ირანმა შეერთებულ შტატებს კატარის მეშვეობით გაუგზავნა ბირთვული წინადადება, რომელიც განხილული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი მის შვიდ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, - განუცხადა Reuters-ს ხუთშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა და დასძინა, რომ ვაშინგტონი ამჟამად ამ წინადადებას განიხილავს.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის და აშშ-ის წარმომადგენლები ბოლო ხანებში აქტიურობდნენ სამხედრო კონფლიქტის დასასრულებლად ირიბ მოლაპარაკებებში - ძირითადად კატარისა და პაკისტანის შუამავლობით - ტრამპმა უარი თქვა, გამოერიცხა ირანზე დარტყმების განახლება, რადგან შეერთებულ შტატებს კვლავ უწევს „მიხედოს“ კიდევ ერთ ან ორ მიზანს, მათ შორის სავარაუდო ბირთვულ ობიექტს.
მეორე ომი ირანის წინააღმდეგ წელს, 28 თებერვალს დაიწყო - აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი დარტყმებით, რომელთა შედეგადაც დაიღუპნენ ყოფილი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და სამხედრო სარდლობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. მანამდე, შარშან იყო ე.წ. 12-დღიანი ომი, რომლის დროსაც აშშ-მა და ისრაელმა ინტენსიურად დაბომბეს ირანის ბირთვული ობიექტები.
საპასუხოდ, ირანმა იერიშები მიიტანა ისრაელსა და რეგიონში აშშ-ის ობიექტებზე, ასევე შეზღუდვები დააწესა ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობაზე - საზღვაო გზაზე, რომელზეც, ჩვეულებრივ, მსოფლიოს ბაზრებზე ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის.
შეერთებულმა შტატებმა ასევე ბლოკადა დაუწესა ირანის პორტებს.
ამას მოჰყვა საწვავის ფასის მკვეთრი ზრდა თითქმის მთელ მსოფლიოში.