ბერა ივანიშვილმა უჩივლა ტელეკომპანიებს "პირველსა" და "ფორმულას"

საილუსტრაციო ფოტოკოლაჟი

პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი ტელეკომპანიებს, ტვ "პირველსა" და "ფორმულას", ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა დავით ასათიანმა სამოქალაქო დავის დასაწყებად სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ნოემბერს, შეიტანა. მანამდე, გადაწყვეტილების შესახებ თავად ბერა ივანიშვილმა 30 სექტემბერს განაცხადა.

როგორც ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, სარჩელი შეეხება "სიცრუეზე დაფუძნებული იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებსაც არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს".

რომელ სიუჟეტებზე საუბარი

ადვოკატის თანახმად, საუბარია ტელეკომპანიების შაბათის ეთერში სექტემბრის ბოლოს გასულ ორ სიუჟეტზე. "სიუჟეტი ვრცელი იყო, მაგრამ სარჩელი შესულია იმ ფაქტების წინააღმდეგ, რომელიც ცილისმწამებლურია და აშკარად დეფამაციური", - ამბობს დავით ასათიანი და რადიო თავისუფლების დამაზუსტებელი შეკითხვის პასუხად განმარტავს, რომ სიუჟეტები შეეხებოდა "კრიმინალურ გარჩევებთან მის [ბერა ივანიშვილის] კავშირსა და მონაწილეობას". სიუჟეტები შეეხებოდა ძმები ფეიქრიშვილების დაკავებას.

"რომ ვითომ მან ვიღაცები დააჭერინა, ვიღაც ადამიანები. ეს დაკავშირებული არ არის მოსაზრებებთან, პირდაპირ უკავშირდება დანაშაულის დაბრალებას", - ამბობს დავით ასათიანი.

ასევე ნახეთ

„დუმილის უფლებას იყენებენ“ - სასამართლომ ყიფიანსა და „კაწროს“ პატიმრობა შეუფარდა

რას ითხოვს ბერა ივანიშვილი სარჩელში

ადვოკატის თანახმად, ბერა ივანიშვილი სარჩელში მოითხოვს ტელეკომპანიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებში კონკრეტული ფაქტების და გამონათქვამების "სათანადო წესით უარყოფას", იმ საეთერო დროში, როცა ეს გადაცემები გადის ეთერში.

"ჩვენ მხოლოდ ფაქტების უარყოფას ვითხოვთ. უფრო სწორედ, ცილისმწამებლურად აღიარებას და უარყოფას იმავე საშუალებით, რა საშუალებითაც გავრცელდა. წაშლას და მსგავს ტიპის რაღაც დამატებით მოთხოვნებს არ ვაყენებთ", - ეუბნება ადვოკატი რადიო თავისუფლებას.

მათ შორის, არც ფინანსურ კომპენსაციაზეა საუბარი.

ასევე ნახეთ

ბერა ივანიშვილი: ცილისწამების გამო სასამართლოს მივმართავ

მხარეებს სარჩელი ჯერ არ ჩაჰბარებიათ

როგორც „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, სარჩელი ჯერ არ ჩაჰბარებიათ და ჯერ არ იცის, რას ედავება მათ ბერა ივანიშვილი.

"ამბებს ვიგებთ მხოლოდ იმ კამპანიით, რაც თავად დაიწყეს: "ბერა სარჩელს ამზადებს", "ბერამ სარჩელი შეიტანა". ცხადია რა განზრახვა აქვს ამ ყველაფერს. საქართველოში ჟურნალისტებს აკავებენ და პატიმრობაში უშვებენ, აზრის გამო. ვახო სანაია დღეს ციხეში ზის. ეს სარჩელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთი ნაწილია! ყველა ხერხით და საშუალებით მიდის მუშაობა, რომ ჩვენ ეთერში აღარ ვიყოთ", - ამბობს ნოდარ მელაძე.

მისი სიტყვებით, ელოდებიან სარჩელის ჩაბარებას, რათა მეტი გაიგონ მოდავე მხარის პოზიციის შესახებ.

"RSF-მა ("რეპორტიორები უსაზღვრებოდ") გუშინ ბიძინა ივანიშვილს "მედიის მტაცებლის" სტატუსი მიანიჭა - მოქმედება შესაბამისია. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იქნება ეს სარჩელიც და დადუმების სხვა მცდელობაც... განზრახვა ცხადია - თუ თავისუფალი ხმების დადუმება არ გამოუვათ ამ გზით, წავლენ სხვა გზაზე. მათი გეგმით რამდენიმე თვე და ყველაფერი უნდა დასრულდეს", - ამბობს ნოდარ მელაძე.

ასევე ნახეთ

ბიძინა ივანიშვილი რჩება RSF-ის "მედიის თავისუფლების მტაცებელთა სიაში"

ბერა ივანიშვილი აცხადებს, რომ მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ „კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია“ მიმდინარეობს და რომ მისი სარჩელი არა შურისძიება, "არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა“.