ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკმა 29 სექტემბერს ზეწოლა გააძლიერა ისრაელელ არაბ პოლიტიკურ ლიდერებზე, უცხოური დაფინანსების დაუსაბუთებელი ბრალდებებით.
ნეთანიაჰუ ცდილობს, დაასუსტოს პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულონ მთავრობის ფორმირებაში არჩევნების შემდეგ.
ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა შესაბამის უწყებებს თაღლითობის შესახებ ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდა, თუმცა გამოვიდა გაფრთხილებით, არ მოხდეს სტიგმატიზაცია ისრაელის მთელი არაბი საზოგადოებისა, რომელმაც არჩევნებში უპრეცედენტო აქტივობა აჩვენა.
არაბულ-ისრაელურმა „ერთობლივმა სიამ“ - პარტიების ჯგუფმა - ხუთშაბათს განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი ბლოკის მხრიდან არჩევნებში დარღვევების შესახებ გაჟღერებული ბრალდებები ააშკარავებს მათ შიშს არაბული საზოგადოების ახლად მოპოვებული პოლიტიკური გავლენის მიმართ.
„ერთობლივი სია აცხადებს, რომ ნეთანიაჰუსა და მისი ფაშისტური კოალიციის მიერ არაბული საზოგადოების არჩევის წინააღმდეგ წამოწყებული წამქეზებლური კამპანია ააშკარავებს მათ შიშს
ამ უკანასკნელის პოლიტიკური ძალის მიმართ“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელშიც ისინი მოუწოდებენ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე „ოპოზიციურ ბანაკს, შეწყვიტოს ტყუილების გამეორება“.
ისრაელში მთავრდება ბიულეტენების დათვლის პროცესი. ჯერ ვერც ნეთანიაჰუმ და ვერც ოპოზიციურმა ბლოკმა, არმიის გენშტაბის ყოფილი უფროსის, გადი აიზენკოტის ხელმძღვანელობით, ვერ შეძლეს უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში - ქნესეთში.
ისრაელის არჩევნებზე აღინუსხა ისრაელელი არაბების - იმ პალესტინელთა შთამომავლების, რომლებიც დარჩნენ 1948 წელს ქვეყნის შექმნის შემდეგ - მზარდი მონაწილეობა.
მანამდე ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირი გამოვიდა მოწოდებით, რომ მათ საზოგადოებას ისევე მოეპყრონ, როგორც ისრაელი ექცევა პალესტინელებს ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე.
პარტია „რაამის“ ლიდერმა მანსურ აბასმა განაცხადა, რომ მიესალმება გადაცდომების შესახებ პრეტენზიების გამოძიებას და დასძინა, რომ მის ზომიერ ისლამისტურ პარტიას „არანაირი კავშირი“ არ აქვს ამ ბრალდებებთან.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნოამ სოჰლბერგმა, კონსერვატორმა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს, მოითხოვა გამოძიება შინ ბეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ იმ ბრალდებებზე, რომ „რაამმა“ ფული მიიღო კატარისგან, სპარსეთის ყურის ენერგორესურსებით მდიდარი გავლენიანი სახელმწიფოსგან.
მთავრობის ოფიციალურ პირებს არ წარუდგენიათ მტკიცებულებები ბრალდებების დასადასტურებლად, ხოლო მემარცხენე კანდიდატმა იაირ გოლანმა ნეთანიაჰუ დაადანაშაულა უმრავლესობის მოპოვების წარუმატებლობის შემდეგ აურზაურის ატეხის მცდელობაში.
„ახლა ის ცდილობს, ეჭვქვეშ დააყენოს არჩევნების შედეგები ხალხის ნების და კერძოდ, არაბი საზოგადოების, უშნო დელეგიტიმაციის კამპანიის მეშვეობით“.
თვითონ ნეთანიაჰუ დიდხანს იმყოფებოდა კატართან დაკავშირებული ბრალდებების ჩრდილქვეშ მას შემდეგ, რაც გასულ წელს მისი ორი თანაშემწე დააკავეს სპარსეთის ყურის სახელმწიფოსგან თანხების სავარაუდო მიღების გამო.
კატარმა კატეგორიულად უარყო ჩარევის შესახებ ბოლო ბრალდებები.
ხმების თითქმის 93 პროცენტის დათვლის შემდეგ, ნეთანიაჰუს ბლოკს 53 მანდატი ჰქონდა, ხოლო აიზენკოტის მეთაურობით მოქმედ ოპოზიციურ ძალებს 48 - ორივე ბევრად ნაკლებია მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 მანდატზე.
ორი ძირითადი არაბული გაერთიანება ერთად შეიძლება უპრეცედენტო 19 მანდატს დაეპატრონოს.
იუსეფ ჯაბარინმა, მემარცხენე არაბული უმრავლესობის მქონე „ერთობლივი სიის“ ხელმძღვანელმა, ოთხშაბათს AFP-ს განუცხადა, რომ ის მზად იყო ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის ნეთანიაჰუს
ჩამოსაგდებად, თუმცა მასთან ერთად მთავრობაში შესვლის გარეშე.
ისრაელის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გამოიძიებენ ყველა საჩივარს საარჩევნო კეთილსინდისიერების შესახებ.
პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავეს სამი ეჭვმიტანილი, თუმცა საარჩევნო კომისიამ ამას უწოდა იზოლირებული ადგილობრივი შემთხვევა.
პრეზიდენტი ჰერცოგი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გადაწყვეტს, ვის დააკისროს მთავრობის ფორმირება.