რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს უკრაინის ენერგოობიექტებს

ფოტო არქივიდან. რუსეთის საჰაერო დარტყმით დაზიანებული თბოელექტროსადგური უკრაინაში

რუსეთმა მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე. კიევის ოლქი ერთ-ერთია უკრაინის რეგიონებს შორის, სადაც ხუთიდან ექვსი ნოემბრის ღამით დარტყმა იყო ენერგეტიკის ობიექტზე.

კიევის ოლქის ბილოცერკვის რაიონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას სამი რეაქტიული დრონით შეუტიეს. მიმდინარეობს მუშაობა შეწყვეტილი ენერგომომარაგების აღსადგენად.

ადგილობრივ ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია ენერგოობიექტი, რომელზეც დარტყმა იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 6 ნოემბერს დილით გამოქვეყნებული ცნობით, კიევის ოლქის ამ რაიონში დრონებით შეუტიეს „ენერგიის შემნახველ აკუმულატორების პარკს, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს“.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სამხედრო-კოსმოსური ძალების ავიაციამ ფუგასური საავიაციო ბომბით დაარტყა ელექტროქვესადგურს სუმის რაიონში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ნოემბერს ესპანეთში, იბერო-ამერიკულ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში ყველა ელექტროსადგური ასე თუ ისე დაზიანებულია რუსეთის შეტევების შედეგად. ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთი რაკეტებს და დრონებს იყენებს დარტყმებისთვის იმ ენერგოდანადგარებზეც, რომლებზეც დამოკიდებულია უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მუშაობა.

უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მოუწოდა ტრანსფორმატორებით, კაბელებით, გენერატორებითა და ელექტროტექნიკური დანადგარებით უკრაინის დახმარებისკენ.

ასევე ნახეთ

მომავალი სასტიკი ზამთარი: რუსეთის გაძლიერებული საჰაერო დარტყმების ფონზე უკრაინელები რთული დროისთვის ემზადებიან
  • რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში დაიწყო და დღემდე ინტენსიურად განაგრძობს, განსაკუთრებით ზამთრის მოახლოების წინ.
  • უკრაინაში მოქმედებს ენერგომომარაგების გრაფიკი, რომელსაც სახელმწიფო ენერგოკომპანია ხშირად ვერ იცავს სისტემაში მწვავე პრობლემების გამო.
  • უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2024 წლის მარტში გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის დაპატიმრების ორდერები.
  • თავის მხრივ, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნედ გამოაცხადა ელექტროსადგურები, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ტერმინალები.
  • რუსეთი უკრაინის ამ შეტევებს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო უკრაინა - თავდაცვის უფლების რეალიზაციას.