ინცესტი და სხვა რისკები - რა საფრთხე ახლავს კვერცხუჯრედისა და სპერმის დონაციას საქართველოში

„ჩემი კვერცხუჯრედისგან კი დაიბადება ბავშვი და რაღაც მონაცემები ჩემიც ექნება, მაგრამ ჩემს შვილად არ ვთვლი".

მოკლედ

  • რატომ არსებობს საქართველოში ინცესტის რისკი
  • რა პრობლემას ქმნის დონორთა ერთიანი რეესტრის არარსებობა
  • რამდენჯერ შეუძლია ქალს კვერცხუჯრედის დონაცია და ვინ აკონტროლებს ამას
  • კვერცხუჯრედების ხშირი დონაცია და რისკები
  • დონაცია - ქალების შემოსავლის წყარო, რას ჰყვებიან დონორები
  • როგორ მუშაობენ აგენტები საქართველოში
ახლო ნათესავებს შორის კავშირის საფრთხე, ქალების ჯანმრთელობის რისკები და უკონტროლო დონაცია - საქართველოში კვერცხუჯრედისა და სპერმის დონორთა ერთიანი რეესტრის არარსებობა, პროცესს უკონტროლოსა და გაუმჭვირვალეს ხდის.

კვერცხუჯრედის დონაციის გადაწყვეტილებას ქალების დიდი ნაწილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო იღებს. მიღებული ანაზღაურებით იხდიან სესხებს, ფარავენ სწავლის საფასურს, არჩენენ შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებს. ფინანსური აუცილებლობის გამო, ზოგიერთი მათგანი მზად არის, ჰორმონული სტიმულაციისა და კვერცხუჯრედების ამოღების პროცედურა არაერთხელ გაიაროს, მიუხედავად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო რისკებისა.

შევთანხმდით, რომ ერთმანეთს კაფეში შევხვდებით, ლექციების შემდეგ, საღამოს 4 საათისთვის. არ ვიცნობ, არც ის ვიცი, როგორ გამოიყურება, ამიტომ ისეთ ადგილას ვჯდები, რომ კარში შემოსულმა იოლად დამინახოს - მან უნდა მიცნოს.

სოციალური ქსელით დავუკავშირდი, იქ კი ფოტოები არ უდევს. მხოლოდ ის ვიცი, რომ 21 წლისაა, სტუდენტი.

ჯერ კიდევ მიმოწერისას შევთანხმდით, რომ ჩვენი საუბარი და მისი სახელი ანონიმური იქნება. ამიტომ მას პირობითად, ელენეს ვუწოდებ.

შემოსვლისთანავე მცნობს, შორიდან მიქნევს ხელს. ღია ფერის თვალები აქვს. მუქი წაბლისფერი თმა, უკან ჩაწნული. ოპტიკური სათვალე უკეთია - შორს რომ კარგად დაინახოს. ზურგჩანთას იქვე, ფეხებთან დებს. მე ხმის ჩაწერის უფლებას ვთხოვ.

ელენე კვერცხუჯრედის დონორია. უკვე გამოცდილი დონორი. 20 წლის იყო, როცა ქუჩაში რეკლამას გადააწყდა და მაშინვე დაინტერესდა:

„ამ ფულით სწავლის გადასახადს ვიხდი, სესხი მქონდა აღებული, იმის დასაფარად ვიყენებ. ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს და იქ შემაქვს“, - მიყვება ელენე, რომელსაც ოთხჯერ უკვე ჩაბარებული აქვს კვერცხუჯრედი და ახლა მეხუთე პროცედურისთვის ემზადება.

ოჯახის წევრებმა არაფერი იციან. მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა და ერთი მეგობრის დედამ. ისიც იმიტომ, რომ ჰორმონულ პრეპარატებს, რომლებსაც კვერცხუჯრედების ამოღებამდე თითქმის ორი კვირის განმავლობაში, მუცელში იკეთებს, სწორედ მათთან ინახავს:

„ამ ინიექციებს სახლში ვერ მივიტან. ბებიასთან ვცხოვრობ. ძალიან მკაცრი ოჯახი მყავს. ზოგადად ჩვენი საზოგადოება ხომ ისედაც მკაცრია, მაგრამ ჩემი ოჯახი - კიდევ უფრო. დედას ვერაფრით ვუმხელ ამ ამბავს, ამიტომ ნემსებს მეგობრის სახლში ვინახავ, ყოველდღე მივდივარ იქ, ვიკეთებ ნემსს და მერე უნივერსიტეტში გავრბივარ“.

ელენე „კვერცხუჯრედების ბანკის“ პროგრამის დონორია - მისი კვერცხუჯრედები გაყინული ინახება, სანამ პაციენტამდე მიაღწევს:

„ძალიან გამიჭირდა დონორად დასაქმება, რადგან ყურადღებას აქცევენ გარეგნობას, მაგალითად, სიმაღლეს, წონას. რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდი, მაგრამ არ გამომივიდა. მერე ჩემმა დაქალმა, რომელიც ასევე კვერცხუჯრედის დონორია, მითხრა, რომ კვერცხუჯრედებს აბარებს ბანკის პროგრამაში, სადაც გარეგნობას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, უბრალოდ, მათ სჭირდებათ ჯანმრთელი კვერცხუჯრედი.

როგორც წესი, წყვილი ეძებს ხოლმე ისეთ დონორს, რომელიც ერთ-ერთს მაინც ჰგავს. ერთადერთი კონტაქტი, რომელიც პოტენციურ მშობლებთან მაქვს, არის მხოლოდ ის, რომ ისინი ხედავენ ჩემს ფოტოს, პარამეტრებს, დანარჩენი არაფერი საერთო მათთან არ მაქვს. არც ვიცი, ვინ არიან“.

საქართველოში კვერცხუჯრედების ერთიანი ეროვნული ბანკი არ არსებობს. კლინიკებს, რომლებიც დონორების კვერცხუჯრედებს ყინავენ, შეიძლება საკუთარი ბანკები ჰქონდეთ, მაგრამ საერთო რეესტრი, რომელზეც ყველას მიუწვდება ხელი, არ არის.

რამდენიმე ხნის წინ, ელენემ ნოტარიუსის დამოწმებით მოაწერა ხელი თანხმობას, რომ მისი კვერცხუჯრედები წყვილს გერმანიაში წაეღო - ეს კანონმდებლობის მოთხოვნაა.

ბოლოს კვერცხუჯრედების ასპირაცია (ამოღება) ინტერვიუმდე ოთხი თვით ადრე გაიკეთა.

„პირველად შედარებით ნაკლები გადამიხადეს. მეორედ რომ მივედი, მთხოვეს, რაც უფრო მალე მოხვალ, უფრო მეტს გადაგიხდითო. ბანკში გარეგნობას არ უყურებენ და რაკი ბევრი ფოლეკულა მაქვს, ძალიან აწყობთ. დღესდღეობით ორ კომპანიასთან ვთანამშრომლობ“, - მეუბნება ელენე.

„ჩემი კვერცხუჯრედისგან დაბადებულ ბავშვს შვილად არ აღვიქვამ“

ხელოვნური განაყოფიერების პროცესი

25 წლის ანასტასია შეხვედრაზე უარს მეუბნება, ტელეფონით საუბარი ურჩევნია. ვინაობის გამხელა არც მას არ სურს.

ასპირაციის პირველ პროცედურას რამდენიმე დღეში იკეთებს. ახლა მომზადების პერიოდს გადის:

„პირველი ანესთეზიაა და ცოტას ვღელავ, მაგრამ გოგოებმა დამაწყნარეს, რთული პროცედურა არ არისო. ძალიან კარგი ექიმი მყავს და მისი იმედი მაქვს“.

6 წელია, სისხლის დონორია. კვერცხუჯრედების დონორიც დიდი ხნის წინ გახდებოდა, მაგრამ ამდენი ხანი სანდო კლინიკას ეძებდა:

„საქართველოში ძალიან ძნელია, იპოვო ნორმალური კლინიკა, რომელიც არ მოგატყუებს და ბოროტად არ გამოიყენებს შენს ნდობას. სამწუხაროდ, არის ბევრი კლინიკა, რომლებიც თავდაპირველად სხვა ანაზღაურებას სთავაზობენ ქალს და შემდეგ სხვა ანაზღაურებას აძლევენ ან ეუბნებიან, რომ არ გამოდგა თქვენი კვერცხუჯრედი, მაგრამ რეალურად ამოიღეს ჯანსაღი კვერცხუჯრედები. ჩემს გარშემო რამდენიმე გოგონას შეემთხვა მსგავსი რამ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამ სხვადასხვა კლინიკაში გავიარე კვლევის ეტაპი და საბოლოოდ, ერთ-ერთ კლინიკაზე შევაჩერე არჩევანი. სისხლის, ნაცხის ანალიზი, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ანალიზი გამიკეთეს. როცა ყველა პასუხი შეგროვდა, ამის შემდეგ დავიწყე მომზადება“.

კლინიკაში ანასტასიას უთხრეს, რომ შეუძლია დონორი იყოს ყოველ მეორე თვეს და ეს მის შვილოსნობაზე გავლენას არ მოახდენს:„მე, მაგალითად, შემიძლია 31 წლამდე, ჯამში, 30-ჯერ გავცე ჩემი კვერცხუჯრედები“, - გვეუბნება ანასტასია და ამატებს, რომ „ბანკის პროგრამა“ მეორე და მესამე დონაციაზე იმაზე მეტს გადაუხდის, ვიდრე პირველზე.

ისევე, როგორც კვერცხუჯრედის დონორების უმეტესობა, ანასტასიაც ამ პროცესში მატერიალური საჭიროების გამო ჩაერთო, თუმცა სხვა მიზეზიც აქვს:

„მყავდა ნათესავი, რომელიც 20 წლის განმავლობაში ცდილობდა, ჰყოლოდა შვილი. დავფიქრდი, რომ ჩემი ბიოლოგიური მასალა ტყუილად ფუჭდება და რატომაც არა.

თუმცა მატერიალური ფაქტორი მაინც ძირითადია. არიან გოგოები, რომლებსაც შვილები ჰყავთ, არ აქვთ სათანადო ანაზღაურება, შვილების გაზრდა დღეს საქართველოში იოლი არ არის. ამიტომ ბევრი ქალი მიმართავს ამ პროცედურას. ვიცნობ ისეთ დონორსაც, რომლის ქმარიც მხარს უჭერს მის ამ გადაწყვეტილებას და პრობლემა არ აქვს“, - მეუბნება ანასტასია.

კვერცხუჯრედის დონაციით დაბადებული ბავშვი დონორი ქალის გენეტიკური შვილია, თავად დონორი კი მისი გენეტიკური დედა. ბავშვი გენეტიკური ინფორმაციის დაახლოებით ნახევარს სწორედ მისგან იღებს. ეს ნიშნავს, რომ მას შესაძლოა დონორის გარეგნული ნიშნები და მემკვიდრეობითი თვისებები გადაეცეს.

ამ გენეტიკურ კავშირს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს ანასტასია. მისი თქმით, თავიდანვე გააზრებული ჰქონდა, რომ დონაციის შედეგად დაბადებულ ბავშვთან გენეტიკური კავშირი ექნებოდა, თუმცა მას საკუთარ შვილად არ მიიჩნევს.

„ჩემი კვერცხუჯრედისგან კი დაიბადება ბავშვი და რაღაც მონაცემები ჩემიც ექნება, მაგრამ ჩემს შვილად არ ვთვლი. გააზრებული მაქვს ეს თავიდანვე, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვიღაცას ვაძლევ შანსს, რომ დედობა გამოსცადოს და ბედნიერი იყოს“.

„ისეთ დონორს ვეძებთ, რომელსაც ჯერ არ ჩაუბარებია კვერცხუჯრედები და არც მერე აპირებს“

ქართველმა წყვილმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, კვერცხუჯრედების ქართველი დონორის პოვნა ახლო ნათესავს მიანდო.

ნანა კანდიდატებს ფეისბუკის ჯგუფებისა და სააგენტოების დახმარებით ეძებს. დონორი 29 წლამდე უნდა იყოს, სასურველია, კვერცხუჯრედები მანამდე არ ჰქონდეს გაცემული ან გაცემული ჰქონდეს მხოლოდ უცხოელი წყვილებისთვის. თუ ასეთ ქალს იპოვის, იმაზე მეტსაც კი შესთავაზებს, ვიდრე სტანდარტულად უხდიან ქალებს.

„რაც უფრო მეტჯერ აქვს ქალს კვერცხუჯრედები ჩაბარებული, მით უფრო გამოცდილი დონორის სტატუსი აქვს და უფრო ძვირად ფასობს. ჩემთვის კი პირიქითაა - მირჩევნია ისეთი ვნახოთ, რომელსაც დონაცია საერთოდ არ გაუკეთებია“.

წყვილი, რომლისთვისაც ნანა დონორს ეძებს, შიშობს, რომ ერთი დონორისგან დაბადებული გენეტიკურად ნათესავი ბავშვები მომავალში შეიძლება ერთმანეთს შეხვდნენ. ექიმებმა ისიც ურჩიეს, რომ რამდენიმე კვერცხუჯრედი შეიძინონ და გაყინონ, სურვილის შემთხვევაში კი გამოუყენებელს გაანადგურებენ.

„როგორ და ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ასეთი კვერცხუჯრედები სხვა წყვილებზე არ გაიყიდება?“ - გვეუბნება ნანა.

  • „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 144-ე მუხლი უშვებს კვერცხუჯრედებისა და ემბრიონების გაყინვასა და შენახვას. ვადას წყვილი ადგენს.
  • თუმცა კანონი მკაფიოდ არ ადგენს, რა ელის იმ კვერცხუჯრედებს, რომლებიც წყვილს აღარ სჭირდება - როგორ უნდა განადგურდეს ისინი, ვინ უნდა გასცეს ამის ნებართვა და როგორ უნდა დადასტურდეს განადგურების ფაქტი.
  • ასევე არ არის განსაზღვრული კონტროლის მექანიზმი, რომლითაც წყვილი გადაამოწმებს, ხომ არ გადასცა კლინიკამ მისთვის განკუთვნილი კვერცხუჯრედები სხვას.

საერთაშორისო პრაქტიკაში დონორის კვერცხუჯრედების შენახვა, განადგურება და სხვა წყვილისთვის გადაცემა მკაცრად კონტროლდება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში კვერცხუჯრედების სხვა პაციენტისთვის გადაცემა თანხმობის გარეშე დაუშვებელია. პროცესს სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო აკონტროლებს. ევროკავშირში კი მოქმედებს ბიოლოგიური მასალის აღრიცხვისა და მიკვლევადობის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს, რომელი დონორისგან მიიღეს მასალა და ვის ხელში აღმოჩნდა ის. მონაცემები, სულ მცირე, 30 წლის განმავლობაში ინახება.

არასრულყოფილი სამართლებრივი რეგულაცია - რატომ ვერ იქცა კანონპროექტი კანონად?

ემბრიოლაბორატორია, ხელოვნური განაყოფიერების პროცესი

საქართველოში კვერცხუჯრედის დონაციის ისტორია 2000-იანი წლებიდან იწყება. მისი ძირითადი სამართლებრივი საფუძველი კი 1997 წლის 10 დეკემბერს მიღებული კანონია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“.

ამ კანონის 143-ე მუხლი ადგენს, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერება დასაშვებია უშვილობის მკურნალობის მიზნით ან მშობლიდან ბავშვისთვის გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, მათ შორის დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, წყვილის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

ამავე მუხლის თანახმად, კვერცხუჯრედის დონორს ბავშვის მშობლად ცნობის უფლება არ აქვს. მშობლებად ის წყვილი ითვლება, რომელმაც კვერცხუჯრედი შეიძინა.

მიუხედავად იმისა, რომ კვერცხუჯრედის დონაცია საქართველოში უკვე ორი ათწლეულია მუშაობს, მისი საკანონმდებლო რეგულირება დღემდე არასრულყოფილია.

კანონი არ განმარტავს:

  • დონორის მინიმალურ და მაქსიმალურ ასაკს;
  • დონორისთვის სავალდებულო გენეტიკურ და სხვა სამედიცინო გამოკვლევების სრულ ჩამონათვალს;
  • რამდენჯერ შეიძლება ერთმა ქალმა გაიაროს საკვერცხეების ჰორმონული სტიმულაცია;
  • რა ინტერვალი უნდა იყოს დონაციებს შორის;
  • რამდენი შეიძლება იყოს ერთი დონორის კვერცხუჯრედებით დაბადებული ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა.


2023 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“.

პროექტი ითვალისწინებდა, რომ კვერცხუჯრედის დონორი უნდა ყოფილიყო ჯანმრთელი, არანაკლებ 20 წლის ქალი, რომელსაც, სულ მცირე, ერთი შვილი ჰყავდა. პროექტი ასევე ითვალისწინებდა ერთიანი ეროვნული რეესტრის შექმნას, დონორების მონაცემებისა და ჩატარებული პროცედურების აღრიცხვას. კანონი დონაციის სანაცვლოდ ფინანსური მოგების მიღებას კრძალავდა, ანუ ეს პროცესი სრულად ალტრუისტული უნდა გამხდარიყო. დაშვებული იქნებოდა მხოლოდ სამედიცინო ხარჯებისა და დისკომფორტის კომპენსაცია.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ კანონპროექტი დაჩქარებულად უნდა მიეღოთ, ის დღემდე განხილვის ეტაპზეა გაჭედილი.

პარლამენტის საიტზე ატვირთული ბოლო დოკუმენტის თანახმად, რომელიც 2026 წლის 5 ივნისით თარიღდება, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ზაზა ლომინაძე პარლამენტის ბიუროს კანონპროექტის „საკომიტეტო განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელებას“ სთხოვს.

მიმართვა პარლამენტის ბიუროს

ამავე კანონპროექტის განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელება მოთხოვნილი იყო 2026 წლის 29 იანვარსაც.

რადიო თავისუფლება ოთხ თვეზე მეტია ცდილობს ინტერვიუს ჩაწერას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ზაზა ლომინაძესთან, თუმცა უშედეგოდ. ზაფხულში პარლამენტის მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ზაზა ლომინაძეს ჩვენს მოთხოვნას გადასცემდა. მას შემდეგ ის არც ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და არც მესიჯებს.

საერთაშორისო სტანდარტი და რეკომენდაციები მოკლედ

კვერცხუჯრედის დონაციის უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებს სპეციალური რეკომენდაციები აქვთ შემუშავებული.

მათ შორისაა რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული საზოგადოება (ASRM) და ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოება (ESHRE).

  • ASRM-ის რეკომენდაციებით, კვერცხუჯრედის დონორი სასურველია იყოს 21–34 წლის ჯანმრთელი ქალი, რომელსაც დონაციამდე ჩაუტარდება სამედიცინო, გენეტიკური და ინფექციურ დაავადებებზე გამოკვლევები. რეკომენდებულია ფსიქოლოგიური კონსულტაციაც.
  • ამავე ორგანიზაციის მიხედვით, ერთმა ქალმა სასურველია გაიაროს არაუმეტეს ექვსი დონაციის ციკლი, რადგან განმეორებითი ჰორმონული სტიმულაცია და კვერცხუჯრედების ამოღება ჯანმრთელობისთვის დამატებით რისკებს უკავშირდება.


ESHRE-ს რეკომენდაციები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჰორმონული სტიმულაციის უსაფრთხოებაზე, მედიკამენტების დოზების ინდივიდუალურ შერჩევასა და საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის პრევენციაზე.

საერთაშორისო სტანდარტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია ნათესავებს შორის გაუცნობიერებელი სქესობრივი კავშირის, ანუ ინცესტის რისკის შემცირება.

ერთი დონორის კვერცხუჯრედებით შესაძლოა სხვადასხვა ოჯახში გენეტიკურად მონათესავე ბავშვები დაიბადონ, რომლებმაც ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ამიტომ ASRM რეკომენდაციას უწევს დონაციების შედეგების აღრიცხვასა და ერთი დონორისგან დაბადებული ბავშვების რაოდენობის კონტროლს.

მაგალითად, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს (HFEA) წესებით, ერთი დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით ბავშვები მაქსიმუმ ათ ოჯახში შეიძლება დაიბადონ.

ემბრიოლაბორატორია, ხელოვნური განაყოფიერების პროცესი

როგორ მუშაობენ აგენტები საქართველოში?

სოციალურ ქსელებში არაერთი ღია თუ დახურული ჯგუფია, სადაც აგენტები და სააგენტოების წარმომადგენლები კვერცხუჯრედის დონორებსა და სუროგატ ქალებს ეძებენ.

იმავე ჯგუფებში აქტიურობენ თავად დონორები და სუროგატი ქალები, ასევე ოჯახები, რომლებიც რეპროდუქციული დახმარების გზით შვილის გაჩენას გეგმავენ.

განცხადებებში დეტალურადაა აღწერილი მოთხოვნები - დონორის ასაკი, გარეგნული მონაცემები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, წინა დონაციების გამოცდილება, საკუთარი შვილების ყოლის აუცილებლობა და ანაზღაურების ოდენობა.

ამონარიდები სოციალური ქსელიდან

თავის მხრივ, დონორები და სუროგატი ქალებიც აქვეყნებენ საკუთარ მონაცემებს, მათ შორის ფოტოებს. მიუხედავად ამ ბაზრის აქტიურობისა, უცნობია, რამდენი შუამავალი აგენტი და კვერცხუჯრედის დონორი საქმიანობს საქართველოში - ერთიანი მონაცემთა ბაზა არ არსებობს.

ამონარიდები სოციალური ქსელიდან

რადიო თავისუფლება რამდენიმე სააგენტოსა და დამოუკიდებელ აგენტს დაუკავშირდა. მათი საკონტაქტო ინფორმაცია სოციალურ ქსელში შევაგროვეთ. აღმოჩნდა, რომ უმეტეს მათგანს დონორების შერჩევის განსხვავებული პირობები აქვს.

მათ თავი პოტენციურ დონორებად გავაცანით.

- გამარჯობა, განცხადება ვნახე ინტერნეტში - კვერცხუჯრედის დონორებს ეძებთ, დაინტერესებული ვარ.

- რამდენი წლის ხართ?

- 29 წლის.

- ჩვენ, როგორც წესი, 18-დან 27 წლამდე დონორები აგვყავს, მაგრამ შეიძლება განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

- რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

- სასურველია სასიამოვნო გარეგნობა, რა თქმა უნდა, შესაბამისი ასაკი.

- როგორ უნდა მივხვდე, მაქვს თუ არა სასიამოვნო გარეგნობა?

- ფოტოები უნდა გამოგვიგზავნოთ. მაკიაჟის გარეშე. ფოტოზე მთლიანად უნდა ჩანდეთ. მოგწერთ, რა უნდა გამოგვიგზავნოთ.

ორ წუთში ტელეფონზე გასაგზავნი მონაცემების ჩამონათვალი მოგვდის:

  • სახელი, გვარი
  • დაბადების თარიღი
  • ასაკი
  • სიმაღლე
  • წონა
  • თვალის ფერი
  • თმის ფერი
  • სისხლის ჯგუფი
  • განათლება
  • პროფესია
  • გყავთ თუ არა შვილი, მათი სქესი
  • გყავთ თუ არა და ან ძმა
  • დონაციის რაოდენობა
  • ფოლეკულების სავარაუდო რაოდენობა
  • ბოლო დონაციის დრო და ადგილი
  • ფოტო და ვიდეო
  • ციკლის მოსვლის პერიოდი.


კიდევ ერთ აგენტს ვეუბნები, რომ კვერცხუჯრედების ამოღების პროცედურა უკვე ექვსჯერ მაქვს გაკეთებული და ვინტერესდები, კიდევ მომცემენ თუ არა უფლებას.

- თითქოს მითხრეს, რომ ექვსჯერ რაკი მაქვს გაცემული კვერცხუჯრედები, მეტს ვეღარ ჩავიტარებ ამ პროცედურას.

- კი, კი, შეიძლება, თუკი ფოლეკულების რაოდენობა საკმარისია. რამდენი წლის ხართ?

- 26.

- ანკეტას გამოგიგზავნით, შეავსეთ, ჩამიყარეთ ფოტოები და თუკი სააგენტო შეგარჩევთ თქვენი გარეგნობით მიხედვით, შემდეგ უკვე დაგიბარებთ ექიმთან შეხვედრაზე და გასასინჯად.

რამდენიმე აგენტს ვუთხარით, რომ სტატიას ვწერდით საქართველოში კვერცხუჯრედების დონაციაზე და მათთან გასაუბრება გვსურდა, თუმცა ინტერვიუზე უმეტესობამ უარი მითხრა.

„ზოგიერთ აგენტს ერთდროულად 250 დონორი ჰყავს“

აგენტი, რომელმაც რადიო თავისუფლებას ინტერვიუ მისცა, უკვე 10 წელია, რაც ამ ბიზნესშია. მის ბაზაში დღეს 160 დონორია აღრიცხული, ეკა ხუთ წამყვან კლინიკასთან თანამშრომლობს.

„შესაძლოა, ვიღაცებს არ მოეწონოთ ჩემი ინტერვიუ, არ მინდა, რომ ზედმეტი პრობლემა შემექმნას“, - ეკას ურჩევნია, რომ სტატიაში მისი გვარი არ ვახსენოთ.

გვეუბნება, რომ სხვა კერძო აგენტებს გაცილებით დიდი ბაზები აქვთ: „250 და მეტი დონორიც ჰყავთ. უბრალოდ, მე ჩემი კონკრეტული სტანდარტები მაქვს...ჩემთვის მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხი, უსაფრთხოება და ეთიკური საკითხებია“, - ამბობს ეკა.

მან ზუსტად არ იცის, საქართველოში კვერცხუჯრედების დონაციისა და სუროგაციის სფეროში რამდენი კერძო აგენტი შეიძლება იყოს, მაგრამ ვარაუდობს, რომ მხოლოდ თბილისში რამდენიმე ასეული იქნება.

ეკაც გვიდასტურებს, რომ საქართველოში არ არსებობს საერთო სისტემა, რომელშიც აისახებოდა, რამდენჯერ და რა პერიოდულობით გაიღო ერთმა ქალმა კვერცხუჯრედები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

წუხს იმაზე, რომ ერთი დონორის კვერცხუჯრედები შეიძლება საქართველოში მცხოვრებმა რამდენიმე ოჯახმა გამოიყენოს, თუმცა მომავალში ბავშვებმა, გენეტიკურმა და-ძმებმა, ერთმანეთთან ნათესაური კავშირის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„მე მაქვს ინფორმაცია საქართველოში კვერცხუჯრედების დონორებზე, რომლებსაც 20-ჯერ და 25-ჯერ აქვთ გაკეთებული დონაცია. წარმოუდგენელია, მაგრამ ეს ვერ კონტროლდება“.

ეკას თქმით, ზოგიერთ სამედიცინო ცენტრს თავად აქვს დაწესებული შეზღუდვები. მაგალითად, მისი თქმით, ერთ-ერთი კლინიკა, რომელთანაც თანამშრომლობს, ერთსა და იმავე ქალს მხოლოდ სამჯერ აძლევს კვერცხუჯრედების დონაციის შესაძლებლობას.

თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დონორმა ლიმიტის ამოწურვის შემდეგ დონაცია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გააგრძელოს.

„თბილისში უამრავი კლინიკაა, სადაც ქალს შეუძლია მივიდეს. თვითონ დონორი არ გეტყვის, რამდენჯერ აქვს გაკეთებული პროცედურა“.

ეკა გვიხსნის, რომ დონორებმა, როგორც წესი, იციან, რომ კვერცხუჯრედების ასპირაციის შემდეგ ორგანიზმს აღდგენისთვის დრო სჭირდება, თუმცა ამ ინტერვალს ყველა არ იცავს:

„აღდგენისათვის საჭიროა მინიმუმ ორი ციკლის შუალედი, მაგრამ, სამწუხაროდ, ქალები უკვე მეორე ციკლზევე იწყებენ მზადებას. იმავე კლინიკაში რომ დაბრუნდეს, ექიმი ეტყვის, ჯერ დრო არ გასულაო. მაგრამ წავა სხვა კლინიკაში და იქ ეტყვიან, რა კარგი მდგომარეობა გაქვს, მოდი, დავიწყოთ“.

აგენტის შეფასებით, ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია საერთო სამედიცინო ბაზის გარეშე, სადაც ექიმები ნახავდნენ, როდის და სად ჩაუტარდა კონკრეტულ ქალს ბოლო სტიმულაცია და კვერცხუჯრედების ასპირაცია, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მკაცრი კონტროლის დაწესება დონაციაზე დონორებისა და უცხოელი პაციენტების ნაკადს შეამცირებს.

ინცესტის რისკი

ხელოვნური განაყოფიერება - კვერცხუჯრედის განაყოფიერება სპერმატოზოიდით

ეკა მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრები დონორების კვერცხუჯრედები უმჯობესია მხოლოდ უცხოელ პაციენტებთან გამოიყენონ, ხოლო ქართველ პაციენტებს საზღვარგარეთიდან ჩამოსული დონორების მასალა შესთავაზონ.

კონტროლის არარსებობის პირობებში ეს იმის ალბათობას შეამცირებდა, რომ ერთი დონორის გენეტიკურად ნათესავი შვილები ერთსა და იმავე ქვეყანაში მომავალში ერთმანეთს შეხვედროდნენ:

„როგორც ჩვენი, ქართველი გოგოების მასალა გადის საზღვარგარეთ, ხომ არ ჯობია, ქართველ მშობლებს უცხოური ბაზა შევთავაზოთ? მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ქართველი მშობელი ზოგჯერ პირდაპირ გეუბნება: მე მეგრელი ვარ და მეგრელი დონორი მინდა. სხვას არც კი განიხილავს“.

აგენტი გვეუბნება, რომ ქართველ მშობლებს ხშირად დონორის ეროვნება, გარეგნობა და წარმომავლობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, რამდენი კვერცხუჯრედი აქვს მას გაცემული:

„რატომღაც ჰგონიათ, რომ ყველაფერს აირიდებენ, მაგრამ ეს წარმოუდგენელია. ვერავინ ვერაფერს აირიდებს, თუ ამ საკითხზე წინასწარ არ იფიქრა, მით უმეტეს იმ მოცემულობაში, რაც დღეს საქართველოში ამ ბაზარზე ხდება“.

აგენტის თქმით, კლინიკები პოტენციურ მშობლებს ეუბნებიან, კონკრეტულად მათთან რამდენჯერ აქვს ქალს კვერცხუჯრედები გაცემული. მაგრამ, როგორც წესი, არ ამხელენ, იმავე დონორის კვერცხუჯრედები მანამდე ქართველმა წყვილმა გამოიყენა თუ უცხოელმა.

ეს, როგორც წესი, არც თავად დონორმა ქალებმა არ იციან.

აგენტი გვიხსნის, რომ შესაძლებელია პოტენციურ მშობლებს დონორი ქალის ფოტო აჩვენონ, მაგრამ მათი სახელი, გვარი, საპასპორტო მონაცემები, მისამართი - კონფიდენციალურია. დონორებს კლინიკები საკუთარ ბაზებში, როგორც წესი, საიდენტიფიკაციო ნომრებს ანიჭებენ.

ფასები კვერცხუჯრედის დონაციის ბიზნესში

„დონორი იწყებს 2000 დოლარიდან. შემდეგ არის 2200, 2300, 2500, 2700 დოლარი. ეს დამოკიდებულია ფოლიკულურ მარაგზე“, - გვეუბნება ეკა.

აგენტის განმარტებით, თუ დონორს დაახლოებით 20 ფოლიკულის მარაგი აქვს, ანაზღაურება შედარებით დაბალია, რადგან მოსალოდნელია ნაკლები კვერცხუჯრედის მიღება. ხოლო იმ ქალების შემთხვევაში, რომლებსაც გაცილებით მაღალი ფოლიკულური მარაგი აქვთ, ანაზღაურება იზრდება.

„შეიძლება დიდი მარაგით მივიყვანოთ დონორი, მაგრამ გაცილებით ნაკლები კვერცხუჯრედი მივიღოთ, ვიდრე ექიმი ელოდა. ორგანიზმი ინდივიდუალურია. ამ შემთხვევაში კომპენსაცია არ იცვლება“.

მისი თქმით, მიღებული შედეგი შეიძლება გაითვალისწინონ მომდევნო დონაციისთვის ანაზღაურების განსაზღვრისას.

„შეიძლება უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ მყავდნენ დონორები, რომლებიც მუშაობდნენ ბანკებში, იუსტიციის სახლის თანამშრომლები მყავდნენ დონორებად, პარლამენტის თანამშრომელი... არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას და სტატუსს. როდესაც ფინანსური საჭიროება დგება, იძულებულები ხდებიან, რომ ეს პროცედურები ჩაიტარონ“, - რადიო თავისუფლება ესაუბრა კიდევ ერთ აგენტს, რომელიც დღეს საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ყოფილი აგენტი, რომელმაც რამდენიმე წელიწადი იმუშავა ერთ-ერთ სააგენტოში, იხსენებს შემთხვევებს, როდესაც დონორის ანაზღაურება ამოღებული კვერცხუჯრედების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული, თუმცა ქალს თავად არ შეეძლო გადამოწმება და ეჭვი ჰქონდა, რომ ცოტას უხდიდნენ: „პროცედურის დროს დონორს სძინავს და ვერ გაიგებს, მას რამდენი კვერცხუჯრედი ამოუღეს. ეუბნებოდნენ, რომ შვიდი ამოვიღეთ და ნაკლებ თანხას უხდიდნენ“.

მისივე თქმით, ბევრჯერ ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც მეტი ფინანსური მოგების მიღების მიზეზით, ექიმებიცა და პაციენტებიც პროცედურებს შორის რეკომენდირებულ ინტერვალს არღვევდნენ:

„მაგალითად, ასპირაციის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში დაეწყო დონორს ციკლი და ამ ციკლზევე დაუწყიათ სტიმულაცია და ექიმები ამას თანხმდებოდნენ. გამოდის, რომ თვე-ნახევარში ორი პუნქცია ტარდებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს პროცედურა ნარკოზით კეთდება. ამ გოგოებისთვის, ერთი შეხედვით, ეს არის მარტივი ფული - ათი დღე ნემსები გაიკეთა, ნახევარი საათი დაიძინა და მორჩა. ექიმი თანახმაა, გოგო თანახმაა და მე რა უნდა გამეკეთებინა?“

ყოფილი აგენტი გვეუბნება, რომ ზოგიერთი სააგენტო ერთი დონორის კვერცხუჯრედებს რამდენიმე ოჯახზე ანაწილებს, თითოეული ოჯახისგან თანხას იღებს, დონორს კი მხოლოდ ერთი ოჯახის შესაბამის ანაზღაურებას უხდის. მისი მონათხრობით, ამისთვის სააგენტოები დონორებს მინდობილობის გაფორმებას სთხოვენ. „თანხას რეალურად ართმევენ ორ ოჯახს, თუმცა დონორს უხდიან ერთის თანხას“, - ამბობს ის.

ყოფილი აგენტი გვეუბნება, რომ პრობლემაა ჰორმონული სტიმულაციის დროს გამოყენებული პრეპარატების დოზებიც. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ზოგიერთ კლინიკაში დონორებს ფოლიკულების რაოდენობის გასაზრდელად პრეპარატის მაღალ დოზებს უნიშნავენ.

რადიო თავისუფლებამ ამ ინფორმაციის გადამოწმება და დადასტურება ვერ მოახერხა. ექიმები, რომლებსაც ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ ასეთი რამ მათ კლინიკებში გამორიცხულია მოხდეს და პრეპარატებს ინდივიდუალურად, საჭიროების მიხედვით ნიშნავენ.

დონორთა არარსებული რეესტრი, რომელიც ქვეყანას 3 წლის წინ უნდა ჰქონოდა

კვერცხუჯრედებისა და სპერმის დონორთა ცენტრალიზებული აღრიცხვის სისტემები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში რეპროდუქციული ტექნოლოგიების მარეგულირებელი ორგანო HFEA 1991 წლიდან აგროვებს მონაცემებს დონორების მონაწილეობით ჩატარებული მკურნალობის შესახებ. რეესტრის საშუალებით შესაძლებელია დონორისა და მისი გენეტიკური შთამომავლების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა.

დონორების ერთიანი აღრიცხვის აუცილებლობაზე მიუთითებენ საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციებიც.

  • 2026 წლის 17 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია, რომელიც კვერცხუჯრედებისა და სპერმის დონორების უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვას ეხება.
  • ევროპის საბჭო წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, შექმნან დაცვის ერთიანი სტანდარტები, რომლებიც მოიცავს დონორების სამედიცინო და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, დონაციის შემდგომ მეთვალყურეობას, დონორთა რეესტრებს, გენეტიკური მასალის მიკვლევადობასა და პერსონალური მონაცემების დაცვას.
  • 2026 წლის 8 ივლისს, ევროპის ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საზოგადოებამ (ESHRE) ევროკავშირის მასშტაბით დონორთა ერთიანი რეესტრის შექმნის რეკომენდაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ ეროვნული შეზღუდვები ვერ უზრუნველყოფს ერთი დონორისგან დაბადებული ბავშვების რაოდენობის სრულყოფილ კონტროლს, რადგან დონორების გენეტიკური მასალა სხვადასხვა ქვეყანაში ხვდება.
  • ESHRE მიიჩნევს, რომ დონაციის შედეგად დაბადებული ადამიანების ინტერესებს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ერთი დონორის გენეტიკური მასალის გამოყენების საერთაშორისო ლიმიტის დაწესებას და მის აღსასრულებლად ერთიანი რეესტრის შექმნას.


ქვეყნებში, სადაც კვერცხუჯრედებისა და სპერმის დონორთა ერთიანი რეესტრები მოქმედებს, მათზე წვდომა მკაცრად შეზღუდულია. მონაცემთა მთლიან ბაზას სახელმწიფო ორგანოები მართავენ, ხოლო კლინიკებს, დონორებს, მშობლებსა და დონაციის შედეგად დაბადებულებს სხვადასხვა ინფორმაციაზე აქვთ წვდომა.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში რეესტრს სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო HFEA მართავს. დონორს შეუძლია იცოდეს თავისი გენეტიკური მასალით დაბადებული ბავშვების რაოდენობა, სქესი და დაბადების წელი, თუმცა არა მათი ვინაობა.

მშობლებს შეუძლიათ გაიგონ, რამდენი სხვა ბავშვი დაიბადა იმავე დონორისგან, მაგრამ დონორის ვინაობის გაგების უფლება არ აქვთ. დონაციის შედეგად დაბადებულ ადამიანებს კი 18 წლის ასაკიდან, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, შეუძლიათ დონორის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნა. რეესტრი საჯარო არ არის, პერსონალური ინფორმაცია კი დაცულია.

საქართველოში რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრი ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში უნდა შექმნილიყო.

მთავრობის დადგენილებითა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2024 წლის 1 იანვრიდან რეპროდუქციულ კლინიკებს ერთიან სისტემაში უნდა აესახათ მონაცემები დონორების, რეციპიენტების, რეპროდუქციული უჯრედებისა და ემბრიონების, ჩატარებული პროცედურებისა და დაბადებული ბავშვების შესახებ.

თუმცა ერთიანი რეესტრი არ შექმნილა, რასაც რადიო თავისუფლებას კლინიკების ხელმძღვანელებიც უდასტურებენ.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება

„კიდევ უფრო მწვავედ დგას პრობლემა სპერმის დონაციის შემთხვევაში“

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 3 წლის წინ საქართველოში 19 ისეთი სამედიცინო დაწესებულება იყო, რომლებსაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სერვისი ჰქონდათ. მათ შორისაა კლინიკები, სადაც ტარდება ინვიტრო განაყოფიერება, კვერცხუჯრედების დონაციასთან და სუროგაციასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურები. 2026 წლისთვის კლინიკების განახლებული ოფიციალური რაოდენობა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.

ერთ-ერთი ასეთი წამყვანი კლინიკის, „რეპროარტის“ მთავარი ექიმი, პროფესორი ნატო შამუგია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კლინიკები უმეტესად ინდივიდუალური, შიდა რეგულაციებით მუშაობენ. მაგალითად, „რეპროარტი“ ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESHRE) რეკომენდაციებს იცავს.

„ეს წესები მუდმივად ახლდება. თუ საერთაშორისო რეკომენდაციებში რაიმე იცვლება, შესაბამის ცვლილებებს ჩვენს შიდა დოკუმენტებშიც ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ კლინიკის ყველა ექიმს ერთიანი მიდგომა ჰქონდეს“.

როგორც ის გვიხსნის, კლინიკაში მკაცრადაა განსაზღვრული როგორც დონორების ასაკისა და შერჩევის კრიტერიუმები, ისე კვერცხუჯრედების ამოღების პროცედურების რაოდენობა და ინტერვალი.

ნატო შამუგია

„კვერცხუჯრედის დონორის ასაკობრივი ზღვარი 20-დან 33 წლამდეა. საერთაშორისო რეკომენდაციებით დასაშვები ზედა ზღვარი შესაძლოა 35 წელიც იყოს, თუმცა ჩვენ უფრო მკაცრი შეზღუდვა გვაქვს დაწესებული.

ამის მიზეზი ის არის, რომ ასაკის მატებასთან ერთად იზრდება გარკვეული ქრომოსომური დარღვევების ალბათობა. ჩვენ კი გვინდა, პაციენტისთვის (პოტენციური მშობლებისთვის) რისკები მაქსიმალურად შევამციროთ“.

კლინიკის შიდა სტანდარტით, დონორს მაქსიმუმ ხუთი-ექვსი სტიმულაციის ჩატარების შესაძლებლობა აქვს:

„ამაზე მეტჯერ დონორს პროგრამაში აღარ ვრთავთ. სტიმულაციებს შორის სასურველი შუალედი სამი თვეა. საერთაშორისო რეკომენდაციებში დონაციის რაოდენობასთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები არსებობს. შეზღუდვები დამოკიდებულია არა მხოლოდ დონორის ჯანმრთელობის დაცვაზე, არამედ იმაზეც, რამდენი ბავშვი შეიძლება დაიბადოს ერთი დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებისთვის, რადგან ერთი დონორისგან დაბადებული გენეტიკურად მონათესავე ადამიანების მომავალში ერთმანეთთან შეხვედრისა და მათ შორის რეპროდუქციული კავშირის რისკი უნდა შემცირდეს“.

ნატო შამუგიას დღეს საქართველოში დონორთა ერთიანი რეესტრის არარსებობა, ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად მიაჩნია:

„ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არსებობს. თუმცა საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია... ეს მხოლოდ კლინიკების პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს. აუცილებელია სახელმწიფო რეგულაცია, რომელიც ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის ერთნაირად იმოქმედებს“, - ამბობს ნატო შამუგია.

ნატო შამუგიასთვის, როგორც ექიმისთვის, გაუმართლებელი რისკია საკვერცხეების მრავალჯერადი სტიმულაცია და ასპირაცია.

„სამედიცინო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ კვერცხუჯრედების ამოღების პროცედურასთან დაკავშირებული რისკები და ჰორმონული სტიმულაციის შესაძლო გრძელვადიანი გავლენა.

ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს სწორედ ჰორმონული პრეპარატების მრავალჯერადი გამოყენების უსაფრთხოება. ამ საკითხზე ჩატარებულია საერთაშორისო კვლევები და რეტროსპექტული ანალიზები. არსებული მონაცემებით, ექვსიდან რვამდე სტიმულაციის შემთხვევაში ონკოლოგიური რისკის ზრდის მკაფიო ტენდენცია არ გამოვლენილა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სტიმულაციების რაოდენობა შეუზღუდავი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი როგორც დონორის ჯანმრთელობის საფუძვლიანი შეფასება, ისე სტიმულაციების რაოდენობის კონტროლი და ერთიანი სახელმწიფო რეესტრის არსებობა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნატო შამუგია.

მისი თქმით, კიდევ უფრო მწვავედ დგას პრობლემა სპერმის დონაციის შემთხვევაში. ამიტომ ის პაციენტებს ხშირად ურჩევს, რომ გამოიყენონ საერთაშორისო დონორთა ბანკები:

„ასეთი ბანკების ჩამოყალიბებას დიდი დრო, ფინანსური რესურსი და გამოცდილება სჭირდება. მათ აქვთ დონორების აღრიცხვისა და კონტროლის საკუთარი სისტემები. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილებას თავად პაციენტი იღებს. თუმცა ჩვენი ვალდებულებაა, მას შესაძლო რისკები და არსებული არჩევანი განვუმარტოთ“.

როგორც ნატო შამუგია გვეუბნება, მისი დაკვირვებით, პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს გაცნობიერებული და ფიქრობს იმაზე, რამდენი გენეტიკურად მონათესავე ბავშვი შეიძლება დაიბადოს ერთი დონორისგან.

„ამ საკითხზე ხშირად ექიმებს გვიწევს საუბრის დაწყება და პაციენტებისთვის რისკების განმარტება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს სპერმის დონაციის შემთხვევაში. პაციენტებს ვუხსნი, რა პრობლემები შეიძლება არსებობდეს და რა უპირატესობა აქვს კარგად ორგანიზებულ საერთაშორისო დონორთა ბანკებს“.

„ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ ჩემი შვილის მამას თუ ყავის თერმოსით წამოვიყვანდი, ამას ვერ“

პირადი გადაწყვეტილებითა და ექიმის რჩევითაც, 40 წლის მაიამ სპერმის დონორი სწორედ უცხოური ბანკიდან შეარჩია. უნდოდა, მომავალში რაც შეიძლება მცირე ალბათობა ყოფილიყო იმისა, რომ მისი შვილი, შემთხვევით, იმავე დონორისგან დაბადებულ სხვა ბავშვს შეხვედროდა.

კომპანიამ, რომელსაც საქართველოში უცხოეთიდან შემოაქვს ბიოლოგიური მასალა, ელექტრონული ფოსტით 17 დონორის მონაცემები გაუგზავნა.

საბოლოოდ მან დონორი დანიიდან შეარჩია. ანკეტებში მითითებული იყო მისი სიმაღლე, თმისა და თვალის ფერი, სისხლის ჯგუფი, პროფესია და საქართველოში მისი სპერმის დოზების რაოდენობა.

„ორი დოზა ჰქონდათ ბაზაში. ამაზეც დავფიქრდი, რადგან მისი მასალით განაყოფიერებული ქალი ამ ქალაქში ცხოვრობს და მისი და ჩემი შვილი შესაძლოა, უხეშად რომ ვთქვათ, პოტენციური და-ძმა იყოს-მეთქი“, - იხსენებს ქალი.

დონორის შერჩევისა და თანხის გადახდის შემდეგ, ბიოლოგიური მასალის წამოსაღებად ის თავად მივიდა კლინიკაში:

მაია დონორის ბიოლოგიური მასალით

„ველოდებოდი, რომ, როგორც ფილმებში მინახავს, მცირე საყინულის ყუთით გადმომცემდნენ, მაგრამ მასალა იყო ჩვეულებრივ, ვერცხლისფერ თერმოსში, ყველას რომ გვაქვს სახლში, ორი ჭიქა ყავა რომ ჩადის“. კონტეინერი მანქანაში, ჭიქის ჩასადებში მოათავსა. „ყველაფერს ვიფიქრებდი ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი შვილის მამას თუ ყავის თერმოსით წამოვიყვანდი, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი“.

გეგმავს, რომ როდესაც მისი შვილი სრულწლოვანი გახდება, აუცილებლად უამბოს მას, როგორ დაიბადა. მაიას თქმით, სპერმის ბანკებში არსებობს ისეთი დონორების არჩევის შესაძლებლობაც, რომლებიც თანახმა არიან, მათგან დაბადებული ბავშვები სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ დაუკავშირდნენ, თუმცა ასეთი დონორები ცოტანი არიან. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 5%.

„ქალის ორგანიზმი რობოტი არ არის“

საფრანგეთში კვერცხუჯრედის დონაციას ბიოეთიკის კანონი არეგულირებს. პროცედურები ტარდება სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკებში, სფეროს ბიომედიცინის სააგენტო ზედამხედველობს.

არსებობს დონორთა ერთიანი რეესტრიც, რომელიც სხვადასხვა კლინიკაში ერთი და იმავე ქალის განმეორებით დონაციას აკონტროლებს.

საფრანგეთში ერთ ქალს კვერცხუჯრედის დონაცია მაქსიმუმ ორჯერ შეუძლია, ხოლო ერთი დონორის კვერცხუჯრედებით ათზე მეტი ბავშვი არ უნდა დაიბადოს, რათა მონათესავე ადამიანებს შორის გაუცნობიერებელი ურთიერთობებისა და შესაძლო გენეტიკური რისკები შემცირდეს.

საფრანგეთის კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგი რევაზ ბოჭორიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ სამედიცინო მონაცემების თანახმად - ორი, სამი ან ოთხი სტიმულაცია კიბოს რისკს არ ზრდის, თუმცა მეტი სტიმულაციის შემთხვევაში, ზოგიერთი კვლევა ონკოლოგიურ რისკებზე მიუთითებს.

რევაზ ბოჭორიშვილი, მეან-გინეკოლოგი

„ქალის ორგანიზმი მანქანა ან რობოტი არ არის, რომ ყოველ თვეს ან ყოველ მეორე თვეს კვერცხუჯრედების გაცემა შეეძლოს. სტიმულაციას შესაძლოა გართულებებიც ახლდეს. მაგალითად, საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია, ტკივილი და ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი გართულებები, რომლებიც ქირურგიულ ჩარევასაც კი მოითხოვს. ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ არსებობს. ჩვენს პრაქტიკაშიც გვხვდება გარკვეული გართულებები, თუმცა მათი სიხშირე სულ უფრო მცირდება, რადგან სამედიცინო პროტოკოლები მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ზოგადად, სამედიცინო რისკი საკმაოდ დაბალია, მაგრამ პროცედურა მაინც წარმოადგენს დატვირთვას ორგანიზმისთვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რევაზ ბოჭორიშვილი.

ის, რომ დონორთა და სუროგატთა რეესტრის, ზუსტი სტატისტიკის არარსებობა დღეს საქართველოში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს ამ სფეროს კიდევ ერთი წამყვანი კლინიკის, „ლიდერმედის“ ხელმძღვანელი ნატალია ხონელიძე.

ნატალია ხონელიძე

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გვქონოდა ამ დარგში ზუსტი სტატისტიკა. ეს აუცილებლად დასარეგულირებელია. სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რამდენი რეპროდუქციული ციკლი ტარდება ქვეყანაში, რამდენი პაციენტი გადის მკურნალობას, რამდენია მათ შორის საქართველოს მოქალაქე და რამდენი - უცხოელი, რამდენი ინვიტრო განაყოფიერების, კვერცხუჯრედის დონაციისა და სუროგაციის ციკლი ტარდება და როგორია თითოეული კლინიკის წარმატების მაჩვენებელი“, - ამბობს ნატალია ხონელიძე.

მისი განმარტებით, სრულყოფილი აღრიცხვის სისტემის ამოქმედებისა და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების შემდეგ, შესაძლებელი უნდა გახდეს კლინიკების სტატისტიკური მონაცემების პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობაც:

„შემდეგი ეტაპი უნდა იყოს ისეთი სისტემის დანერგვა, სადაც თითოეული კლინიკის მონაცემები ცალ-ცალკე გამოჩნდება. პაციენტს უნდა შეეძლოს რეესტრში შესვლა და იმის ნახვა, რომელ კლინიკას როგორი წარმატების მაჩვენებელი აქვს, რამდენ პაციენტს მკურნალობს და რა მეთოდებს იყენებს. ეს ადამიანებს საშუალებას მისცემს, კლინიკა ინფორმირებულად შეარჩიონ“, - განმარტავს ნატალია ხონელიძე.

საქართველოში კვერცხუჯრედის დონაციის სფეროს რეგულირების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე სამ წელზე მეტია განიხილება. არაერთხელ გადაიდო მისი განხილვის ვადა. მიუხედავად იმისა, რომ დონორთა ერთიანი ეროვნული რეესტრი ჯერ კიდევ სამი წლის წინ უნდა გვქონოდა, დღემდე არ არსებობს არც ბაზა და არც კონტროლის საერთო მექანიზმი.

ამ სტატიისთვის რადიო თავისუფლებამ ვერ მიიღო პასუხი კითხვებზე, როდის გეგმავს ხელისუფლება კანონპროექტის მიღებას, რეესტრის ამოქმედებასა და იმ საკითხების გადაჭრას, რომლებზეც დონორები, ექიმები და აგენტები დაგველაპარაკნენ.