კიევში მსხვერპლია რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად, სამიზნეებს შორის სამხრეთის ხიდი იყო

რუსეთის ჯარებმა კიევზე სარაკეტო შეტევა 26 ოქტომბრის ღამიდან დაიწყეს

უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა რუსეთის მორიგი სარაკეტო შეტევის შედეგად. რუსეთის ჯარებმა კიევს რაკეტებით დაარტყეს 26 ოქტომბერს გვიან საღამოს და 26-დან 27 ოქტომბრის ღამით. შეტევა იყო დრონებითაც.

ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და 14 დაშავებულის შესახებ, 27 ოქტომბერს დილით ადრე სოციალური ქსელებით გაავრცელა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

დაშავებულთა უმრავლესობა კიევის ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის მობინადრეა. ამ შენობის გარდა, კიევში დაზიანებულია სახლები, ორი სამედიცინო დაწესებულება და ადმინისტრაციული შენობა.

კიევის სამხრეთის ხიდზე, სადაც საავტომობილო გზის გარდა, მეტროს ხაზიც გადის, დაზიანებულია მეტროს ინფრასტრუქტურა. ხიდი დროებით დაიკეტა ავტოტრანსპორტისთვისაც.

მერმა, ვიტალი კლიჩკომ, ტელეგრამ-არხით გაავრცელა დაზიანებული სამხრეთის ხიდის ფოტოები.

უკრაინის დედაქალაქზე მორიგი შეტევის შემდეგ, 27 ოქტომბერს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური არხებით გაავრცელა ცნობა, რომ კიევში დაარტყეს საწარმოს, საამქროს და სახელოსნოს, სადაც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებდნენ და ინახავდნენ და სამხრეთის ხიდს, რომელსაც სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტისთვის იყენებენ.

რუსეთის მიერ დასახელებულ ობიექტებზე დარტყმა, გარდა ხიდისა, უკრაინას ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

  • 2026 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა რამდენჯერმე დაარტყეს კიევის სამხრეთის და ჩრდილოეთის ხიდებს, რომლებზეც სამოქალაქო ავტოტრანსპორტის გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანი მარშრუტები გადის.
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე აცხადებდა, რომ ამ ხიდებს უკრაინის არმიისთვის ტვირთების მისაწოდებლად იყენებენ.

ასევე ნახეთ

უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 27 ოქტომბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა შეტევისას, რომლის ძირითადი მიმართულება კიევი იყო, გამოიყენეს ბალისტიკური რაკეტები და 280 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 69 რეაქტიული. რაკეტების რიცხვი საჰაერო ძალების სარდლობას არ დაუკონკრეტებია.

უკრაინელი სამხედროების თანახმად, ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო 2 ბალისტიკური რაკეტის და 255 დრონის მოგერიება და მოწინააღმდეგის საჰაერო თავდასხმის საშუალებებით პირდაპირი დარტყმა 25 ადგილზე.