სომხეთში რატიფიცირებულია აშშ-სომხეთის შეთანხმება „ტრამპის მარშრუტის" განსახორციელებლად

სომხეთის პარლამენტს შეთანხმება რატიფიცირებისთვის წარუდგინა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა

სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რატიფიცირებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ჩარჩო შეთანხმების, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელებას.

სომხეთის პარლამენტში კენჭისყრა 28 ოქტომბერს ჩატარდა. ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 63-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი იყო 32 დეპუტატი ოპოზიციური ფრაქციებიდან „სომხეთი“ და „ძლიერი სომხეთი“.

პარლამენტს დოკუმენტი რატიფიკაციისთვის წარუდგინა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტით გათვალისწინებული მთელი ინფრასტრუქტურა სომხეთის იურისდიქციის ქვეშ იქნება.

მინისტრმა დეპუტატებს განუმარტა, რომ პროექტი TRIPP ითვალისწინებს რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვას, რაც სომხეთს შესაძლებლობას მისცემს, აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით დაუკავშირდეს მესამე ქვეყნებს და ასევე უზრუნველყოს შიდა სარკინიგზო მიმოსვლა. თავის მხრივ, აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით ექნება კავშირი ნახიჩევანთან.

ასევე ნახეთ

„ტრამპის მარშრუტის“ საინვესტიციო ფონდს (TRIPP+) კონსტანტინ სოკოლოვი უხელმძღვანელებს - ვინ არის იგი
  • TRIPP-ს საფუძველი ჩაეყარა 2025 წლის აგვისტოდან, როცა ვაშინგტონში, თეთრ სახლში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას.
  • 2026 წლის 26 მაისს ჩარჩო შეთანხმებას ხელი ერევანში მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
  • პროექტ TRIPP-ს განახორციელებს კომპანია TRIPP Development Company, რომლის 74%-იანი წილი აშშ-ისაა, ხოლო 26% - სომხეთის.

ასევე ნახეთ

„უკან, კულისებში ჩანს“ - „შუა დერეფანი“, მისი აქტორები და საქართველოს პოზიციონირება