ირანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან წერილი მიიღო, თუმცა პასუხი ჯერ არ გაუცია - მედია

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ლუცერნის შეხვედრაზე, რომელიც ოთხი ქვეყნის, აშშ-ის, ირანის, პაკისტანის და კატარის წარმომადგენლებს შორის შედგა ირანის ომის დასრულების გზების მოსაძებნად. 21 ივნისი, 2026 წელი

ირანულმა მედიამ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისგან წერილი მიიღო, თუმცა პასუხი ჯერ არ გაუცია. ეს ხდება მაშინ, როდესაც ცდილობენ, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდეს.

საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი იტყობინება, რომ „ირანმა წერილი მიიღო, თუმცა პასუხი ჯერ არ გაუცია“. მსგავს ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Fars-იც, „წყაროზე [დაყრდნობით], რომელიც ვითარებას იცნობს“.

ოთხშაბათს, „Wall Street Journal“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენსმა წერილი ირანის უშიშროების უფროსს, მოჰსენ რეზაის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით გაუგზავნა, მოლაპარაკებების განახლების და აშშ-ის ახალი დარტყმების თავიდან აცილების მიზნით.

გაზეთის ცნობით, წერილი და შემდგომი კონტაქტი აშშ-ისა და ირანის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების შესაძლო ჩარჩოზე იყო ორიენტირებული და არა სამშვიდობო შეთანხმების კონკრეტულ პირობებზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ირანთან წერილის გაგზავნა ქვეყნისთვის სამედიცინო მარაგების მოპოვებაში დახმარებას ისახავდა მიზნად. ეს ტრამპა განაცხადა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვენსმა თეირანის უსაფრთხოების უწყების უფროსს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მოთხოვნით წერილი მისწერა.

ომი 28 თებერვალს დაიწყო - აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი დარტყმებით, რომელთა შედეგადაც დაიღუპნენ ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და სამხედრო სარდლობის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საპასუხოდ, ირანმა იერიშები მიიტანა ისრაელსა და რეგიონში არსებულ აშშ-ის ობიექტებზე, ასევე შეზღუდვები დააწესა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობაზე - საზღვაო გზაზე, რომელზეც, ჩვეულებრივ, მსოფლიოს ბაზრებზე ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის.

შეერთებულმა შტატებმა ასევე ბლოკადა დაუწესა ირანის პორტებს.

აღნიშნული მიმოწერის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც ომის დასრულებისკენ მიმართულმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ ჯერჯერობით ვერ გამოიღო შედეგი და ვერ გაფორმდა ხანგრძლივი შეთანხმება.

ოთხშაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ თეირანი შუამავლებთან - ძირითადად კატარსა და პაკისტანთან ერთად - განიხილავს გეგმას, რომელიც ომის დასრულებასა და საზღვაო გზის ხელახლა გახსნას ისახავს მიზნად.

თეირანი მოითხოვს, რომ ვაშინგტონმა შეასრულოს შვიდი პირობა, რომლებიც მან სრუტის ხელახლა გახსნისთვის წამოაყენა.

ეს პირობები მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით, საზღვარგარეთ არსებული ირანული აქტივების გათავისუფლებას, ნავთობის სექტორზე დაწესებული სანქციების მოხსნასა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დასრულებას.

Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნებისმიერი პოზიცია, რომელიც ირანის მიერ დადგენილ ამ მყარ ჩარჩოს ძირს უთხრის, მიუღებელია“.

ასევე ნახეთ

ტრამპი: შესაძლოა ირანი ისევ დავბომბოთ, შეიძლება ეს ხვალვე გავაკეთოთ