2025 წლის 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე ოთხ მსჯავრდადებულს დღეს, 28 ოქტომბერს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე. მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს ნოემბერში დატოვებენ.
ბრალის აღიარების საფუძვლით სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება მსჯავრდადებულებთან მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.
მან ოთხივე მათგანი დამნაშავედ ცნო. დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა.
„ვაცნობიერებ სამართლებრივ შედეგებს, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ სასამართლოს სხდომაზე.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიესაჯათ, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.
სასჯელის ათვლა იწყება მათი დაკავების დღიდან, შესაბამისად მსჯავრდადებულები ირაკლი ბერიძე და მურთაზ ზოდელავა პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ. ირაკლი ჩხვირკია - 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი - 16 ნოემბერს.
13 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე ოთხ მსჯავრდადებულს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდა. მოსამართლე თეა ლეონიძემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობები და იმ პატიმრების საქმეები, რომლებიც საპროცესო შეთანხმებას აფორმებენ, ცალკე გამოყო.
ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი - 5-5 წლით.
- მურთაზ ზოდელავა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ყოფილი პარლამენტარი და ყოფილი გენერალური პროკურორი;
- ლაშა ბერიძე კი თადარიგის პოლკოვნიკია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე.
განახლება:
დღეს, 28 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხოდმაზე გახდა ასევე ცნობილი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვეს, კონსტანტინე კოკაიამ, კახაბერ მჟავანაძემ და დავით სტურუამ.
რაც შეეხება, კიდევ ერთ მსჯავრდადებულს, დავით ჟღენტს, ის სასამართლოს სხდომას არ დასწრებია და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცნობია
მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
საქმეზე, ამავე ჯგუფში მსჯავრადადებული ია დარახველიძე კი ძებნაში იმყოფება.
ვინ არ აპირებს საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას
4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე დაკავებული სხვა პოლიტიკოსები: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე არ აპირებენ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართონ.
საოპერო მომღერალი, რომელიც, სხვებთან ერთად, უკვე ერთი წელია საპატიმროშია, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ ითხოვს და გისოსებს მიღმა დარჩენას ამჯობინებს.
მას არასდროს უარუყვია, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი იყო.
საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერთან, პაატა მანჯგალაძესთან და “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი ნადირაძესთან.
ბოლოს გამოქვეყნებულ წერილში პაატა მანჯგალაძე წერს, რომ “სამშობლოს სიყვარულს ვერ მოინანიებს”.
“რეჟიმთან საპროცესო შეთანხმებას და შეწყალების თხოვნას არც კი განვიხილავ”, - ასეთია ირაკლი ნადირაძის პოზიცია.
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე მსჯავრდადებული არიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში - 225-ე მუხლის პირველი ნაწილით; სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებასა ან ბლოკირებაში, ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; და ასევე, ბრალდებებს შორის არის “მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ” - 317-ე მუხლი. მისჯილი აქვთ 7-7 წელი.
- პაატა მანჯგალაძე მსჯავრდადებულია სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მანჯგალაძის ორგანიზატორობას საორგანიზაციო ჯგუფი უარყოფდა. მისჯილი აქვს 7 წელი.
- ლაშა ბერიძე მსჯავრდადებულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებისთვის ან ბლოკირებისთვის - ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი. ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მისჯილი აქვს 7 წელი.
- ირაკლი ჩხვირკია მსჯავრდადებულია სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობისთვის, ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი და სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მისჯილი აქვს 5 წელი.
- გური ჟვანია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მსჯავრდადებული - 225-ე მუხლის მეორე ნაწილი. მისჯილი აქვს 5 წელი.
ვის აქვს მიმართული საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით
23 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართა მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა.
"ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება”, - განაცხადა მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის მზადაა პროკურატურაც. თუმცა პროკურორის განმარტებით, პირობების შესათანხმებლად შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო.
პირობების შეთანხმების შემთხვევაში, ნანა სანდერი საპატიმროს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს.
ასევე ნახეთ
"4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა საპროცესო შეთანხმებისთვის პროკურატურას მიმართარაც შეეხება ამავე საქმეზე სხვა მსჯავრდადებულებს
აბო ნავერიანი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია. დღევანდელ სხდომას სააპელაციო სასამართლოში ისიც ესწრებოდა.
აბო ნავერიანს 5 წელი მიესაჯა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობისთვის.
ამავე მუხლით დამნაშავედ ცნეს ანტონ უპერი და მასაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის ძებნაში იმყოფება.
მარიამ მეყანწიშვილს კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს, მას ყველაზე მსუბუქი მუხლით ედავებოდნენ - ბრალად ედებოდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება.
„4 ოქტომბრის აქციის“ საქმე სააპელაციოში
4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის საქმეზე მსჯავრდადებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებებს სააპელაციო განხილვის ეტაპზე აფორმებს. საპროცესო გაუფორმეს მსჯავრდადებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სასჯელის მოხდას პირობითი მსჯავრის ქვეშ გააგრძელებს.
საპროცესო გაუფორმეს ნიკოლოზ გვენცაძესა და ზაქრო ალბუთაშვილს. მათ ციხე 8 ოქტომბერს დატოვეს.
19 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი ზურაბ ჭავჭანიძე - "ბათუმელი მედროშე".
ასევე ნახეთ
კიდევ ერთი საპროცესო 4 ოქტომბრის საქმეზე - ზურაბ ჭავჭანიძე ციხეს ნოემბერში დატოვებსპოლიტიკოსების ჩათვლით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.
საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 20-ზე მეტი დაკავებული.
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ასევე საპროცესოთი გათავისუფლდება - 12.
პატიმრობა მიუსაჯეს თხუთმეტს.
ჯერ საპროცესო გაუფორმეს, შემდეგ კი შეთავაზების გაუქმება და დაპატიმრება მოითხოვეს გიორგი კირვალიძის შემთხვევაში. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა.
- გასული წლის 4 ოქტომბერს, მაშინ, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
- სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.
- ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.