ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა

დავით ფეიქრიშვილის თქმით, ციხეში მისი ცემისას სწორედ გიორგი პატარიძესთან იყო სატელეფონო ხაზზე ვატო ყიფიანი (ყიფიანი და პენიტენციური ცემას უარყოფენ).

ბრალდებული დავით ფეიქრიშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს „რეკომენდაციით მიმართა“, შეუჩეროს უფლებამოსილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს.

გიორგი პატარიძე არის პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, – ძმები ფეიქრიშვილების დედა და ადვოკატი მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

„ყიფიანთან იყო ხაზზე“ – ფეიქრიშვილი

მათი თქმით, გლდანის მე-8 ციხეში დავით ფეიქრიშვილის ცემისას ერთ-ერთი ბრალდებული, „კრიმინალური ავტორიტეტი“ ვატო ყიფიანი, სწორედ გიორგი პატარიძესთან (მათი თქმით, მეტსახელად „ზაუტასთან“) იყო სატელეფონო ხაზზე.

  • პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ცნობებს დავით ფეიქრიშვილისადმი ციხეში ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე (ფეიქრიშვილი „ვივამედში“ მრავლობითი მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს).
  • ფეიქრიშვილების ბრალდებას უარყოფს ვატო ყიფიანიც – მისი ადვოკატის თქმით, ყიფიანი უარყოფს არა მხოლოდ ცემის ბრალდებას, არამედ ცნობას, თითქოს ის ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

ასევე ნახეთ

დავით ფეიქრიშვილის საქმეზე ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება

პროკურატურის „რეკომენდაცია“

ინფორმაცია, რომ პროკურატურამ გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რადიო თავისუფლებას პროკურატურის პრესცენტრში 26 ოქტომბერს დაუდასტურეს.

პროკურატურიდან მოგვწერეს, რომ:

  • „[ფეიქრიშვილის განცხადებების შედეგად დაწყებული] სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
  • სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
  • ამავდროულად საქართველოს პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს“.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს შეკითხვით, შეუჩერეს ან შეუჩერებენ თუ არა პატარიძეს უფლებამოსილებას. ამბის გამოქვეყნების დროისთვის პასუხი არ მიგვიღია.

ასევე ნახეთ

ციხეში დავით ფეიქრიშვილზე შესაძლო ძალადობაზე საქმე აღიძრა

ეს ოჯახის მოთხოვნა იყო

ფეიქრიშვილების დედა ნინო აბრამიშვილი გიორგი პატარიძის შესახებ გასულ კვირაში აცხადებდა:

„კაცი მხილებულია ბანდასთან შეკრულობაში. ყოველ წუთას ვატო ყიფიანი ელაპარაკებოდა „ზაუტას“. მე მინდა დაცვა, დაიცვან ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი“.

პროკურატურის გაცემული რეკომენდაციის შემდეგ ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატმა პაატა გოგიაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა:

„ეს არის საზოგადოების ინტერესით განპირობებული, ჩვენი მოთხოვნაც იყო, მინიმუმ, შეეჩერებინათ უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე“.

„დავით ფეიქრიშვილი ამბობდა, როცა მცემდნენო, ყიფიანი ურეკავდა პენიტენციურის დირექტორს, პატარიძესო“, – გაიმეორა გოგიაშვილმა.

ასევე ნახეთ

ვატო ყიფიანი vs ძმები ფეიქრიშვილები – დაპირისპირების ისტორია

ეს ფეიქრიშვილის ნათქვამის „დადასტურება არ არის“ - პაპუაშვილი

პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა პროკურატურის ეს ნაბიჯი „იმის დადასტურება, რომ მართლა მოხდა [ციხეში] პატიმრის შეგზავნა და ცემა“, განაცხადა:

„არა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ამის დადასტურება“.

„ეს იმის დადასტურებაა, რომ პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს თუ რამე საჭიროა მისთვის, პროცედურების საწარმოებლად შეიძლება მიმართოს“, - თქვა მან.

ფეიქრიშვილის ბრალდებები ცემაზე და გამოძიება

  • 40 წლის ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, 2026 წლის 22 სექტემბერს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით დააკავეს;
  • 19 ოქტომბერს მათმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილი სასტიკადაა ნაცემი;
  • ადვოკატის გადმოცემის თანახმად, ფეიქრიშვილი ამბობს, რომ 16 ოქტომბერს მას შეუსახლეს ახლადდაპატიმრებული ვატო ყიფიანი (რომელთანაც ძმებს დაპირისპირების ისტორია აქვთ), რომელმაც თანმხლებ პირებთან ერთად სცემა;

ასევე ნახეთ

დავით ფეიქრიშვილის თქმით, ვატო ყიფიანმა და 4-მა პირმა მიაყენეს დაზიანებები - ადვოკატი
  • ეს უარყო როგორც პენიტენციურმა სამსახურმა, ისე ვატო ყიფიანმა;
  • დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ ორჯერ შეიყვანეს: 19 ოქტომბერს – მოტეხილი ოთხი ნეკნით, ჩამტვრეული სახის ძვლებითა და დაზიანებული თავის ქალით; 20 ოქტომბერს – ხელზე მიყენებული ჭრილობით (თვითდაზიანებით).

გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ 20 ოქტომბერს დაიწყო.

მოგვიანებით საქმის გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა.

ასევე ნახეთ

₾10 მილიონის „გათეთრება“ 7 წელიწადში – ახალი საქმე ძმები ფეიქრიშვილების წინააღმდეგ