რუსეთის ჯარებმა მასირებული დარტყმა მიაყენეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დნეპროპეტროვსკის ოლქში. როგორც უკრაინის ენერგეტიკის უმსხვილესი კერძო ინვესტორი, DTEK იუწყება, ღამის თავდასხმის შედეგად დაზიანდა რეგიონის მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები.
„ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ოლქის 600 ათასზე მეტი მცხოვრები პავლორადის, სამარის, კამენსკოეს, დნეპროპეტროვსკის რაიონებსა და უშუალოდ დნეპრში“, - განაცხადეს DTEK-ში.
საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ჰანჟამ აღნიშნა, რომ „საავადმყოფოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები გენერატორებით მუშაობის რეჟიმზე გადადიან“.
პოლტავის ოლქში რუსეთის დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ხანძარი გაჩნდა რამდენიმე ადგილზე, კერძოდ, კერძო საწარმოების ტერიტორიაზე.
ქალაქ ხმელნიცკიში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. საგანგებო სამსახურების წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ერთი ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, სულ ღამის განმავლობაში უკრაინას თავს დაესხა რუსეთის 164 უპილოტო საფრენი აპარატი (რომელთაგან 137 ჩამოაგდეს) და სამი რაკეტა.