წითელი ფრთები, ახლობელი უცხო: ენ კარსონის ფრაგმენტები

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

წითელი ფრთები, ახლობელი უცხო: ენ კარსონის ფრაგმენტები

ერთი ძველი, მითოლოგიური ურჩხული ხდება გონიერი და ნიჭიერი ბიჭი. მას სახელად გერიონი ჰქვია, ფოტოების გადაღება უყვარს და წითელი ფრთები აქვს, რომლებსაც პალტოს ქვეშ, დაკეცილებს მალავს. ძველ ამბავში გერიონს კლავს ჰერაკლე - ბერძნული კულტურის სიმბოლო და გმირი. ახალ ვერსიაში ჰერაკლე წითელ ბიჭს მოუკლავს გულს, არანაკლებ ეპიკური ჭრილობით. ესაა ამბავი იმაზე, თუ როგორია იყო ერთადერთი ფრთებიანი არსება სკოლაში; და იმ უზარმაზარ, ვულკანურ ტრანსფორმაციაზე, რომელსაც ამ მგრძნობიარე „ურჩხულის“ სული ჩვენ თვალწინ, უჩუმრად განიცდის - გარიყულობის, აუტსაიდერობისა და დამანგრეველი სიყვარულის „ცეცხლში“ გავლის შედეგად.

ამ წიგნს „წითლის ავტობიოგრაფია“ ჰქვია, და ის ენ კარსონს ეკუთვნის. კანადელ ავტორს და ჩემს საყვარელ მწერალს, რომელსაც წელს ნობელის პრემია მიანიჭეს.

„ენ კარსონი ტორონტოში დაიბადა და თავს ძველი ბერძნულის სწავლებით ირჩენს“ - ასე აწერია ხოლმე მისი წიგნების ყდებს. კარსონი უნიკალური ავტორია, იმდენად, რომ კრიტიკოსებმა ვერ გაარკვიეს რა უწოდონ - იგი პოეტია, პოეტურ პროზას წერს, ესეისტია, სწავლულია, მთარგმნელია, პროფესორია, ექსპერიმენტატორია. წიგნებს კარსონი ზოგჯერ თავისივე ნახატებით აფორმებს - ახალგაზრდობაში სურდა მხატვარი გამოსულიყო.

როცა პატარა გოგო იყო, ენ კარსონი ერთი წიგნით ისე მოხიბლულა, რომ გვერდები ამოუხევია და მათი შეჭმა უცდია. წიგნმა ისე მომნუსხა, მინდოდა ის პირდაპირი მნიშვნელობით ჩემს ნაწილად მექციაო, იხსენებდა მოგვიანებით. ლიტერატურის და ხელოვნების მიმართ ეს მწველი, ფიზიკური შიმშილი მას თან გაჰყვა. იგი სწორედ ასეთი ვნებით ქმნის პოეზიის, პროზის, მემუარების, აკადემიური ნაშრომების, პიესების, ვიზუალური ხელოვნებისა და კლასიკური ფრაგმენტების კოლაჟებს.

„ასათიანის კუთხის წიგნების“ ამ ეპიზოდში მის ბევრ წიგნზე მოგიყვებით - ოღონდ ფრაგმენტულად და არათანაბრად. ისე მოხდა, რომ ენ კარსონის მგრძნობელობით სწორედ ამ ზაფხულს გავხდი შეპყრობილი, და მის ტექსტებზე ლაპარაკი მხოლოდ ასე შემიძლია - ნაწყვეტებად და მღელვარედ. მათ შორის მისი ასეთი სიტყვების გამო:

“დედაჩემი უკან-უკან სიარულს გვიკრძალავდა. ამბობდა, მკვდრები დადიან ასეო. საიდან მოიტანა ეს? ალბათ რომელიღაც ცუდი თარგმანიდან. მკვდრები უკან-უკან არ დადიან, მაგრამ ჩვენს უკან კი დადიან. მათ ფილტვები არ აქვთ, რომ დაგვიძახონ - არადა, ძალიან უნდათ, უკან მივიხედოთ. ისინი სიყვარულის მსხვერპლები არიან. ბევრი მათგანი.”

და ამ უჩვეულო, თავზარდამცემი ტონალობის გამოც, რომლითაც ის სიყვარულს ნგრევის მომტან, ველურ ენერგიად აღწერს:

„შეყვარებული ადამიანები საზარლები არიან. ხედავ, დამშეულები როგორ დაეძგერებიან ერთმანეთს, პრეისტორიული მგლებივით. ხედავ, როგორ იბრძვის მათ შორის რაღაც სიცოცხლისთვის - ფესვივით, ან სულივით, წამით აელვარდება, და მერე ისინი მას ამსხვრევენ. მათ შორის არსებული განსხვავება მას ძვლებს უმსხვრევს. ასეთი სათუთი ძვლები”.

კარსონი კლასიკური ფილოლოგია, თუმცა ძველ ტექსტებს ის ნაძალადევად არასოდეს მოარგებს ხოლმე ჩვენს რეალობას. ძველი ტექსტები და ტრადიციები მასთან ჩვენი „ახლობელი“ არ ხდება, უცნაურად და უცხოდ რჩება - მაგრამ ჩვენს გამოცდილებაზე მაინც ბევრს გვეუბნება. როგორც წითელი და ფრთებიანი ბიჭი, რომელიც უფროს ძმასთან ერთად საბავშვო ბაღში მიდის და რომელსაც მყისიერად ვცნობთ და გვიყვარდება. ძველი კულტურები და ენები კარსონისთვის ჰგავს უცხო ნავსაყუდელს, რომელიც სტუმართმოყვარეა და მაინც ყოველთვის მიგიღებს.

სიტყვებს კარსონი ეკონომიურად ხარჯავს - ზუსტად და ცოტ-ცოტას. ის სიტყვებს უსმენს, მისდევს, შლის, ცვლის და აუცნაურებს. ხოლო იქ, სადაც სიტყვა უკვე იკარგება, ბეჭდავს სიჩუმეს - ცარიელ ადგილს. წერის პროცესზე ლაპარაკისას კარსონი ლირიკულია, დისტანციური და თვითირონიული. იხსენებს, რომ ყოველთვის უნდოდა ოსკარ უაილდს დავმსგავსებოდა და დამწყებ მწერლებს ურჩევს, წერა დაიწყონ „შუიდან“.

ეპიზოდის პირველ ნაწილში ბევრს - შესაძლოა მეტისმეტად ბევრს - ვილაპარაკებთ მის წითელ და ფრთებიან გერიონზე. „წითლის ავტობიოგრაფია“ კარსონის ყველაზე ცნობილ წიგნად მიიჩნევა და ის მეც გამორჩეულად მიყვარს.

მოგიყვებით მის ჯერჯერობით ბოლო წიგნზე, „არასწორი ნორმა“ - რომელიც გამოიხმობს ჯოზეფ ჯონრადს, გუანტანამოს, ფლობერს, თოვლს, სიღარიბეს, იესოს ტერფებს. ეს ფრაგმენტები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, და ამიტომაც დავარქვი წიგნს „არასწორიო“ - ამბობს კარსონი. სატელეფონო ინტერვიუსაც მოგასმენინებთ ბეკეტის გოდოსთან - რომელსაც სახელად თურმე რასტი ჰქვია, და სანამ ყველა დანარჩენი მის მოლოდინშია, თავად მოწყენილობას ებრძვის.

ჯონ კიტსმა - ინგლისელმა რომანტიკოსმა პოეტმა - საქვეყნოდ განაცხადა, რომ „სილამაზე არის ჭეშმარიტება“. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა სილამაზე ტყუის? გიამბობთ წიგნზე „ქმრის სილამაზე“, რომელსაც კარსონი გრძელი და მოკლე წინადადებების მონაცვლეობით, ტანგოს რიტმით წერს. ეს წიგნი ქორწინების დასასრულზეა. მთხრობელი - მიტოვებული ცოლი - ინგრევა; მაგრამ თავისი მოღალატე და ძალიან ლამაზი ქმრის მიმართ თავის დამანგრეველ, ჯიუტ ვნებას არ თმობს.

ვილაპარაკებთ კარსონის ესეზე “დეკრეაცია: როგორ განასიტყვებენ საფოს, მარგერიტ პორეტის და სიმონ ვეის მსგავსი ქალები ღმერთს". ესაა წიგნი მისტიკური წერის ტრადიციაზე - ქალებზე, რომლებიც ცდილობდნენ წერით მიახლოებოდნენ სიტყვით გამოუთქმელს, და ამ პროცესში საკუთარი თავიც გადაელახათ. ასევე გიამბობთ, როგორ ცოცხლდება კარსონის მიერ თარგმნილ ფრაგმენტებში საფო - რომელზეც დაზუსტებით თითქმის არაფერი ვიცით, მაგრამ სურვილის და ლტოლვის ენერგიით დამუხტული პოეზიით ის წარმოსახვას ახლაც გვიფორიაქებს.

საფო იყო პირველი ავტორი, რომელმაც ეროსს უწოდა სიტყვა glukupikron - ანუ ტკბილ-მწარე. ამ სიტყვას ეძღვნება ენ კარსონის კიდევ სხვა, საოცარი და ადრეული წიგნი - რომ ბერძნების აღქმით, ეროსი ნაკლულობას ნიშნავს. სიყვარულისკენ სწრაფვა ცოდნისკენ სწრაფვას ჰგავს - შეყვარებულებიც და მოაზროვნეებიც განწირულები არიან იმისთვის, რომ მათი სურვილის ობიექტი ბოლომდე მიუწვდომელი და შეუცნობელი რჩებოდეს. ადამიანის ფიქრს, ხელოვნებასა და შემოქმედებას ნაკლულობის ენერგია ამოძრავებს. რადგან ეროსი წარმოსახვის აქტია, რომელიც შეუძლებელ კავშირებს ფიგურალური ენით, მეტაფორით ქმნის.