ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

მაია კოხტაშვილი

ახმეტელ ექიმს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს, 3 ნოემბერს, შესაბამისი შეთანხმება მოსამართლე თამარ კაპანაძემ გააფორმა. საპროცესო შეთანხმების პირობით, მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50-ათასლარიანი ჯარიმის გადახდა. მანამდე მას ამავე ოდენობის გირაო ჰქონდა შეფარდებული.

საპროცესო შეთანხმების პირობები პროკურატურას მაია კოხტაშვილის ადვოკატმა შესთავაზა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.

შესაბამისად, საქმის წარმოება შეწყდა. ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც მაია კოხტაშვილს დაუწესდა - მას 6 თვის ვადით მართვის უფლება ჩამოერთვა.

ახმეტელი ექიმი კლინიკაში საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

თელავის სასამართლოსთან იმყოფებოდნენ მაია კოხტაშვილის პაციენტები, ახლობლები და სხვა გულშემატკივრები. მოსამართლის გადაწყვეტილებას ისინი აპლოდისმენტებით და შეძახილებით შეხვდნენ - "სამართალმა იზეიმა".

თელავის სასამართლოსთან ექიმს გულშემატკივრები ელოდნენ.

რა თქვეს სასამართლოს სხდომის შემდეგ მხარეებმა

"მოინანია, აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება და შეიქმნა წინაპირობა, რომ მასთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულმა დღეს მოგვმართა მასთან საპროცესო შეთანმების გაფორმების თხოვნით . მას სასჯელად განესაზღვა ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით, არ შეეეზღუდა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება", - თქვა საქმის პროკურორმა მანანა თანდაშვილმა

"ჩვენ გვქონდა გადახდილი გირაო, შევთანხმდით ჯარიმაზე... მხოლოდ და მხოლოდ მართვის უფლების აკრძალვა იქნა გამოყენებული და ამით დასრულდა აღნიშნული პროცესი. ჩვენი მოთხოვნა იყო ჯარიმის გამოყენება, ვინადან ეს დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე და ვითხოვდით რომ მინიმალური სასჯელი ყოფილიყო გამოყენებული", - თქვა ადვოკატმა ილია ოთარაშვილმა.

"კარგის მოლოდინი მქონდა"

„კარგად დამთავრდა. ჩემი მოლოდინი რა იყო... ამდენი ხალხის სიყვარული რაც ახმეტამ, თელავმა, გურჯაანმა. მთელმა საქართველომ რაც აჩვენა უკვე კარგის მოლოდინი მქონდა, იმიტომ რომ ხალხმა დიდი სოლიდარობა გამოიჩინა, მხადაჭერა. ხალხის იმედით ვიყავი. ეს ძალიან დადებით განწყობაზე გაყენებს. არც მინერვიულია. ეს სითბი და სიყვარული დიდი ხნის საზრდოდ მეყოფა მთელი ცხოვრება“, - თქვა მაია კოხტაშვილმა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ახმეტაში 11 სექტემბერს დააკავეს ექიმი მაია კოხტაშვილი:

  • იგი „ფინანსურმა პოლიციამ“ დააკავა ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით.
  • ადგილობრივების ცნობით, ექიმთან მივიდა ადამიანი და ლოგინად ჩავარდნილი და ტკივილით გატანჯული ოჯახის წევრისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა; ექიმი შევიდა მის მდგომარეობაში და წამალი გამოუწერა.
  • პირი, რომელი ექიმთან მივიდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელია.
  • ექიმს პაციენტებმა და მათმა ოჯახებმა სოციალურ ქსელში ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს;
  • 12 სექტემბერს მას თელავის სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა - 50 ათასი ლარი; ეს თანხა საზოგადოებამ ექიმს ერთ საათში მოუგროვა.