„ჩვენ მოგვკლეს“ - „ნოვაია გაზეტა” მუშაობას წყვეტს

„ნოვაია გაზეტამ” 30 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მუშაობის შეწყვეტა აიძულა

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა” იძულებული გახდა მუშაობა შეწყვიტოს, მას შემდეგ, რაც მოსკოვში რედაქციის ოფისის შენობის დატოვება მოსთხოვეს და ჟურნალისტების ინფორმაციით, დაუხურეს მკითხველებისგან ფინანსური დახმარების მიღების სისტემაც.

„ჩვენ მოგვკლეს. 9 ნოემბერს ჩავაქრობთ სინათლეს ჩვენს სახლში, სადაც 30 წელი ვიცხოვრეთ, გამოვრთავთ სერვერს და წავალთ. გაზეთი აღარ არის. რუსეთის ხელისუფლებამ და სპეცსამსახურებმა რედაქციას აიძულეს მუშაობის შეწყვეტა“, - ნათქვამია „ნოვაია გაზეტას” საიტზე 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რედაქციას მოსკოვის ცენტრში მდებარე შენობის მესაკუთრემ ოფისის დაცლა 9 ოქტომბერს მოსთხოვა და ერთი თვის ვადა მისცა. „ნოვაია გაზეტამ”ახალი ოფისის მოძიება ვერ შეძლო.

  • უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გამოცემის საიტები დაბლოკა და ბეჭდური გაზეთის გამოცემის უფლება ჩამოართვა.
  • „ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი „უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს.
  • 2026 წლის სექტემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტის" სტატუსი მიანიჭა მთლიანად გამოცემასაც.

ასევე ნახეთ

მოსკოვში მეოთხედ გაანადგურეს ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალური დაფა

„ნოვაია გაზეტა” 1993 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ავტორიტეტიან რუსულ დამოუკიდებელ გამოცემად იქცა კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ჩეჩნეთის ომების კრიტიკული გაშუქების გამო.

2000-2009 წლებში მოკლეს გამოცემის ჟურნალისტები იგორ დომნიკოვი, იური შეკოჩიხინი, ანა პოლიტკოვსკაია, ანასტასია ბაბუროვა და ნატალია ესტემიროვა, ასევე ცნობილი რუსი უფლებადამცველი სტას მარკელოვი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა „ნოვაია გაზეტასთან”.