რუსეთის ქალაქ უფის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ შაბათს დილით რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს. ღამით რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე გამოაცხადეს. გამოცემა ASTRA-ს მონაცემებით, იწვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილი“.
ადგილობრივი მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ქალაქში იერიში მიიტანეს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ქალაქის ჩრდილოეთ სამრეწველო ზონაში გვერდიგვერდ მდებარეობს სამი ქარხანა: „ბაშნეფტ-ნოვოილი“, „ბაშნეფტ-უფანეფტეხიმი“ და „ბაშნეფტ-უნპზ“. უფაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმის შესახებ იუწყებიან უკრაინული სამონიტორინგო ტელეგრამის არხებიც.
ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ მოიპოვება. ადგილობრივ ხელისუფლებას თავდასხმის შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
ბრიანსკის ოლქში უპილოტო აპარატების დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ რვამ დაზიანებები მიიღო. როგორც რეგიონის ხელმძღვანელი, ეგორ კოვალჩუკი იუწყება, დაბა კლიმოვოში დრონმა იერიში მიიტანა კერძო სახლზე: დაიღუპა 30 წლის ქალი და 41 წლის მამაკაცი, დაშავდა ოთხი ქალი და ერთი მამაკაცი. დაბა პოგარში 73 წლის ქალი დაშავდა, სოფელ ვორონოკში კი – 19 წლის ახალგაზრდა და 40 წლის მამაკაცი.
კოვალჩუკის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრიანსკის ოლქის ტერიტორიის თავზე 29 დრონი ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სულ ღამის განმავლობაში ჩამოაგდეს 433 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის ბაშკირეთისა და ბრიანსკის ოლქის თავზე.