ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა დაადასტურა, რომ „დაზიანებებია“ ნოვომოსკოვსკის სამრეწველო ზონაში, თუმცა კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია. ქალაქში სიტუაციის მონიტორინგისთვის გაგზავნეს ფედერალური სამსახურის, „როსპოტრებნადზორის" ლაბორატორიის წარმომადგენლები. ამ სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლია.
გუბერნატორის ცნობითვე, დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლებიც. დაშავდა ერთი ადამიანი. მილიაევის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული მონაცემებით, „განადგურებულია 64 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი“.
მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, ქალაქ ნოვომოსკოვსკზე შეტევის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ქარხანა „აზოტში“. კიდევ ერთი უკრაინული არხის, Supernova+-ის ცნობით, იწვის ამიაკის დანადგარი АМ-70.
გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე „აზოტის“ ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ დაწერა რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მაც.
უკრაინას ამ ობიექტზე შეტევა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა „აზოტზე“ შეტევა ადრეც არაერთხელ მიიტანეს, მათ შორის 2026 წლის ივნისში.
- ჰოლდინგ „ევროხიმის“ შემადგენლობაში მყოფი „აზოტი“ რუსეთში ამიაკის და მინერალური სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია. მისი პროდუქცია სამხედრო დანიშნულების ქარხნებსაც მიეწოდება ფეთქებადი ნივთიერებებისა და საბრძოლო მასალების საწარმოებლად.