მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოზარდის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.
15 წლის ბიჭი ბრალს არ ეთანხმება.
ამავე ბრალდებით დაკავებულ მეორე მოზარდს სასამართლომ რამდენიმე დღის წინ შეუფარდა პატიმრობა. მისი ადვოკატი, რომელთან დაკავშირებაც რადიო თავისუფლებამ სცადა, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მედიასთან არ საუბრობენ არც მისი ოჯახის წევრები. რადიო თავისუფლებისათვის, ამ ეტაპზე, უცნობია, მოზარდის პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა ერთმანეთი 2026 წლის აპრილ-მაისში სოციალური ქსელით გაიცნეს და სკოლაზე თავდასხმა დაგეგმეს.
მოზარდის მამა, ბექა (გვარს ბრალდებული მოზარდის ანონიმურობის დაცვის მიზნით არ ვასახელებთ - რ.თ.) რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს საქმის მასალებში არსებულ მიმოწერაზე, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ინტერესებზე, ასევე იმ ნივთების წარმომავლობაზე, რომლებიც გამომძიებლებმა ოჯახის საცხოვრებელი სახლიდან და მისი სამუშაო ადგილიდან ამოიღეს.
მამა მიიჩნევს, რომ მოზარდებს შორის მიმოწერა, მიუხედავად მისი შემაშფოთებელი შინაარსისა, რეალური თავდასხმის დაგეგმვას არ ნიშნავდა და ითხოვს გამოძიების დასრულებამდე, ბავშვებს დამნაშავეებად ნუ შერაცხავენ.
რას ედავება პროკურატურა მოზარდებს?
გენერალურმა პროკურატურამ განცხადება ორი მოზარდის დაკავების შესახებ 24 ოქტომბერს, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც რამდენიმე საათით ადრე, ეს ინფორმაცია მედია პორტალმა „სანდო წყარომ“ გაავრცელა.
პროკურატურა ირწმუნება, რომ მოზარდებმა ერთმანეთი 2026 წლის აპრილ-მაისში, სოციალურ ქსელში გაიცნეს და ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმა დაგეგმეს.
“შეარჩიეს თბილისში მდებარე კონკრეტული სკოლა, შეისწავლეს მისი შიდა განლაგება, გადაწყვიტეს რომ სკოლის წინ დაემონტაჟებინათ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც საშუალებას მისცემდათ შეუმჩნევლად შეჭრილიყვნენ სკოლაში, დაერბიათ სკოლის შიდა ტერიტორია და იარაღის გამოყენებით სკოლაში მყოფი პირებისთვის მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანებები. ამ მიზნით მათ შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და შექმნეს ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხეს, რადგან მათი ქმედება გამოვლენილ იქნა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გენერალურ პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უარი უთხრეს დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემაზე: „არასრულწლოვნების საქმეა, განცხადება გავავრცელეთ, მეტს ვერაფერს ვიტყვით დამატებით“, - გვიპასუხეს პროკურატურაში.
„შემაძრწუნებელია... მაგრამ ეს არ არის რეალური გეგმა“ - ბავშვის მამა
ბექა, 15 წლის ბიჭის მამა, რომლის შვილიც სკოლაზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს, ამბობს, რომ მისთვისაც შემაძრწუნებელია ის მიმოწერა, რომელიც საქმის მასალებში ნახა, თუმცა ამ მიმოწერას ის ბავშვების ფანტაზიად მიიჩნევს:
„ეს იყო TikTok-ზე გაცნობილი ორი ბავშვის ერთმანეთთან ბაქიბუქი - რომელი უფრო მაგარი ტიპი გამოჩნდებოდა და რომელი უფრო მაგარ რამეს იტყოდა. ძალიან მძიმე და საშინელ თემაზე საუბრობდნენ, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებით, ეს იყო არასერიოზული საუბარი და არა რეალური გეგმა“.
ბექა ამბობს, რომ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მას აქვს, ბავშვები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. არც ერთმანეთის გვარები იცოდნენ და არც სახეზე ცნობდნენ ერთმანეთს. „მხოლოდ სოციალურ ქსელში მითითებული სახელები და ნიკნეიმები იცოდნენ“, - ამბობს ბექა.
მას ნანახი აქვს მოზარდებს შორის მიმოწერა - ეს „ჩემთვის კატასტროფაა, ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის წაკითხვა“, - გვეუბნება ბავშვის მამა და იქვე ამბობს, რომ ამის მიუხედავად, მისი აღქმით, ეს რეალური თავდასხმის გეგმა არ არის.
მისი აზრით, საქმე ეხება ორი მოზარდის, 14-15 წლის ბავშვების ონლაინ საუბარს, რომელშიც ისინი ერთმანეთის წინაშე თავის გამოჩენას ცდილობდნენ: „იყენებენ ტერმინებს, რომლებსაც TikTok-ზე, სხვა სოციალურ ქსელებში, კომპიუტერულ თამაშებსა და ტელევიზიაში ისმენენ“, - ასე აღწერს იგი მიმოწერას.
რომელ სკოლაზეა საუბარი
პროკურატურის ცნობით, ეს დედაქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლაა, თუმცა რომელ უბანში, რა ნომერი, რამდენი მოსწავლით - ეს ოფიციალური განცხადებიდან არ ირკვევა.
„როგორც მე გავიგე, [ბავშვებმა] უბრალოდ Google-ში ჩაწერეს სკოლა და რაც პირველი ამოუგდო, იმ სკოლაზე დაიწყეს საუბარი. ჩემი შთაბეჭდილებით, სკოლის სახელზეც ხუმრობდნენ“, - ამბობს ბექა და აზუსტებს, რომ მის შვილს, საუბარში ნახსენებ კონკრეტულ სკოლასთან არაფერი აკავშირებს.
რა ნივთები წაიღო გამოძიებამ ოჯახიდან და არა მარტო?
ბექას თქმით, მათი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ წაიღო ისეთი ნივთები, რომელთა ნაწილიც წლების წინ შეიძინეს, ნაწილი კი სათამაშოები და ჰელოუინისთვის განკუთვნილი აქსესუარები იყო.
ის ამ ნივთებს რადიო თავისუფლებასთან ჩამოთვლის:
- სათამაშო ავტომატის მსგავსი ნივთი - "პლასტმასისა და თხელი ლითონისგან დამზადებული სუვენირი, თოფი“, რომელიც მამის თქმით, ბავშვმა 2026 წლის აგვისტოში, პრაღაში, სასკოლო პროგრამით მოგზაურობისას შეიძინა.
- იაპონური კატანის მცირე ზომის სუვენირი - „ მცხეთაში ვიყავით ოჯახით, ეკლესიიდან რომ გამოვედით, სუვენირები იყიდებოდა და იქ ვიყიდე იაპონური სტილის პატარა კატანა. სრულიად ბლაგვი პირი აქვს, არც ერთი მხარე არ არის გალესილი. თავისი ქარქაში და სადგამი მოჰყვება. მეორე მსგავსი ნივთი ბორჯომიდან გვქონდა, დაახლოებით ექვსი-რვა წლის წინანდელი. ეს არის თაროზე დასადები სუვენირები“
- ზამთრის ხელთათმანი - „ჩვეულებრივი თბილი ხელთათმანი, რომელსაც ბაკურიანში იყენებს ხოლმე“.
- ჩაფხუტი - მამის აღწერით, ველოსიპედის ან მოტოციკლის დამცავი ჩაფხუტი.
- ბუტაფორიული ვაზნების ნარჩენები - „რუსთავში ( ამ ქალაქში ბავშვის ოჯახის ერთ-ერთი წევრი ცხოვრობს - რ.თ.) მხატვრულ ფილმს იღებდნენ და უკვე გამოყენებული რეკვიზიტები წამოიღეს ბავშვებმა გადასაღები მოედნიდან, ყველამ წამოიღო, ვინც კი იქ იყო, გადაღების შემდეგ რაც დარჩა".
- კისტის თოფი - „ის ჩემი სამსახურის საწყობიდან ამოიღეს. ჩემი კისტის თოფია, რომელიც 2022 წელს შევიძინე. სამსახურის საწყობში, თაროების უკან მქონდა შენახული. დაახლოებით სამი წელია იქ დევს... ბავშვს ფაქტობრივად შეხებაც არ ჰქონია“.
მამა ამბობს, რომ მათი სახლიდან წაღებულ ნივთებს შორის იყო ინტერნეტმაღაზია Temu-დან გამოწერილი
- აირწინაღის მსგავსი აქსესუარი;
- ტაქტიკური ჟილეტის მსგავსი სათამაშო სამოსი;
მამა ჰყვება, რომ მის შვილს სამხედროების ტანსაცმელი და აქსესუარები პატარაობიდანვე აინტერესებდა, რადგან უნდოდა რომ სამხედრო ან პოლიციელი გამხდარიყო.
„შარშან ჰელოუინზე უნდოდა ჯარისკაცის ფორმით წასვლა, მაგრამ მაშინ ფინანსურად ვერ შევძელით ყველაფრის ყიდვა. ამის შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ნივთების შეგროვება, რომ წელს მზად ყოფილიყო. დედამისთან მიმოწერაც გვაქვს, სადაც წერს: დედიკო, ჰელოუინისთვის ეს ნივთები მინდა, Temu-დან გამომიწერეო. ლინკებიც აქვს გაგზავნილი.
ჟილეტი გარეგნულად ჯავშანჟილეტს ჰგავს, მაგრამ შიგნით არაფერი აქვს, არც არაფრისგან იცავს. ჩვეულებრივი სათამაშო სამოსია, ჯიბეებით“
ის ხაზგასმით ამბობს, რომ მის ოჯახში პოლიციას იარაღი არ უპოვია:
„მე ზუსტად არ ვიცი, რა ამოიღეს მეორე ოჯახიდან, მაგრამ ჩვენგან ამოიღეს სათამაშოები და სუვენირები. ტელევიზიით რომ მოვისმინე, თითქოს ორი ბავშვისგან ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს, ძალიან გამიკვირდა. ჩემი ოჯახიდან რაც ამოიღეს, მთელი ჩხრეკის ვიდეოჩანაწერი მაქვს და, როგორც კი ადვოკატთან შევათანხმებ, გავასაჯაროებ, რათა ჩემი შვილისა და ოჯახის რეპუტაცია დავიცვა“.
როგორ აღწერს შვილს და მის ინტერესებს მამა
15 წლის მოზარდი თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა.
მამის მტკიცებით, მისი შვილი არაკონფლიქტური მოზარდია, რომელსაც სამხედრო თემატიკა, სათამაშო იარაღები და აქსესუარები აინტერესებს.
ეშინია ნემსის და სისხლის დანახვის, რაც მისი აზრით იმ მოსაზრებას ამყარებს, რომ არ შეიძლება მას ძალადობა დაეგეგმა: „ნებისმიერ ექიმს, ვისთანაც ჩემი შვილი ყოფილა, ჰკითხეთ, რა რეაქცია აქვს ელემენტარულად სისხლის დანახვაზე. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ასეთმა ბავშვმა მსგავსი ტიპის დანაშაული დაგეგმოს და ჩაიდინოს?“
მამა ირწმუნება, რომ შვილის ქცევაში ისეთი ცვლილებები არ შეუმჩნევია, რომლებიც სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემაზე ან ძალადობრივი განზრახვის არსებობაზე მიანიშნებდა.
ბექას თქმით, ბავშვს მხოლოდ დედის საბანკო ბარათის განკარგვის უფლება ჰქონდა და ამ ბარათზე ფულს მხოლოდ დედ-მამა რიცხავდა.
„ყველა ტრანზაქციის გასაჯაროება შემიძლია. მაღაზიაში რომ შევუშვებდით პურისა და ყველის საყიდლად, როცა კონსულტანტი ეტყოდა, რომ 10 ლარი უნდა გადაეხადა, მაშინ ვურიცხავდით იმ 10 ლარს“.
26 ოქტომბერს, დაკავებული მოზარდის მამამ სასამართლოს დარბაზში სიტყვით ისარგებლა და მოსამართლეს შვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა:
„მოსამართლეს ვთხოვე, ბავშვი სახლში გამომატანეთ-მეთქი. თუ მართლა რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, მინდა, დროულად მივხედო. რამდენიმე ექიმსაც ჩავრთავდი, ფსიქოლოგსაც და ფსიქიატრსაც, თუ საჭირო იქნებოდა. თუ ბავშვს რაღაც პრობლემა აქვს, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და არა უფრო დამძიმდეს“.
ბრალდებული მოზარდის მამა ამბობს, რომ მისი შვილი რომელიც ახლა “შოკშია“, ვერ აცნობიერებს იმას, რაც მოხდა - ვერ იაზრებს რა დააშავა და რატომ აღმოჩნდა ციხეში.
15 წლის ბრალდებულის მამა საზოგადოებას სთხოვს, გამოძიების დასრულებამდე ნუ ჩათვლიან ბავშვებს „მკვლელებად და ტერორისტებად“ და დაუშვან, რომ ორივე ბრალდებული შესაძლოა უდანაშაულო იყოს.
„ჩვეულებრივი ოჯახი ვართ, დღე და ღამე ვმუშაობთ, რომ ვალები გადავიხადოთ, ოჯახი ვარჩინოთ, შვილს სწავლის საფასური გადავუხადოთ, წიგნები და ტანსაცმელი ვუყიდოთ. ჩვეულებრივი ქართული ოჯახი ვართ.
მე ზრდასრული ადამიანი ვარ და როგორმე გადავიტან, მაგრამ ბავშვებს ფსიქიკას ნუ დაუნგრევთ. თუ დამნაშავეები არიან, ეს დადგინდება, თუ არ არიან, ისიც. მანამდე მაინც ნუ გაწირავთ ბავშვებს“, - ამბობს დაკავებული მოზარდის მამა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
რა დევს საქმეში - ადვოკატის მონათხრობი
26 ოქტომბერს, 15 წლის მოზარდისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდების შემდეგ, რადიო თავისუფლება ესაუბრა მის ადვოკატს გია დარჩიას.
ის საქმის მასალების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, ამბობს, რომ საქმეში არ დევს მთავარი მტკიცებულება, ე.წ. „სქრინი“, რომლის საფუძველზეც სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს.
ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთმა დაკავებულმა სოციალურ ქსელში დანაშაულის შემცველი ვიდეო და ფოტომასალა ატვირთა:
„თუმცა ეს მასალა, როგორც მტკიცებულება, საქმეში არ არის წარმოდგენილი. საქმის მასალებში ეს ინფორმაცია მხოლოდ ოპერატიული პატაკის სახით არის ასახული“.
გარდა ამ ოპერატიული პატაკისა, ადვოკატის თქმით, საქმეში დევს ოქტომბრის თვეში, ორ სხვადასხვა დღეს, სოციალური ქსელების მიმოწერა დაკავებულ მოზარდებს შორის:
„ერთი მიმოწერა 7 ოქტომბრით თარიღდება, მეორე კი - 22 ოქტომბრით. მიმოწერები განხორციელდა TikTok-ისა და Telegram-ის საშუალებით.
ამ ეტაპზე მიმოწერების შინაარსს ვერ შევეხები, რადგან მათი ავთენტურობა გადასამოწმებელია. ამასთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზა. ვიდრე მიმოწერების ავთენტურობა საბოლოოდ არ დადგინდება, მათ შინაარსზე მსჯელობაში ვერ შევალ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ადვოკატის თქმით, ამ საქმის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებას, მაშინ როდესაც საქმეში არ არის დადგენილი, როდის, რა საშუალებით, რა ვითარებაში, ვის მიერ და რა როლების განაწილებით აპირებდნენ დანაშაულის ჩადენას:
„ეს მოზარდები ერთმანეთსაც კი არ იცნობდნენ. არ არის ამოღებული ასაფეთქებელი საშუალება, არ არსებობს კონკრეტული გეგმა და არ არის დადგენილი, რომ მონაწილეები დანაშაულის ჩადენის რომელიმე დეტალზე იყვნენ შეთანხმებული“, - ეუბნება გია დარჩია რადიო თავისუფლებას.
ზუსტად როდის და რა ვითარებაში დააკავეს სამართალდამცავებმა 15 წლის მოზარდი, ეს რადიო თავისუფლებისათვის უცნობია. ერთადერთი, რასაც მამამისი გვეუბნება, არის ის, რომ დაკავებისას ის შვილთან ერთად არ ყოფილა.
პროკურატურის განმარტებით, დაკავებულებს გამოძიება ედავება სსკ-ის 18-225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ჩადენილ დანაშაულს, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადება, რასაც თან უნდა მოჰყოლოდა იარაღის გამოყენებით ძალადობა და რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.
პროკურატურა ირწმუნება, რომ:
- მოზარდებმა თბილისში ერთ-ერთი კონკრეტული სკოლის შიდა განლაგება შეისწავლეს;
- დაგეგმეს სკოლის წინ ყალბი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება, რაც, გამოძიების ვერსიით, სკოლაში შეუმჩნევლად შეღწევის საშუალებას მისცემდათ;
- პროკურატურის ვერსიით, მოზარდებს განზრახული ჰქონდათ სკოლის შიდა ტერიტორიის დარბევა და იარაღით სკოლაში მყოფთა დაზიანება;
- პროკურატურა აცხადებს, რომ მიზნის მისაღწევად მოზარდებმა შეიძინეს ნივთები და შექმნეს ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად;
- სკოლაზე თავდასხმა ვერ მოახერხეს, რადგან მათი გეგმა პოლიციამ დანაშაულის ჩადენამდე გამოავლინა.
დანაშაული, რომელსაც პროკურატურა მოზარდებს ედავება, ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.