გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა პარლამენტს წარუდგინა დიდ ბრიტანეთში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების ახალი წესები. უფლება მიგრანტებს აღარ მიენიჭებათ ისე, როგორც აქამდე იყო - „თითქმის ავტომატურად“, ქვეყანაში ხუთწლიანი ცხოვრების შემდეგ, არამედ - "დამსახურების" მიხედვით.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მუდმივი ბინადრობის უფლება მოიცავს შეუზღუდავ წვდომას სამუშაო ბაზარზე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემაზე, რამდენი ხანი დასჭირდება პირს ამ უფლების მოსაპოვებლად დამოკიდებული იქნება მის მიერ გაღებულ წვლილზე.
ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე მიგრანტებს მუდმივად ცხოვრების უფლების მიღება შეეძლებათ სამი წლის ვადაში. ისინი, ვისი შემოსავალიც 50271 გირვანქა სტერლინგზე მეტია და საჯარო სამსახურის ზოგიერთ თანამშრომელს - მაგალითად, ექიმებს, ექთნებსა და მასწავლებლებს მუდმივი ბინადრობის უფლება მიენიჭებათ ხუთი წლის შემდეგ. სხვებს - ათ წელიწადში. ვისაც დარღვეული ექნება იმიგრაციის წესები, მინიმუმ 20 წელიწადს მოუწევს ლოდინი.
ნებისმიერმა, ვისაც გაერთიანებულ სამეფოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოპოვება სურს, ამ ქვეყანაში მათი ცხოვრების ხანგრძლივობის მიუხედავად, უნდა დააკმაყოფილოს ოთხი პირობა:
- უნაკლო ნასამართლეობის ისტორია;
- ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა (ინგლისურის, როგორც უცხო ენის A დონეზე ცოდნა)
- ბრიტანელი გადასახადის გადამხდელის წინაშე დავალიანების არარსებობა
- სახელმწიფო დაზღვევის გადასახადის უწყვეტად გადახდის ისტორია
ასევე ნახეთ
დიდი ბრიტანეთი უკანონო მიგრანტებისთვის ბინადრობის გასაცემ ვადას ხუთიდან 20 წლამდე ზრდისბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული რეფორმა დიდწილად შესაბამისობაშია 2025 წლის ნოემბერში გამართული კონსულტაციების შედეგებთან. ამ კონსულტაციების ფარგლებში გამოიკითხა 200 ათასზე მეტი პირი და ორგანიზაცია.
მთავრობა აგრეთვე აცხადებს, რომ “სამართლიანი გარიგება” დააწესა მომვლელებისთვის, რითაც აღიარებს COVID-19-ის პანდემიის დროს ზრუნვის სფეროში დასაქმებულთა მიერ გაღებულ წვლილს. ამ კატეგორიის პირები, რომლებსაც არ დაურღვევიათ სავიზო რეგულაციები და წელიწადში 25 ათას გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებდნენ, შეეძლებათ ხუთწლიანი ვადის შემდეგ მიიღონ ბრიტანეთში მუდმივად ცხოვრების უფლება.
ლონდონის გათვლით, დაახლოებით 500 ათას ადამიანს ხუთ წელიწადზე მეტ ხანს მოუწევს მუდმივი ბინადრობის უფლების მისაღებად.
პრემიერმინისტრმა ენდი ბერნემმა მხარდაჭერა გამოუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრს:
"ადამიანებს სურთ იხილონ კონტროლზე, წვლილზე დაფუძნებული საიმიგრაციო სისტემა, რომელიც დააჯილდოებს მათ, ვინც წესებს იცავს.
ეს წინადადებები ემყარება ამ პრინციპს და აღიარებს უცხოელი დასაქმებულების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის გაღებულ წვლილს.
ბრექსიტის შემდეგ, წინა მთავრობამ დაკარგა იმიგრაციაზე კონტროლი, რაც აღინიშნა კიდეც მათი რაოდენობის უპრეცედენტო ზრდით. ახლანდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოჰკიდა ამ პრობლემის მოგვარებას და მას ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს”.
ასევე ნახეთ
რუსეთი ერეოდა რეფერენდუმში ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის საკითხზე - პრემიერი ბერნემიშაბანა მაჰმუდის სიტყვებით, "მუდმივი ბინადრობის სტატუსი არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული უფლება", რომლის შეთავაზებაც ბრიტანეთს შეუძლია და დღემდე ის თითქმის ავტომატურად ენიჭებოდათ იმიგრანტებს:
"დღეიდან, ის უნდა გამოიმუშავო. ის, ვინც ყველაზე მეტ წვლილს გაიღებს, ყველაზე სწრაფად მიიღებს ბინადრობას. ისინი, ვინც წესების დაცვით არ იმოქმედებენ, მიიღებენ უარს ან უფრო დიდხანს მოუწევთ ლოდინი".
ახალი პოლიტიკა ბინადრობის უფლებებს განსაზღრავს ყველა ლტოლვილისთვისაც. ის ახალისებს კონტროლირებულ, უსაფრთხო, კანონიერ გზებს და წინააღმდეგია საზღვრის პატარა ზომის ნავებით ან სხვა უკანონო და სარისკო გზებით გადაკვეთის.
ახალი წესებით, დიდ ბრიტანეთში კანონიერი გზით შესულ ლტოლვილებს მუდმივი ბინადრობის უფლების მიღება შეეძლებათ ათი წლის შემდეგ. სხვებს - 20 წლის შემდეგ. ოცწლიანი ვადა შემცირდება მათთვის, ვინც მუშაობს ან სწავლობს.
მათ, ვინც ქვეყანაში პატარა ნავით ან სხვა ფარული გზით შეაღწევს, დამატებით კიდევ ათწლიანი ვადით მოცდა მოუწევთ და შესაძლოა ეს 30 წელსაც გაგრძელდეს.
უკვე მინიჭებული მუდმივი ბინადრობის უფლება არავის ჩამოერთმევა.
მაღალკვალიფიციური მუშახელისთვის გაერთიანებულ სამეფოს ექნება აგრეთვე ყველაზე ბიზნესმეგობრული საიმიგრაციო სისტემა ევროპაში.