„ლიტერა 2026“-ის გამარჯვებულები ცნობილია - სია

პენ-ცენტრის პრეზიდენტი ხათუნა ცხადაძე

ლიტერატურული პრემია „ლიტერა 2026-ის" გამარჯვებულები ცნობილია. დაჯილდოების ცერემონიალი 2 ოქტომბერს გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიალზე სოლიდარობა გამოუცხადეს პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ორწლიან პატიმრობაშია. მას გასულ წელს სპეციალური ჯილდო გადაეცა.

ასევე ნახეთ

სპეციალური პრიზი პატიმრობაში მყოფ ზვიად რატიანს გადაეცა - გამოავლინეს „ლიტერას“ გამარჯვებულები

წელს იმავე ნომინაციაში ჯილდო გადაეცა მიხეილ ჩარკვიანს წიგნისთვის „როგორ გადავურჩეთ დიქტატურას“ (გამომცემლობა „ღია სივრცე – ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი“). ის ზვიად რატიანს ეძღვნება. წიგნი წარდგენილი იყო წლის საუკეთესო დოკუმენტურ პროზის ნომინაციაში.

წლის საუკეთესო დებიუტი

  • გამარჯვებულია: თაკო წულაია – „არაფერი არ გვემართება“, გამომცემლობა „პალიტრა L“;

პრეტენდენტები იყვნენ:

  • თინათინ ხუტურიძე – „უთხარით ქარებს“, გამომცემლობა „კალმოსანი“;
  • გიორგი შარაშენიძე – „რკინის წიდა“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

  • გამარჯვებულია: მინდია არაბული – „საუკუნო უკუნი“, გამომცემლობა „მატარებელი კომიქს“;
  • „გაეროს ქალთა ფონდის“ ინიციატივით სამოქალაქო აქტივიზმისთვის „ლიტერას“ განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა ნატო ინგოროყვას „Momento Memorias“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„მე მადლობელი ვარ პოეზიის, რადგან, რომ არა ის, მე ალბათ ჩემი პირზეაფარებული სათქმელები გამგუდავდნენ. მადლობელი ვარ, რომ მათ გადამარჩინეს“, - თქვა ნატო ინგოროყვამ.

პრეტენდენტები იყვნენ:

  • გაგა ნახუცრიშვილი – „ქოხი მთაში“, გამომცემლობა „კალმოსანი“;
  • ნინი ელიაშვილი – „ბავშვს სადაც უნდა, იქ დადგება“, გამომცემლობა „კალმოსანი“;
  • ბექა ახალაია – „Homo-მაგნიტი“, გამომცემლობა „ჯადოსნური სახლი“;
  • თამარ ჟღენტი – „მელიას კუდი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
  • გიორგი ხარაიშვილი – „მექანიკური ტრაგედიები“, გამომცემლობა „ინტელექტი“ ;
  • ალეკო ცქიტიშვილი – „თავები“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

  • გამარჯვებულია: დავით ქართველიშვილი – „ცვილის ფიგურები“, გამომცემლობა „პალიტრა L“.

პრეტენდენტები იყვნენ:

  • ლაშა იმედაშვილი – „უკან, მომავალში“, სულაკაურის გამომცემლობა;
  • ალეკო შუღლაძე – „ქალი სამრეკლოზე“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
  • ცოტნე ავსაჯანიშვილი – „ქართლის ხეობებს ასდის ნისლები“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა

  • გამარჯვებულია: გიორგი კაკაბაძე – „მიზეზთა ბუნება“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„განსაკუთრებით ამაყი ვარ ამ ჯილდოთი, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, რომ „ლიტერა“ არის ბრძოლაში დაბადებული პრემია. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პასუხი მათთვის, ვისაც უნდა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები დამთავრდეს საქართველოში და დიქტატურა დამყარდეს“, - თქვა გამარჯვებულმა.

პრეტენდენტები იყვნენ:

  • შოთა იათაშვილი – „მკვლელი მწერლები“, გამომცემლობა „დიოგენე“;
  • ბექა ქურხული – „უკრაინული დღეები 3“, გამომცემლობა „ინტელექტი“ ;
  • გიორგი კეკელიძე – „სიკვდილის გაუქმება“, გამომცემლობა „პალიტრა L“;
  • არჩილ ქიქოძე – „პერუს დღიური“, სულაკაურის გამომცემლობა;
  • მიხეილ ჩარკვიანი – „როგორ გადავურჩეთ დიქტატურას“, გამომცემლობა „ღია სივრცე – ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი“.

წლის საუკეთესო რომანი

  • გამარჯვებულია: გოგა ქობალია – „სიკვდილი პაპანაქება მზეში“, გამომცემლობა „ინტელექტი“.

„დიდი მადლობა. ჩემთვის და აქ მყოფთათვის ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება, როცა ამ ქვეყანას რუსულ ძალას მოვაშორებთ, რომელმაც ქვეყანა სიბნელისკენ წაიყვანა... თავისუფლება მინდა ვუსურვო რეჟიმის ტყვეებს. მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც ყოველდღიურად იბრძვის“, - თქვა მან.

პრეტენდენტები იყვნენ:

  • არჩილ ქიქოძე – „ომი“, სულაკაურის გამომცემლობა;
  • ივა ფეზუაშვილი – „ედელვაისებს“, გამომცემლობა „ინტელექტი;
  • ლექსო პაიკიძე – „Guate“, გამომცემლობა „ბენდესი“.

ორი სპეციალური პრიზი

  • „წიგნიერებისა და განათლების მუხლჩაუხრელი, თავდადებული და ჯიუტი საგანმანათლებლო საქმიანობისთვის“ „ლიტერას“ განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა მწერალსა და მასწავლებელს დათია ბადალაშვილს;
  • „შემოქმედებითი საქმიანობითა და სამოქალაქო პოზიციით ნაჩვენები გამბედაობისთვის, იმის შეხსენებისთვის, რომ სიმართლისთვის ბრძოლა და მისთვის თავგანწირვა მუდამ აქტუალურია, ძვირფასი და მშვენიერია, პრინციპულობის შთამაგონებელი მაგალითის მოცემისთვის“ გადაეცა მწერალსა და მთარგმნელს - ირაკლი ლომოურს.

„მადლობა ღმერთს, რომ თქვენ არსებობთ, ლიტერატურა და საზოგადოება ცოცხალია და ვერანაირი ფულზე გაგიჟებული ადამიანები ვერაფერს ვერ გვიზამენ, რაც უნდა საშინელება გველოდებოდეს წინ“, - თქვა ირაკლი ლომაურმა.

„ლიტერა“

  • ყოველწლიურ კონკურსს, რომელიც „მწერალთა სახლის“ ორგანიზებით ტარდებოდა, 2021 წელს მწერლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ექსმინისტრ თეა წულუკიანის „ხისტი პოლიტიკის“ გამო.
  • ავტორების ნაწილმა კონკურსში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი მას შემდეგ თქვა, რაც ცნობილი გახდა, რომ კონკურსის 5-კაციან ჟიურიში ერთი წევრი, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამინისტრომ ჩასვა.
  • მას შემდეგ, 2022 წლიდან, „ლიტერას“ საქართველოს პენცენტრი გასცემს.