ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდა.

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდს“ და მის მხარდამჭერ პარტიებს, საერთო ჯამში, ყველაზე მეტი ხმა აქვთ, თუმცა არასაკმარისი საპარლამენტო უმრავლესობის და შესაბამისად, მთავრობის ფორმირებისთვის.

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 28 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკს 57 მანდატი აქვს. მათგან 28 უშუალოდ „ლიკუდმა“ მოიპოვა.

  • 120-წევრიან პარლამენტში, ქნესეთში უმრავლესობის შესაქმნელად სულ მცირე 61 მანდატია საჭირო.

მეორე ადგილზეა გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გადი აიზენკოტის ოპოზიციური ცენტრისტული პარტია „იაშარი“(21) მხარდამჭერ პარტიებთან ერთად. ამ ბლოკს, საერთო ჯამში, 47 მანდატი აქვს.

არაბული პარტიების გაერთიანებას 16 მანდატი აქვს.

ეს შედეგები ბიულეტენების 41,9%-ის დათვლას ეფუძნება.

განახლება: ბიულეტენების 57%-ის დათვლის შედეგად, ნეთანიაჰუს ბლოკის მანდატების რიცხვი 55-მდე შემცირდა, ხოლო აიზენკოტის ბლოკის 49-მდე გაიზარდა.

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურა. ამომრჩეველთა აქტივობა 77,7% იყო, რაც 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რა აჩვენა ეგზიტპოლმა

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ისრაელის წამყვანი მაუწყებლების მიერ გამოქვეყნებული პირველი ეგზიტპოლით, აიზენკოტის ბლოკს პარლამენტში 53 ადგილი უნდა ჰქონოდა, ხოლო ნეთანიაჰუს ბლოკს - 50.

ამომრჩეველთა გამოკითხვის ამ პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციური ბლოკის ლიდერმა გადი აიზენკოტმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლის შედეგი მიუთითებს ნეთანიაჰუსა და მისი მთავრობისადმი უნდობლობაზე და თუ ეს პროგნოზი დადასტურდა, ოპოზიცია დაუყოვნებლივ დაიწყებს მოქმედებას ხალხის ნების აღსასრულებლად და მთავრობის შესაცვლელად.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დასკვნების გამოტანა ნაადრევია და რეალურ შედეგებს ელოდება.

მოგვიანებით ისრაელის საინფორმაციო არხებმა, Kan 11 და Channel 13, გამოაქვეყნეს ეგზიტპოლების განახლებული შედეგები. ამ პროგნოზით, ორივე ბლოკი 51-51 მანდატს მიიღებდა.

ისრაელში ხშირია მინიმალური სხვაობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური ძალების შედეგებს შორის.

ეგზიტპოლის შედეგები ადრე არაერთხელ ქცეულა არასწორი პროგნოზების საფუძვლად. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბევრი პატარა პარტია მონაწილეობს და თუ რომელიმე გადალახავს დადგენილ საარჩევნო ბარიერს(3,25%), მაგრამ ეგზიტპოლში ვერ მოხვდება ან პირიქით, ეს ცვლის მანდატების განაწილებას და ბალანსს.