ს 10 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

რატომ დაბრუნდა 22 წლის საქართველოს მოქალაქე პოლონეთში მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, გამოძიებას ჯერ არ უთქვამს. ჰქონდა მას ახალი დავალება თუ უსაფრთხოების გარანტიები, ამაზე შესაძლოა განცხადებები მომდევნო სასამართლო სხდომებზე გაკეთდეს.

ასევე ნახეთ

„მე ვხატავ სამყაროს ისეთს, როგორიც არის“ – პუტინისა და “რუსკი მირის” მამხილებელი მხატვარი ემიგრაციაში მოკლეს

“მოგზაური კრიმინალი” - ვინ არის და როგორ დააკავეს პირველი ბრალდებული

36 წლის კაცი, რომელიც პოლონეთში უსაფრთხო თავშესაფრის საძიებლად შეფარებული რუსი მხატვრის მკვლელობის ბრალდებით მკვლელობიდან 72 საათში დააკავეს, რადიო თავისუფლების ორი დამოუკიდებელი წყაროს ცნობით, ელნურ ალაზოვია. მისი რეგისტრაციის მისამართად საჯარო რეესტრში სოფელი თაზაქენდია მითითებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ის წლებია იქ აღარ ცხოვრობს. ამ ცნობებს ადასტურებს გამოძიების ვერსია, რომლის თანახმადაც ალაზოვი ამ მკვლელობამდე ევროპის არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი “რამდენიმე განსხვავებული ყალბი იდენტობითა და სხვადასხვა ქვეყნის პასპორტით.”

ელნურ ალაზოვის დაკავების ოპერაცოოს შემდეგ პოლონური მხარის მიერ გავრცელებული ერთ-ერთო ფოტო

“ის მუშაობდა როგორც პროფესიონალი „მოგზაური კრიმინალი“, რომელიც კარგად იყო აღჭურვილი არალეგალური დოკუმენტებით საზღვრების შეუმჩნევლად გადასაკვეთად” - ამბობს პოლონური მხარე. საქართველოში რადიო თავისუფლებას წყაროები შესაბამისი საჯარო სამსახურებიდან ეუბნებიან, რომ თითქმის შეუძლებელია საქართველოს პასპორტი ისე გაყალბება, რომ მისი საშუალებით შენგენის ზონაში მესაზღვრეების კონტროლი შეუფერხებლად გავლა იყოს შესაძლებელი. ეს კი იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ ალაზოვს ან სხვა ქვეყნების ყალბი პასპორტები ჰქონდა, ან საქართველოს პასპორტი ყალბი იდენტობით, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო უსაფრთხოების სამსახურის ნებართვით ბეჭდავს იშვიათ გამონაკლისებში, ძირითადად სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის.

რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა პოლონურ მხარეს მათთან კომუნიკაცია იმის გასარკვევად, როდის და როგორ გაცემული პასპორტებით სარგებლობდა გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე - პასუხის მიღების შემთხვევაში ის ტექსტში აისახება.

“მას პოლონეთში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, პოლონეთთან არანაირი კავშირი არ აქვს და ასევე დადგინდა, რომ დაპატიმრებამდე სხვადასხვა ვინაობას იყენებდა” - თქვა მოსამართლემ 20 ივნისს იმ სხდომაზე, რომელზეც მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პარალელურად მედია წერდა, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც მას ჰქონდა, ყალბი დოკუმენტი იყო და რეალურად მკვლელი ჩეჩენი იყო.

ელნურ ალაზოვი რუსი მხატვრის მკვლელობიდან 72 საათში, 18 ივნისს დააკავეს ვარშავასთან ახლოს, პიასტოვში (Piastów) მდებარე ჰოსტელში. ეს შენობა ქართულ რესტორანს ესაზღვრება.

ყავისფერი ფილებით მოპირკეთებული ფასადის მქონე შენობაშია ჰოსტელი, სადაც ელნურ ალაზოვი ცხოვრობდა - მის გვერდით სრულად კრემისფერ შენობაში ქართული რესტორანი ფუნქციონირებს.

ჰოსტელი, სადაც მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, დაახლოებით 180 კილომეტრითაა დაშორებული მკვლელობის ადგილს. მხატვარი 15 ივნისს პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ ბიალა პოდლასკში მოკლეს - ავტომობილით აქედან ვარშავასთან ახლოს მდებარე ჰოსტელამდე მანძილის დაფარვას მაგისტრალით დაახლოებით 1 საათი და 40 წუთიდან ორ საათამდე დაჭირდებოდა.

ავტომაგისტრალის ამ მონაკვეთზე დააკავებენ ოთხი თვის შემდეგ მეორე ბრალდებულსაც

მკვლელობის შემდეგ პირველ დღეებში პოლონურმა პოლიციამ დააკავა ბელარუსის ორი მოქალაქე, თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი მხოლოდ დაქირავებული მძღოლები იყვნენ და, სავარაუდოდ, არ იცოდნენ რა მიზნით დაჭირდა მათი მომსახურება დამქირავებელს.

ელნურ ალაზოვი დაკავების შემდეგ დუმილის უფლებას იყენებს და ბრალდებას არ აღიარებს.

ასევე ნახეთ

პოლონეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, ოპერაციაში მონაწილეობდა კონტრტერორისტული დანაყოფიც

“ხელისუფლება მკვლელობის ორგანიზატორის დადგენაზე მუშაობს" - დაწერა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა X-ში მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შემდეგ. მიუხედავად ამ და სხვა განცხადებებისა, რომელიც შეკვეთილ მკვლელობას მიანიშნებს, სავარაუდო შემკვეთების ვინაობაზე გამოძიება ჯერჯერობით საუბარს არ ჩქარობს. დონალდ ტუსკს ბრალდებულების დაკავებამდე აქვს ნათქვამი აქვს: “თუ აღმოჩნდება, რომ ამ თავდასხმის უკან რუსეთი დგას, ეს სახელმწიფო ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.”

სპეცსამსახურების კოორდინატორმა ტომაშ სიემონიაკმა კი თქვა, რომ უცხოური სპეცსამსახურების მიერ კრიმინალების დაქირავების ვერსია სერიოზულად უნდა განიხილებოდეს, თუმცა მტკიცებულებით გამყარებაა საჭირო.

სემიონ სკრეპეცკის მკვლელობის ადგილზე აღმოაჩინეს 9 მმ-იანი Luger GEC ტიპის პისტოლეტის 5 ჰილზი და 1 ტყვია. პოლონურმა მედიამ და ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს, რომ მსგავსი საბრძოლო მასალა/კალიბრი ფიგურირებდა ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის გახმაურებული მკვლელობისას, რაც განიხილება იმ ვერსიის სასარგებლო არგუმენტად, რომ ეს მკვლელობა სპეცსამსახურების ორგანიზებული შეიძლება იყოს.

ასევე ნახეთ

გაცვლის ფასი - ხანგოშვილების ოჯახი საფრთხეშია

რუსულმა დამოუკიდებელმა საგამოძიებო გამოცემამ „Важные истории“ (Important Stories) ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მკვლელობამდე მცირე ხნით ადრე სკრეპეცკის ზუსტი სახლის მისამართი ინტერნეტში - მისი პროფილის სიახლოვეს- გამოჩნდა. ხოლო როდესაც მკვლელობა მოხდა, იმავე გვერდზე მყისიერად გაჩნდა ცინიზმით აღსავსე განახლება: „ლიკვიდირებულია რუსული სპეცსამსახურების მიერ 2026 წლის 15 ივნისს პოლონეთში“.

პარალელურად, კვლევითი ორგანიზაციები და დასავლური ინსტიტუტები უფრო და უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, როგორ შეიცვალა ევროპაში პოლიტიკური დისიდენტებისა და ოპოზიციონერების დევნისა და ლიკვიდაციის მეთოდები ბოლო წლებში. უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უცხოური სპეცსამსახურები (პირველ რიგში რუსული, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ირანულიც) სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს საკუთარი „შტატგარეშე“ თუ კადრის ოფიცრების უშუალო გაგზავნაზე და გადასულები არიან ე.წ. „აუთსორსის“ (Proxy) მოდელზე.

“ეს კლასიკური “სარწმუნო უარყოფის” (plausible deniability) სტრატეგიაა,“ — წერენ უსაფრთხოების ანალიტიკოსები ევროპული პროქსი-საფრთხეების ანგარიშში.

„როდესაც მკვლელობას ჩადის ეთნიკური კრიმინალური ჯგუფის წევრი, რომელსაც თან აქვს ყალბი საბუთები და წარსულშიც სისხლის სამართლის დანაშაულებში ფიგურირებს, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ტერორიზმის დამტკიცება საერთაშორისო დონეზე ბევრად რთულდება. საზოგადოებრივ და სამართლებრივ სივრცეში დანაშაული გარეგნულად იღებს ჩვეულებრივი კრიმინალური ანგარიშსწორების, შავი ბაზრის წილების გაყოფის ან ყოფითი კონფლიქტის სახეს.“

ამ ტაქტიკურ ცვლილებას კიდევ უფრო დეტალურად განმარტავს აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახური (CRS). მათი ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის ფონზე ევროპის ქვეყნებიდან 700-ზე მეტი რუსი „დიპლომატი“ გააძევეს, რომელთა უმრავლესობაც სინამდვილეში SVR-ის, GRU-სა და FSB-ს ოფიცერი იყო, კრემლმა დაკარგა ათწლეულების განმავლობაში ნაშენები „ოფიციალური“ სადაზვერვო ინფრასტრუქტურა. ანგარიშის თანახმად, რუსულმა სპეცსამსახურებმა კრიმინალურ ჯგუფებსა და პროქსი-შემსრულებლებს სწორედ ამ ვაკუუმის შესავსებად მიმართეს და ასე შექმნეს ახალი სისტემა, სადაც ოპერაციების დისტანციურად, მინიმალური პოლიტიკური რისკებით განხორციელება უფრო მარტივად არის შესაძლებელი.

სისტემას, როგორ გადავიდა რუსული დაზვერვა ტრადიციული აგენტურული მოდელიდან “Gig-Economy“ მოდელზე - სადაც ონლაინ პლატფორმების, ტელეგრამარხებისა და ორგანიზებული კრიმინალური ქსელების გამოყენებით კრემლი დივერსიების, თვალთვალისა და თავდასხმებისთვის “აუთსორსინგზე” შოულობს შემსრულებლებს, მათ შორის, წვრილმან კრიმინალებსა და ყალბი საბუთების მქონე პირებს. აღწერს ბრიტანეთის უსაფრთხოების წამყვანი ინსტიტუტის Royal United Services Institute-ის [RUSI] კვლევაც.

წინასწარ პატიმრობაში წაყენებული კიდევ ერთი ბრალი და კიდევ ერთი, მანამდე გაუხმაურებელი მკვლელობა

“[დაკავებული მამაკაცი] ასევე ეჭვმიტანილია ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ სხვა არაერთ დანაშაულში, რომლებიც ადრე მოხდა ქვეყანაში, მათ შორის 2022 წელს” - ეს განცხადება პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა ჯერ კიდევ 18 ივნისს, პირველი ბრალდებულის დაკავებისას გააკეთეს.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე

2026 წლის 8 სექტემბერს ლუბლინის საოლქო სასამართლომ ელნურ ალაზოვის წინასწარი პატიმრობა კიდევ სამი თვით, 15 დეკემბრამდე, გააგრძელა. როგორც რადიო თავისუფლებას 16 სექტემბერს უთხრეს ლუბლინის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციაში, მკვლელობაში ბრალდებულის დაცვის მხარეს წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება არ გაუსაჩივრებია.

აღკვეთის ღონისძიების გადახედვისთვის დანიშნული სასამართლოზე უკვე გაირკვა, რას გულისხმობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სპეციალური სამსახურების კოორდინატორი 2022 წელს მომხდარ დანაშაულში. საუბარია 2022 წელს ვარშავაში, კროჩმალნის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასტუმროში კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული საქართველოს მოქალაქის (ისა ჩ.-ს) მკვლელობაზე, რომელიც შეკვეთილ მკვლელობას ჰგავდა და ამის გამო მის გამოძიებას პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიურო (CBŚP) მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში ატარებდა.

გამოძიების ვერსიით, 2022 წლის მარტში, ორი ადამიანი კროჩმალნის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში შევიდნენ და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს ISA.CH-ს. მათ წინასწარ იცოდნენ შენობაში შესასვლელი კოდი და ოთახის ნომერი, სადაც მათი მსხვერპლი დროებით ცხოვრობდა. პოლიციამ მალევე დააკავა ამ მკვლელობაში ბრალდებული რამის ა., ასევე საქართველოს მოქალაქე, რომელმაც აღიარა მკვლელობაში მონაწილეობა და სასჯელის შესამსუბუქებლად გამოძიებასთანაც ითანამშრომლა. ის ამტკიცებდა, რომ ამ დანაშაულში ის მხოლოდ “დამხმარე” იყო და მკვლელობის მთავარი შემსრულებელი სხვა ადამიანი იყო.

პოლიციის არაოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის გაზაფხულზე მომხდარი მკვლელობის მსხვერპლი თავად იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში ან მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართულ ეთნიკურ დანაშაულებრივ კლანებთან, რომლებიც ევროპაში ოპერირებენ. სწორედ ამიტომ, გამოძიებამ მისი მკვლელობა კლასიკურ ყოფით კონფლიქტად (მაგალითად, სიმთვრალეში ჩხუბად) კი არ მიიჩნია, არამედ შეკვეთილ მკვლელობად (płatne zabójstwo) ან კრიმინალურ ანგარიშსწორებად.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის კანონმდებლობით შეკვეთილი მკვლელობისთვის 25 წლით ან სამუდამო პატიმრობაა გათვალისწინებული, რამის ა.-ს სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიების თანახმად, ეს შედარებით მსუბუქი განაჩენი განპირობებული იყო იმით, რომ მან საგამოძიებო ორგანოებს გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა თანამზრახველის შესახებ, თუმცა მისი ვინაობის სრულად იდენტიფიცირება (რადგან მეორე თავდამსხმელი ყალბი საბუთებით გადაადგილდებოდა) იმ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

ელნურ ალაზოვის რუს მხატვარზე მკვლელობის ბრალდებით დაკავების შემდეგ, ის სამ წელიწად-ნახევრის წინ მომხდარ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულად ცნეს რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით, რომელთაგან გადამწყვეტი აღმოჩნდა დნმ-ს თანხვედრა და ამ საქმის მთავარი მოწმის მხრიდან ამოცნობის პროცედურა.

საქმე იმაშია, რომ 2022 წელს, კროჩმალნის ქუჩის ჰოსტელში, იზა ჩ.-ს მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იპოვეს თავდამსხმელის სისხლის კვალი (სავარაუდოდ, მსხვერპლთან ფიზიკური ბრძოლის დროს დაშავდა) და შენახული ჰქონდათ ბიოლოგიური მასალა. 2026 წელს ელნურის დაკავებისას, მისი დნმ-ის ნიმუში ავტომატურად შევიდა პოლონეთის ერთიან კრიმინალურ ბაზაში, რამაც 100%-იანი დამთხვევა აჩვენა კროჩმალნის ქუჩის კვალთან.

ამის შემდეგ, პროკურატურამ ხელახლა დაკითხა უკვე მსჯავრდებული რამის ა., რომელმაც ფოტოებით ამოცნობის პროცედურაზე დაადასტურა, რომ 2022 წელს კროჩმალნის ქუჩაზე მასთან ერთად სწორედ ელნურ ა. იმყოფებოდა.

გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოება აღმოჩნდა, დანაშაულის იდენტური ხელწერაც: პოლიციის ცენტრალურმა საგამოძიებო ბიურომ (CBŚP) დაადგინა, რომ ორივე შემთხვევაში მოქმედებდა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც სპეციალიზებული იყო შეკვეთილ მკვლელობებზე. ორივე დანაშაული ცივსისხლიანად იყო დაგეგმილი, მსხვერპლზე წინასწარი თვალთვალით.

სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ ამ მასალის საფუძველზე არსებობს „დიდი ალბათობა“, რომ ელნურმა ჩაიდინა ეს დანაშაული, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ბრალის საბოლოო დამტკიცებას არ ნიშნავს - გამოძიება ჯერაც ელის იარაღის და საბრძოლო მასალის, გენეტიკის და დაქტილოსკოპიის ექსპერტიზების პასუხებს. პოლონური მედიის ცნობებით, გამოძიება ელნურ მ.-ს ევროპაში მოქმედ დაქირავებულ მკვლელთა სავარაუდო ჯგუფთან შესაძლო კავშირს ამოწმებს.


ელნურ ალაზოვის საქმეს ლუბლინის სასამართლო განიხილავს

აგვისტოს შუაში ელნურის მონაწილეობით იმ შენობაში, სადაც ორმა ადამიანმა 2022 წელს საქართველოს მოქალაქე მოკლა, საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩაატარა.

ეს ფოტო სწორედ აგვისტოში ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს ასახავს

44 წლის რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და "აქციონისტი", სემიონ სკრეპეცკი, აღმოსავლეთ პოლონეთის ქალაქ ბიალა პოდლასკაში, ბელარუსის საზღვართან ახლოს, საკუთარ სახლთან ახლოს 15 ივნისს მოკლეს. პროკურორების თქმით, დამნაშავემ მას ორჯერ ესროლა, შემდეგ კი ახლო მანძილიდან კიდევ სამჯერ ესროლა, სანამ გაიქცეოდა.