რუსეთმა გერმანიისგან 79 მილიონი ევროს პროთეზები და ხელოვნური სახსრები შეიძინა 

„როსტეხის“ მონაცემებით, პროთეზირების საჭიროების მქონე ადამიანებს შორის ახალგაზრდების წილი 8%-დან 15–20%-მდე გაიზარდა.

2026 წლის პირველ ნახევარში გერმანიამ რუსეთს 79 მილიონი ევროს ღირებულების კიდურების პროთეზები და ხელოვნური სახსრები მიაწოდა - იუწყება Forbes-ი ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ ეს რაოდენობა თითქმის მესამედით (19 მილიონი ევროთი) აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. ჟურნალისტები წერენ, რომ რუსეთი 2021 წელთან შედარებით 5,4-ჯერ მეტ ხელისა და ფეხის პროთეზებს ყიდულობს, მკვეთრი მატება დაიწყო 2024 წლიდან.

ხელისა და ფეხის პროთეზებსა და მათ კომპონენტებზე 41,2 მილიონი ევრო დაიხარჯა, ხოლო ენდოპროთეზების, ანუ მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და სხვა ხელოვნური სახსრების შესასყიდად – 37,8 მილიონი ევრო.

„როსტეხის“ მონაცემებით, პროთეზირების საჭიროების მქონე ადამიანებს შორის ახალგაზრდების წილი 8%-დან 15–20%-მდე გაიზარდა, რაც ძირითადად უკრაინის ომში დაჭრილი სამხედროების ხარჯზე მოხდა.

ასევე ნახეთ

166 ათასი დაჭრილი და ავადმყოფი - რუსეთის ჰოსპიტლების ბაზის მონაცემები

პროთეზების მწარმოებელი კომპანია Steplife-ის გენერალურმა დირექტორმა, ივან ხუდიაკოვმა მოთხოვნის ზრდა დაუკავშირა იმას, რომ ახლა პროთეზებს უფრო სწრაფად გასცემენ და თან უფრო რთული კონსტრუქციებია საჭირო.

მან განაცხადა, რომ რუსი მწარმოებლები ვერ ეწევიან მზარდ მოთხოვნას. ამჟამად ადგილობრივი პროდუქცია ბაზრის 80%-ს იკავებს რაოდენობრივად (ნატურალურ გამოხატულებაში), ხოლო ფულად გამოხატულებაში – მხოლოდ 30%-ს. ძვირადღირებული, მაღალტექნოლოგიური კომპონენტების სეგმენტში კი იმპორტის წილი 70%-ს აღწევს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რუსეთში დამზადებული პროთეზების 80% მარტივი და იაფფასიანია, ამიტომ ბაზარზე დახარჯული მთლიანი ფულის მხოლოდ 30%-ს შეადგენს.

ასევე ნახეთ

მოსკოვს სულ უფრო ძვირი უჯდება ახალი „საზარბაზნე ხორცი“