„აბაზას ცემა“ და მასტურბაცია. სომხურ-აფხაზური სკანდალი ენციკლოპედიის გამო

პოლემიკამ ეთნიკური დაპირისპირების ნიშნები შეიძინა - აფხაზურ და სომხურ თემებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

მოსკოვში გამოცემულმა ენციკლოპედიამ ოკუპირებულ აფხაზეთში სკანდალი ააგორა. სტატიის ავტორმა და რედაქტორმა შეცდომა აღიარეს და ბოდიში მოიხადეს, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ საქმის შესწავლა დაიწყო და შესაძლო დანაშაულის ნიშნებს იკვლევს.

სკანდალი 2026 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც აფხაზმა ბლოგერმა დაუთ ადლეიბამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ენციკლოპედიაში „შავი ზღვისპირეთის სომხები“ აღმოაჩინა სტატია, რომელიც აფხაზებსა და აბაზინებს შეურაცხყოფდა. ბლოგერმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და საზოგადო მოღვაწეებს მოუწოდა, პოზიცია საჯაროდ გამოეხატათ.

ენციკლოპედია „შავი ზღვისპირეთის სომხები“ (Армяне Причерноморья) მოსკოვში გამოიცა. მისი პირველი ტომი 2020 წელს გამოვიდა, მეორე კი 2024 წელს. პირველი ტომის ტირაჟი 500 ეგზემპლარი იყო.

წიგნი შავი ზღვის რეგიონში მცხოვრები სომხების ისტორიასა და კულტურას ეძღვნება, მათ შორის რუსეთში, საქართველოში, თურქეთსა და უკრაინაში მცხოვრები თემების ისტორიას. წიგნი ეთმობა ოკუპირებული აფხაზეთის სომხებსაც.

სადავო სტატიის ავტორია რუსი ეთნოლოგი, ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი იგორ კუზნეცოვი, პროექტის ხელმძღვანელი და პირველი ტომის რედაქტორი კი ქრისტოფორ მხითარიანი.

ენციკლოპედიის სტატია ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ

რა ეწერა სტატიაში „აბაზა“

სტატია სიტყვა „აბაზას“ წარმოშობასა და სხვადასხვა ენაში მის გამოყენებას ეხება.

თავდაპირველად ავტორი განმარტავს, რომ „აბაზა“ ისტორიული ეგზოეთნონიმია, ანუ სახელწოდება, რომელსაც ამა თუ იმ ხალხს სხვა ხალხი ანიჭებს. ამ სახელით ჰემშინები (სომეხთა ეთნიკური ჯგუფი, რომელთა ისტორიული სამშობლო შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროა), კუზნეცოვის თანახმად, XIX საუკუნეში შავი ზღვის კავკასიური სანაპიროს მოსახლეობას უწოდებდნენ.

„აბაზა“ ასევე უკავშირდება აბაზინებს - ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხს, რომელიც აფხაზებს ენათესავება. აბაზინების მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში ცხოვრობს.

სტატიის შემდეგ ნაწილში ავტორი სიტყვის სრულიად სხვა, უხამს მნიშვნელობაზე გადადის.

კუზნეცოვი წერს, რომ ჰემშინების მეტყველებაში „აბაზას“ სექსუალური შინაარსის ჟარგონული მნიშვნელობაც ჰქონდა.

„აბაზას“ ჟარგონული ვერსიის ახსნა-განმარტებები კუზნეცოვის მიხედვით

ჰემშინები – სომხური წარმოშობის ეთნოგრაფიული ჯგუფია, რომლის ისტორიული სამშობლო ჰემშინის რეგიონია, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ამ ჯგუფის ნაწილი სხვადასხვა დროს კავკასიის შავიზღვისპირეთში, მათ შორის აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეში გადასახლდა. ჰემშინების ნაწილმა სომხური ენის თავისებური დიალექტი შეინარჩუნა.

კუზნეცოვი ენციკლოპედიაში ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, თუ რა მნიშვნელობით გამოიყენებოდა სიტყვა „აბაზა“ ჰემშინების დიალექტში. მისი განმარტებით, არსებობდა გამოთქმა, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „აბაზას ცემა“ და „მასტურბაციას“ ნიშნავდა.

ავტორს მოჰყავს თურქეთის ქალაქ ორდუში მცხოვრები პონტოელი ბერძნების უხამსი გამოთქმაც: „შენს გაკეთებას, მამაშენს ერჩივნა აბაზა ეცემა“.

კუზნეცოვი აღნიშნავს, რომ თანამედროვე თურქულ სასაუბრო ენაში სიტყვა abazan სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ან სექსით ძლიერ დაინტერესებულ ადამიანს აღნიშნავს.

ენციკლოპედიის ავტორი არ ამტკიცებს, თითქოს ხალხის სახელწოდებას თავდაპირველად უხამსი მნიშვნელობა ჰქონდა. ის აღწერს სიტყვის სავარაუდო მეორეულ გამოყენებას და აღნიშნავს, რომ ამ მნიშვნელობის წარმოშობა გაურკვეველია.

სტატიის ბოლოს მოყვანილია გადმოცემაც, თითქოს ძველად აფხაზი მამაკაცები გვიან ქორწინდებოდნენ. თუმცა კუზნეცოვი ამ ახსნას, დიდი ალბათობით, გამოგონილად მიიჩნევს.

აფხაზეთში სტატია შეურაცხმყოფლად აღიქვეს. კრიტიკოსების მთავარი პრეტენზია ისაა, რომ უხამსი გამოთქმები და საეჭვო ისტორიული განმარტებები სამეცნიერო ენციკლოპედიაში მოხვდა, წერს გამოცემა Vektor Kavkaza.

ასევე ნახეთ

„მშვიდობის კაცი“. რაულ ეშბა - თბილისისთვის გმირი, სოხუმისთვის მოღალატე

ავტორმა და რედაქტორმა შეცდომა აღიარეს

22 ოქტომბერს იგორ კუზნეცოვმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რატომ დაწერა სტატია „აბაზა“ და როგორ აღმოჩნდა ის ენციკლოპედიაში.

მას სურდა სტატიაში განემარტა, როგორ წარმოიშვა სხვადასხვა ხალხის მეტსახელები, მათ შორის შეურაცხმყოფელი გამოთქმები. კუზნეცოვი ამტკიცებს, რომ აფხაზების შეურაცხყოფა ან რაიმე პროვოკაციის მოწყობა მიზნად არ ჰქონია. თუმცა მკითხველთა რეაქციამ მიახვედრა, რომ სტატიამ სარგებელზე მეტი ზიანი გამოიწვია.

„ენციკლოპედიაში სტატია „აბაზას“ გამოქვეყნება შეცდომად მიმაჩნია“, - დაწერა კუზნეცოვმა.

მისი განცხადებით, სადავო სტატია ჯერ კიდევ 2023 წელს ამოიღეს ტირაჟიდან. ამის მიზეზი მისი კოლეგის, ვლადიმირ ფშენოკოვის კრიტიკა გახდა.

კუზნეცოვის თქმით, წიგნების დარჩენილი ვერსიები შესწორდა, თუმცა პრეზენტაციის დროს დარიგებული ათიოდე ეგზემპლარი - უცვლელი დარჩა.

ღია წერილში კუზნეცოვი იხსენებს ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის, იური ანჩაბაძის რეცენზიასაც, რომელიც 2024 წელს ისტორიულ-კულტურულ ალმანახში „აამთაქუა“ გამოქვეყნდა.

ანჩაბაძე ენციკლოპედიას იწონებს, თუმცა სტატია „აბაზას“ მკაცრად აკრიტიკებს „უაზრო ეტიმოლოგიური ძიებებისთვის“, რომლებიც გამოცემის სამეცნიერო ღირებულებას ამცირებს.

კუზნეცოვის თქმით, ენციკლოპედიის პროექტი მეორე ტომის გამოსვლის შემდეგ დაიხურა და მესამე ტომი არ გამოქვეყნებულა.

ენციკლოპედიის სტატია აფხაზეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ

30 ოქტომბერს ენციკლოპედიის პირველი ტომის რედაქტორმა ქრისტოფორ მხითარიანმაც საჯაროდ მოიხადა ბოდიში. ის ვიდეომიმართვაში აღიარებს: ფსევდომეცნიერულმა ცნობებმა აფხაზი ხალხის ეროვნული გრძნობები შეურაცხყოო.

„როგორც რედაქტორი, პასუხისმგებლობის ჩემს წილსაც ვიზიარებ. არაკომპეტენტურობა გამოვიჩინე და სტატიის დაბეჭდვა დავუშვი, თუმცა აფხაზების შეურაცხყოფა არ მქონია მიზნადო“, - განაცხადა მხითარიანმა.

მხითარიანის განცხადებით, სადავო სტატიის აღმოჩენის შემდეგ წიგნების ტირაჟი სტამბაში დააბრუნეს, ელექტრონული ვერსია ოფიციალური რესურსებიდან წაშალეს, გამომცემლებში დარჩენილი ეგზემპლარები კი გასანადგურებლად გააგზავნეს.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომხდარი აფხაზებსა და სომხებს შორის ურთიერთობებს არ დააზიანებს.

თუმცა ენციკლოპედიის თავდაპირველი ვერსია ინტერნეტიდან სრულად არ გამქრალა. ერთ-ერთ პლატფორმაზე კვლავ ხელმისაწვდომია 2020 წელს გამოქვეყნებული პირველი ტომის ელექტრონული ასლი.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკა

23 ოქტომბერს ენციკლოპედიის გარშემო დაწყებული სკანდალი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განიხილეს, ე.წ. ვიცე-პრეზიდენტ ბესლან ბიგვავას ხელმძღვანელობით.

განხილვაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ომის ვეტერანთა ორგანიზაციებისა და აფხაზეთის სომხური თემის წარმომადგენლები, რომლებმაც დაგმეს სტატია.

სოხუმის სანაპირო, 2020 წლის ფოტო

აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ გამოცემა პროვოკაციად შეაფასა და მოითხოვა, მისი ავტორები და თანაავტორები პერსონა ნონ გრატებად გამოეცხადებინათ. ასევე დაისვა მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

28 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ ამ საქმის შესწავლა დაიწყო - უწყებამ უნდა დაადგინოს, რა გარემოებებში მომზადდა და გავრცელდა სტატია და იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები.

„აშკარაა, რომ ვიღაც ცდილობს ჩვენ შორის განხეთქილების შეტანას“, - ფეისბუკზე დაწერა ომის ვეტერანმა და ყოფილმა მაღალჩინოსანმა ასლან კობახიამ და სომხურ საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა.

სტატია გააკრიტიკა დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ჰუმანიტარულ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორმა არდა აშუბამაც.

ასევე ნახეთ

როგორ ასახლებდნენ ქართველებს საბჭოთა აფხაზეთში

სომხები ოკუპირებულ აფხაზეთში

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისში რეგიონში 40 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი ცხოვრობდა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 17%-ია. თუმცა ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება რთულია.

აფხაზეთში მცხოვრები სომხები პერიოდულად ადგილობრივი პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრში ექცევიან. მაგალითად, 2025 წლის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციის წარმომადგენლები მათ ხელისუფლების კანდიდატის, ბადრა გუნბას მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდნენ. გავრცელდა მუქარის შემცველი განცხადებებიც, მათ შორის სომხებისთვის საარჩევნო უფლებების შეზღუდვის მოწოდებები.

აფხაზეთის სომხური თემის წარმომადგენლები აკრიტიკებენ ოფიციალური ერევნის პოზიციასაც. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებების გამო, რომლებშიც ის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.