პოლონეთში ეპისკოპოსი დამნაშავედ ცნეს სექსუალური ძალადობის შეუტყობინებლობაში

ეპისკოპოს ანდჟეი იეზი სასამართლოზე (არქივი)

პოლონეთის სასამართლომ ეპისკოპოსი დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანთა მიმართ ორი მღვდლის მხრიდან განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტების შეუტყობინებლობაში.

29 ოქტომბერს სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა ამ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა.

ეპისკოპოს ანდჟეი იეზს ორწლიანი პირობითი მსჯავრი დაეკისრა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ხელფასის მეოთხედი ბავშვთა დაცვის ორგანიზაციას უნდა გადაერიცხოს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ ტარნუვის სასამართლოს წარმომადგენელმა განაჩენს „უპრეცედენტო“ უწოდა. დაცვის მხარის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ძალადობის ფაქტები 1980-იან წლებში მოხდა. პოლონური მედიის ცნობით, დაზარალებულთა რაოდენობა ათეულობითაა.

იეზმა თავდასხმების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთ-ერთი მღვდლის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღების კანონით დადგენილი ვადა უკვე გასული იყო. მეორე მღვდლის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა, საქმეზე სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს.

პროკურორების განცხადებით, ეპისკოპოსი ვერ ამტკიცებს, რომ ეს რელიგიური საიდუმლო იყო, ვინაიდან კანონიკური სამართალი, პაპ ფრანცისკეს პერიოდში, შეიცვალა და ის აღარ ვრცელდება სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე.

პოლონეთის კანონმდებლობის თანახმად, 2017 წლიდან ძალადობის დანაშაულების შესახებ სამართალდამცავი ორგანოებისთვის "არშეტყობინება" დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

პოლონეთში კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალების სერია გამოვლინდა. 2020 წლიდან მოყოლებული, ვატიკანმა სანქციები დაუწესა რამდენიმე ეპისკოპოსს, რომლებსაც ბრალად ედებათ გულგრილობა ან ძალადობის ფაქტების დაფარვა.

ეჭვები იმის თაობაზეც კი გამოითქვა, რომ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ, რომელიც 1964-1978 წლებში კრაკოვის არქიეპისკოპოსი იყო, იცოდა ძალადობის შემთხვევების შესახებ.

ასევე ნახეთ

რომის პაპმა ბელგიაში სტუმრობისას შენდობა ითხოვა სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობისთვის