ახლობლები ამბობენ, რომ ორმოცდახუთი წლის სერგეი კურაკულოვი, ქალაქ სტარი-ოსკოლიდან ცემითა და ყალბი ხელმოწერით გააგზავნეს მოიერიშე ქვედანაყოფში. ოცდაერთ ოქტომბერს სერგეი საბრძოლო დავალებაზე გავიდა და მას შემდეგ მისი არაფერი ისმის.
იჟევსკში უცნობებმა ადგილობრივი მამაკაცი პირდაპირ ქუჩაში შეიპყრეს და მუქარით აიძულეს კონტრაქტი გაეფორმებინა. ამის შესახებაც ოჯახი იტყობინება.
ოცდაშვიდი წლის ნიკიტა სერგეევი პეტროზავოდსკიდან, რომელიც ცუდი მხედველობის გამო სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად იყო ცნობილი, უფლებადამცველების თქმით, სამხედრო კომისარიატში შეიტყუეს და ფრონტზე განაწესეს.
მსგავს ფაქტებზე იტყობინებიან რუსეთის სულ მცირე ოცდაცამეტი რეგიონისა და ანექსირებული ყირიმის მცხოვრებლები. ეს მონაცემები გამოცემა „ვიორსტკამ“ ოთხ უფლებადამცველ ორგანიზაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. საჩივრები თორმეტი აგვისტოდან თორმეტი ოქტომბრის პერიოდს მოიცავს. ორმოცდაცხრა მიმართვა მიიღო მოძრაობამ „გაცნობიერებული უარი“.
ასევე ნახეთ
"ადამიანს ომში ყიდიან" - როგორ მიჰყავთ რუსი მოვალეები "მოხალისეებად"„მას გაუთავებლად სცემდნენ“
სერგეი კურაკულოვი მეუღლესთან ერთად სამ შვილს ზრდის, უმცროსი ჯერაც ჩვილია. ცხრამეტ სექტემბერს მათ სახლში ორი ქალი მივიდა, ისინი სოცმუშაკებად გაეცვნენ. უთხრეს, რომ სერგეის საბუთები უნდა შეემოწმებინათ.
„სეროჟა იმ დღეს მეგობართან იყო, ცოლი კი გაბრიყვდა და მისამართი უთხრა. ბავშვებით მანიპულირებდნენ - ვითომ დასახმარებლად მოვიდნენ. არ იცოდა, რომ კაცებს იტაცებენ“, - ამბობს ოჯახის მეგობარი სვეტლანა (უსაფრთხოების მიზნით სახელები შეცვლილია).
იმავე დღეს, სერგეის მეგობარმა მის ცოლს დაურეკა და შეატყობინა, რომ სერგეი სადღაც წაიყვანეს. ახლობლებმა პოლიციაში, საავადმყოფოებსა და პროკურატურაში დაიწყეს რეკვა. დიდი გაჭირვებით გაარკვიეს, რომ სერგეი ბელგოროდში გადაეყვანათ, სადაც ის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესარჩევთა სიებში აღმოჩნდა.
„კავშირის გარეშე იყო, ყველა ტელეფონი გადავწვით - პოლიცია, საავადმყოფოები, პროკურატურა. მეორე დღეს ვიპოვეთ. კიდევ ერთ დღეში უკვე ვორონეჟის სასწავლო ნაწილში ამოყო თავი. გაირკვა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში გამუდმებით სცემდნენ. ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. მას არაფერზე მოუწერია ხელი - ბავშვები ჰყავს. ეუბნებოდა: მშენებლობაზე ვმუშაობ, ოჯახსა და შვილებთან უნდა დავბრუნდეო, - ჰყვება სვეტლანა. - ამ ნაძირალებს კი ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. იმავე დღეს ცხვირწინ აუფრიალეს ვითომ მისივე ხელმოწერილი კონტრაქტი. ყალბი ხელმოწერით! ეს არ არის სერგეის ხელმოწერა!“
სერგეი ლუგანსკის ოლქში გაგზავნეს და მოიერიშე ქვედანაყოფში ჩარიცხეს. ამის შესახებ მანამდე ბელგოროდის გამოცემა „პეპელიც“ იტყობინებოდა.
ასევე ნახეთ
რა ხდება რუსეთის ჩრდილოვან ბატალიონებშისერგეის ცოლმა საგამოძიებო კომიტეტს, სამხედრო პროკურატურასა და სხვა უწყებებს მიმართა და ჯარში მისი გაწვევის გარემოებების შემოწმება მოითხოვა. ახლობლების თქმით, ამ მიმართვების შემდეგ ოჯახის მისამართით მუქარები წამოვიდა. უცნობი პირები ცოლს ტელეფონით ურეკავდნენ და მას და მის შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. სცემდნენ თავად სერგეისაც.
„სეროჟას კვლავ სცემეს და იარაღის მუქარით იერიშზე გაუშვეს. ოცდაერთ ოქტომბერს წავიდა, მორჩა, ისევ არ არის კავშირზე“, - ამბობს სვეტლანა და დასძენს, რომ მანამდე სერგეიმ ცოლთან დარეკვა მოასწრო, უთხრა, ნუ დამელოდებით, მე ვერ დავბრუნდები, სასაკლაოზე მივდივარო.
„რა თქმა უნდა, აიძულეს, ცოლს უთხრა: ბავშვებით დამემუქრნენ. მივდივარ, რომ თქვენ არ შეგეხონო. ლაპარაკისას ძლივს სუნთქავდა და ტიროდა“, - ამბობს სვეტლანა.
ის ამტკიცებს, რომ ადგილობრივებმა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თავს სოცმუშაკებად ასაღებდნენ და ოჯახებში დადიოდნენ ოცდამეთექვსმეტე სკოლის დირექტორი მარია რევუაკინა იცნეს.
ასევე ნახეთ
რუსეთი „სახარჯ ცოცხალ ძალას“ სხვადასხვა გზით ეძებს„ის ზორბა კაცების ბრბოსთან ერთად დადის. სერგეის ცოლს რომ ემუქრებოდა, უთხრა: „მე ვერ გაიძულებ გაჩუმებას, ისინი გაიძულებენ!“. მუქთად ხომ არ იტაცებენ ხალხს, ფულის გამო აკეთებენ ამას“, - ამბობს სვეტლანა.
თავად რევუაკინა რედაქციასთან საუბარში ამ ბრალდებას უარყოფს.
„საერთოდ რაზე ლაპარაკობთ? სკოლაში ვმუშაობ“, - დაწერა მან „ვკონტაქტეს“ ჩატში.
„ამოწმებდნენ, ჰყავდა თუ არა ცოლ-შვილი, ვინ დაუწყებდა ძებნას“
იჟევსკიდან ოცდაექვსი წლის ალექსანდრე უცნობებმა თხუთმეტ სექტემბერს გაიტაცეს. ამის შესახებ ინსტაგრამზე მისმა დამ, ვიქტორია პესტელევამ ისაუბრა.
ალექსანდრე
კაფესთან იდგა, როდესაც მასთან უცნობი მამაკაცი მივიდა და ვინაობა ჰკითხა.
„საშამ ყველაფერი უთხრა, არავის ემალებოდა - არც ვალი ჰქონდა, არც ნასამართლობა, რისი უნდა შეშინებოდა?! - ჰყვება ოჯახის მეგობარი ოქსანა. - შემდეგ ამ კაცმა საშას განუცხადა, სამხედრო კომისარიატი გეძებსო. წამოდი აი, იმ მუქ ლურჯ „ლადა გრანტასთან“, შენი საბუთები შევამოწმოთო. მანქანაში კიდევ ერთი ბიჭი იჯდა პასპორტით ხელში, ისიც გაოგნებული იყო“.
მანქანაში ალექსანდრეს პასპორტი ჩამოართვეს და დაუწყეს გამოკითხვა, ჰყავდა თუ არა ცოლი, შვილები, ჰქონდა თუ არა ოფიციალური სამსახური.
„ახლა კი გვესმის, რომ ასე ამოწმებენ, მოძებნის თუ არა ვინმე გატაცებულს. არ იცოდნენ, რომ საშას და და სიძე ჰყავს. გადაწყვიტეს, რომ არავინ მოიკითხავდა, ტელეფონი წაართვეს, თავი დაახრევინეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს“, - ამბობს ოქსანა.
მოგვიანებით ალექსანდრე მიხვდა, რომ საკონტრაქტო სამსახურის შერჩევის პუნქტში აღმოჩნდა. ოქსანას თქმით, იქ უცნობებმა მისი სახელით დოკუმენტების შევსება დაიწყეს და მოსთხოვეს, ხელი წაუკითხავად მოეწერა.
„როდესაც იუარა, ცემით დაემუქრნენ. უყვიროდნენ, ახლა გაგლახავთ და მერე მაინც ციხეში ჩაჯდებიო. ემუქრებოდნენ, რომ ჯიბეებში „რამე აკრძალულს უპოვიდნენ“. მიანიშნებდნენ, რომ ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ. მერე კი, ვითომ ციხეში წახვალ და იქიდან, კოლონიიდან, მაინც „წაგიყვანენ ომშიო“. ასეთი წნეხის შემდეგ მან კონტრაქტს ხელი მოაწერა“, - ჰყვება ოქსანა.
თხუთმეტი სექტემბრის საღამოს ალექსანდრემ სხვისი ტელეფონით დასთან დარეკვა მოახერხა: „აბა, ჰე, ვეღარ მნახავთ“, - უთხრა მას.
ახლობლებმა საჩივრებით მიმართეს საგამოძიებო კომიტეტსა და პროკურატურას. მათი თქმით, ამის შემდეგ ალექსანდრეს დაემუქრნენ, შენმა დამ ხმა ჩაიწყვიტოსო. ოქსანა ამბობს, რომ საშა ახლა უკვე როსტოვის ოლქშია და მოიერიშე ქვედანაყოფში გაგზავნას ელოდება.
მოგვიანებით, ალექსანდრეს ნათესავებმა გაერთიანება შესთავაზეს სხვა ოჯახებსაც, რომლებიც მსგავსი გარემოებების წინაშე აღმოჩნდნენ. ამას 15 ოქტომბერს კოლექტიური ვიდეომიმართვის გავრცელება მოჰყვა.
ასევე ნახეთ
როგორ აიძულებენ რუსეთში ახალწვეულებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის ხელმოწერასერთ-ერთმა ქალმა თქვა, რომ მამამისმა კონტრაქტს ხელი შიშის გამო მოაწერა მას შემდეგ, რაც მის თვალწინ სხვა კაცი სცემეს, რომელმაც ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. კიდევ ერთმა ქალმა ძმაზე ილაპარაკა, რომელიც III ჯგუფის შშმ პირია, ისიც აიძულეს კონტრაქტი გაეფორმებინა.
ქალებმა ამ შემთხვევების გამოძიება მოითხოვეს.
ფრონტზე მხედველობის გარეშე
27 წლის ნიკიტა სერგეევი პეტროზავოდსკიდან, რომელიც ობოლია და მხედველობის მძიმე დარღვევა აქვს, რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა სამსახურს. სექტემბერში განცხადება ნახა - სარემონტო სამუშაოებზე მუშები სჭირდებოდათ.
ნიკიტა სერგეევი
უფლებადამცველების თქმით, პოტენციურმა დამსაქმებლებმა მას აუხსნეს, რომ დასაქმებამდე სამედიცინო კომისიის გავლა იყო საჭირო და სამხედრო კომისარიატში გაგზავნეს.
სერგეევის საქმესთან დაკავშირებული ადვოკატის თქმით, პეტროზავოდსკში ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ ის სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ცნო და ეს სამხედრო ბილეთშიც ჩაწერა.
მიუხედავად ამისა, ნიკიტა სამხედრო კომისარიატიდან არ გამოუშვეს.
უფლებადამცველის თქმით, ნიკიტა ძალით ჩასვეს ავტომობილში, შემდეგ კი თვითმფრინავებით ბლაგოვეშჩენსკში გადაიყვანეს. ამურისპირეთში სერგეევს სამხედრო ბილეთი ჩამოართვეს და იძულებით გაგზავნეს განმეორებით სამედიცინო შემოწმებაზე.
ნიკიტა უფლებადამცველებს უყვებოდა, რომ ადგილობრივ სამხედრო კომისარიატში ხედავდა, როგორ სცემდნენ სხვა მამაკაცებს, რომლებიც იქ ასევე მოტყუებით ან მუქარით მიიყვანეს.
„ექიმის კაბინეტში ის ორმა სამხედრომ შეიყვანა და უბრძანა, ეთქვა, რომ სრულიად ჯანმრთელია. ამასთან, ოფთალმოლოგს ნიკიტა საერთოდ არ გაუსინჯავს“, – ამბობს ანასტასია ვოლხონოვა, უფლებადამცველი მოძრაობიდან „გაცნობიერებული უარი“.
ამის შემდეგ, უფლებადამცველების თქმით, სერგეევს იძულებით მოაწერინეს ხელი კონტრაქტზე და ძალით გადაიყვანეს № 61424 სამხედრო ნაწილში.
21 ოქტომბერს საბრძოლო დავალებაზე გასვლის შემდეგ სერგეი კურაკულოვი კავშირზე არ გამოსულა. ნიკიტა სერგეევის ბოლო ადგილსამყოფელი არის პოლიგონი დონეცკთან. ალექსანდრე კი, როგორც მისი ახლობლები ამბობენ, მოიერიშე ქვედანაყოფში გაგზავნას ელოდება.