29 ოქტომბერს დილით ლუბინეცმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის დელეგაციასთან ერთად მიემართება ოლეშკისკენ „ჰუმანიტარული მისიის რეალიზაციისთვის“.
უკრაინის ომბუდსმენის ინფორმაციით, ოლეშკიში წარმატებით მიმდინარეობს ჰუმანიტარული მისიის განსახორციელებლად აუცილებელი მარშრუტების განაღმვა, ტვირთის ჩატანა კი 30 ოქტომბერს იგეგმება.
ასევე ნახეთ
უკრაინის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდარუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „ზვეზდას“ ცნობით, ალეშკიში (რუსეთი ქალაქს ალეშკის უწოდებს) გაემგზავრა ადამიანის უფლებების საკითხებში რუსეთის წარმომადგენელი იანა ლანტრატოვაც და გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა „ზვეზდას“ განუცხადა, რომ რუსი სამხედროები განაღმვის სამუშაოებს ატარებენ და მალე შესაძლებელი იქნება ალეშკის მცხოვრებთა უსაფრთხო ევაკუაცია.
- მხარეებს ოფიციალურად არ უთქვამთ, რომელი მარშრუტით მოხდება ევაკუაცია. ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის წყაროთა ცნობით, ოლეშკის მცხოვრებთ ჯერ რუსეთის ქალაქ ანაპაში ჩაიყვანენ, ხოლო შემდეგ ბელარუსის ქალაქ გომელში.
აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინფორმაციით, ოლეშკიში ჰუმანიტარული მისიის რუს და უკრაინელ ხელმძღვანელებთან ერთად „ნეიტრალურ დამკვირვებლებად“ იქნებიან ამერიკული ტელეარხის, Newsmax-ის ჟურნალისტები. მელანია ტრამპის თანახმად, ოთხი ჟურნალისტი დამოუკიდებლად გადაიღებს და დააფიქსირებს „ამ ისტორიულ ჰუმანიტარულ მისიას".
ჰუმანიტარული კატასტროფა და დროებითი ზავი
ოკუპირებული ოლეშკი მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს ქალაქ ხერსონთან, რომელიც მარჯვენა ნაპირზეა და უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.
კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ ოლეშკიზე მუდმივ დარტყმებში, რომელთა გამოც ქალაქის მცხოვრებთათვის შეუძლებელი იყო საჭირო პროდუქტების მიწოდება.
ოლეშკისა და მის მეზობელ სოფლებში ჰუმანიტარული კატასტროფა შეიქმნა.
23 ოქტომბერს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მონაწილეობით რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე ოლეშკის რაიონში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მომზადდეს მოსახლეობის ევაკუაცია.
ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
- მოხალისეთა ჯგუფების მონაცემებით, 2026 წლის შემოდგომისთვის ქალაქ ოლეშკიში დარჩენილია დაახლოებით 1500-1700 ადამიანი, მეზობელი სოფლების ჩათვლით კი - დაახლოებით 6000, მათ შორის 200-მდე ბავშვი.