თბილისში კაცი ძმის ქორწილში მოკლეს

გურამ ბოიკო

თბილისში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს ძმის ქორწილში. რესტორან „ლისი მერეში“ წვეულება სრულდებოდა, როცა ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

„ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად“, - დაწერა „ფეისბუკში“ მოკლული გურამ ბოიკოს დეიდამ.

გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო - ადგილობრივი გამოცემა, „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო: „ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“.

„ლისი მერეს“ მფლობელი, თამაზ ნამიჭეიშვილი​ რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როგორც ყველა სხვა ქორწილში, გუშინაც ის რესტორნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

„გვიანი იყო. დაცვის თანამშრომლები გვყავს, მაგრამ შიგნით არაფერი მომხდარა. სტუმრებმაც არ იცოდნენ... ვერაფერი გაიგეს, სანამ პოლიცია და სასწრაფო არ მოვიდა... ყველა კამერის ჩანაწერი ამოღებული აქვს პოლიციას“, - ამბობს რესტორნის მფლობელი.

მისი თქმით, მკვლელობა რესტორნის მოშორებით მოხდა: „კადრები რომ ნახეს, ჩვენი კამერები ვერ უყურებდა, არ ჩანდა“.

გურამ ბოიკო სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სავარაუდო მკვლელი ამავე ქორწილის სტუმარი იყო - პოლიცია მას ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.