ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში, რომელიც რუსეთის ჯარებმა 2 ნოემბერს დაბომბეს, დაიღუპა, სულ მცირე, 26 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 30-ზე მეტი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა ორი მაშველი და ოთხი პოლიციელი.
კომიშუვახა, სადაც მეორე დღეა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ფრონტის ხაზის მახლობლად მდებარეობს.
განახლება: 3 ნოემბერს დილით ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო სემიკინმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ კომიშუვახაში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. დაჭრილია 5. დაკარგულად ითვლება 48.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ავიაბომბებით დარტყმა იყო სკოლის შენობაზე, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემა მიმდინარეობდა. პირველი დარტყმის შემდეგ დაიბომბა თავშესაფარიც, სადაც ხალხი იმყოფებოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა 2 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსებს შეუძლებელია არ სცოდნოდათ, რომ კომიშუვახის მცხოვრებნი კვირაში ერთხელ ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ სწორედ იმ ადგილას.
ზელენსკი კომიშუვახის ტრაგედიას მიიჩნევს იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ რუსეთს არ სურს არანაირი დეესკალაცია და რეალური სამართლიანობა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოსგან ძლიერი და მკაცრი პასუხია საჭირო.
2 ნოემბერს რუსეთს ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახის დაბომბვასა და დიდ მსხვერპლზე კომენტარი არ გაუკეთებია.