53-მდე გაიზარდა ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

რუსეთის ჯარებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახა 2 ნოემბერს დაბომბეს

მეხუთე დღეა სამძებრო ოპერაცია გრძელდება უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაში, რომლის დაბომბვასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

6 ნოემბერს დილით უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს კიდევ 8 ცხედარი და დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

ცოტა ხანში ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიხაილო სემიკინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.

5 ნოემბრის მონაცემებით, დადასტურებული იყო 42 ადამიანის სიკვდილი.

  • რუსეთის ჯარებმა კომიშუვახას 2 ნოემბერს დაარტყეს, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე, 9 მართვადი ავიაბომბით.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ავიაბომბებით დაარტყა სკოლის შენობას, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემა მიმდინარეობდა და შემდეგ დაბომბა თავშესაფარიც, სადაც ხალხი იმყოფებოდა.

ზაპოროჟიეს ოლქში 3-5 ნოემბერს გლოვა იყო გამოცხადებული.

რუსეთს კომიშუვახის დაბომბვასა და დიდ მსხვერპლზე კომენტარი არ გაუკეთებია.

  • რუსეთის ჯარებმა კომიშუვახა ადრეც არაერთხელ დაბომბეს. ამ დაბაში არანაირი მსხვილი სამხედრო ან სამრეწველო ობიექტი არ არის, თუმცა ქალაქ ზაპოროჟიეს მისადგომებთან არსებულ თავდაცვით და სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.