პოლონეთი შავ ზღვაში ცეცხლის სწრაფ შეწყვეტას ითხოვს - მიზანი მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვაა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი შავ ზღვაში ცეცხლის სწრაფი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის, რათა უკრაინიდან და რუსეთიდან მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვა გახდეს შესაძლებელი.

სიკორსკიმ ამის შესახებ აშშ-ის ქალაქ ატლანტაში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის, რომლებიც მარცვლეულის იმპორტზე არიან დამოკიდებული.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკება უკრაინის მონაწილეობით უნდა წარიმართოს. მისი განცხადებით, პროცესში ევროპასაც უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი.

სიკორსკის თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს ევროპაში ენერგორესურსების გაყიდვის განახლების შესაძლებლობა, ვიდრე უკრაინაში ომი სამართლიანად არ დასრულდება.

შეხვედრაზე განიხილებოდა პოლონეთის „დიდი ოცეულის“ სრულუფლებიან წევრად მიღების საკითხიც. აშშ ამ ინიციატივას მხარს უჭერს. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პოლონეთის ეკონომიკური წარმატება და საერთაშორისო გავლენის ზრდა მის წევრობას ამართლებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პოლონეთის მიწვევა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები კონსენსუსის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.

სიკორსკის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკვე მიიწვია 2027 წელს მანჩესტერში დაგეგმილ G20-ის ლიდერთა სამიტზე.