პოლონეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს საკონსტიტუციო ტრიბუნალის ძალადობრივ ხელში ჩაგდებაზე

საპროტესტო აქცია პოლნეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან. ვარშავა, 30 ოქტომბერი, 2026.

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ წუხელ მოხდა „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა“ და საკონსტიტუციო ტრიბუნალის „ძალადობრივი ხელში ჩაგდება“. გუშინ მან სენეგალში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა ტრიბუნალის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის თანამდებობიდან ჩამოშორების გამო.

„პოლონეთის შიდა უსაფრთხოების წინაშე არსებული მუქარის გამო დღეისთვის ვიწვევ გადაუდებელ კონსულტაციებს საპარლამენტო ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციასა და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას“, - განაცხადა ნავროცკიმ.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ვალდემარ ჟურეკმა, რომელსაც ასევე გენერალური პროკურორის პოსტი უკავია, ჟურნალისტებს აცნობა, რომ მიმართვა გააგზავნა საკონსტიტუციო ტრიბუნალის თავმჯდომარე ბოგდან სვენჩკოვსკისა და მისი მოადგილე ბარტოშ სოხანსკისგან მოსამართლის ხელშეუხებლობის მოხსნის თაობაზე, რათა შემდგომში ისინი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცენ. სვენჩკოვსკი და სოხანსკი საკუთარ პოსტებზე დაინიშნენ მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ მმართველობის წლებში.

„ეს ტრიბუნალი კერძო საკუთრებად იქცა; ჩვენ უნდა აღვადგინოთ მისი ჯეროვანი ფუნქციონირება“, - მოჰყავს ჟურეკის სიტყვები სააგენტო AFP-ს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სამართლის უზენაესობის აღდგენა ჩვენი ვალია. იმ მრავალწლიანი უკანონობის შემდეგ, რაც პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ დროს სუფევდა, ეს პროცესი რთული აღმოჩნდება, ის ზოგჯერ მტკივნეულია და გადამჭრელ მოქმედებებს მოითხოვს. სხვა გზა არ არსებობს“.

საკონსტიტუციო ტრიბუნალში ამასთანავე განაცხადეს, რომ ორი მოსამართლე, რომელთა პასუხისმგებლობაში მიცემასაც აპირებს მთავრობა, კვლავ რჩება ამ ხელისუფლების ორგანოს კანონიერად დანიშნულ უმაღლეს მოსამართლეებად. „ყველა პირი, რომელიც ამ მოქმედებებში მონაწილეობს, სჩადის დანაშაულს - სახელმწიფო გადატრიალებას“, - ნათქვამია ტრიბუნალის განცხადებაში.

პარასკევს საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ მოვალეობის შესრულებას ჩამოაშორა სვენჩკოვსკი და სოხანსკი და ტრიბუნალის თავმჯდომარის მოვალეობა თავად იკისრა. მან პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა ალყაში მოაქციეს. შენობასთან ასობით მომიტინგე შეიკრიბა, ზოგიერთი მათგანი პოლიციის კორდონების გარღვევას შეეცადა, სამი ადამიანი დააკავეს.

მოვლენებს წინ უძღოდა მრავალწლიანი დავა საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო. მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტია „სამართალი და სამართლიანობამ“, რომელიც 2015 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, სასწრაფო წესით დანიშნა საკონსტიტუციო ტრიბუნალში თავისი მოსამართლეები და უმრავლესობა უზრუნველყო. ეს მნიშვნელოვანი იყო იმ მასშტაბური რეფორმების გასატარებლად, რომლებიც ამ პარტიამ დაგეგმა, ვინაიდან საკონსტიტუციო ტრიბუნალი განსაზღვრავს, შეესაბამება თუ არა კონსტიტუციას სეიმის მიერ მიღებული ახალი კანონები.

შემდგომში ევროპულმა წამყვანმა სასამართლო ინსტიტუტებმა - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ევროპის კავშირის სასამართლომ - დაადგინეს, რომ „სამართალმა და სამართლიანობამ“ არამართლზომიერად აირჩია სამი მოსამართლე, ვინაიდან მათ დაიკავეს პოზიციები, რომლებიც პარლამენტის წინა შემადგენლობას უკვე კანონიერად ჰქონდა შევსებული. ევროპული სასამართლოები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალი აღარ წარმოადგენს „მართლმსაჯულების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოს“.

2023 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დონალდ ტუსკის მთავრობამ, ამ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, შეწყვიტა საკონსტიტუციო ტრიბუნალის დადგენილებების გამოქვეყნება. მიუხედავად ამისა, იმ დანიშვნების გაუქმება, რომლებიც პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ მმართველობისას განხორციელდა, ტუსკის მთავრობამ ვერ შეძლო: პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ და ამ პოსტზე მისმა წინამორბედმა, ანჯეი დუდამ, რომლებიც „სამართალი და სამართლიანობის“ მხარდამჭერები არიან, ვეტო დაადეს მთავრობის შესაბამის ინიციატივებს.

გარდა ამისა, კაროლ ნავროცკიმ უარი თქვა ფიცის მიღებაზე საკონსტიტუციო ტრიბუნალის იმ ხუთი მოსამართლისგან, რომლებიც პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტიდან აირჩია, და არგუმენტად მოიხმო პროცედურაში სავარაუდო დარღვევები (ერთ-ერთი ასეთი მოსამართლეა ანა კორვინ-პიოტროვსკა, რომელმაც თანამდებობას ჩამოაშორა ტრიბუნალის თავმჯდომარე სვენჩკოვსკი).

ოქტომბრის დასაწყისში ნავროცკიმ ვენეციის კომისიისგან, საკონსტიტუციო საკითხებში ევროპის საბჭოს სათათბირო ორგანოსგან, მიიღო რეკომენდაცია, რომ მიეღო მოსამართლეების ფიცი, რათა მათ ტრიბუნალის შემადგენლობაში მუშაობის დაწყება შეეძლოთ. პოლონეთის პრეზიდენტს ეს არ გაუკეთებია.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პოლონეთში 2027 წელს უნდა გაიმართოს.

ასევე ნახეთ

პოლონეთი შავ ზღვაში ცეცხლის სწრაფ შეწყვეტას ითხოვს - მიზანი მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვაა