დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის მსხვილ სამრეწველო ზონაზე

ფოტო არქივიდან. ლენინგრადის ოლქში მდებარე ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზი”.

9 ნოემბერს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიზე, რომელიც ნავთობქიმიური მრეწველობის ცენტრია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა დარტყმა კირიშის სამრეწველო ზონაზე. უკრაინული და რუსული წყაროების ცნობით, შეტევა იყო რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

9 ნოემბერს გამთენიისას ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ „არის უპილოტო საფრენი აპარატების მოხვედრის ფაქტები ქალაქ კირიშის სამრეწველო ზონაში“.

სამრეწველო ზონის კონკრეტული ობიექტები გუბერნატორს არ დაუსახელებია. მისივე ცნობით, ლენინგრადის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს 113 დრონი. ნამსხვრევებით დაზიანებულია სახლები კირიშის და ვსევოლოჟკის რაიონებში.

სხვა წყაროები

მონიტორინგის უკრაინული არხების, Supernova+ და Exilenova+ ცნობით, დრონებით დარტყმა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „კირიშინეფტეორგსინტეზზე”(კინეფი), სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ამ ქარხანაზე შეტევას და ხანძარს ადასტურებს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ც.

  • „კირიშინეფტეორგსინტეზი“ რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. მისი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 20-21 მილიონი ტონაა.
  • ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს, ნავთს, მაზუთს და სხვა პროდუქციას. მნიშვნელობამ როლს ასრულებს ნავთობპროდუქტებით რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის უზრუნველყოფაში. საწვავის ძირითადი მიმწოდებელია ქალაქ სანქტ-პეტერბურგისა და მისი პულკოვის აეროპორტისთვის.
  • კირიშის ქარხანა კომპანია „სურგუტნეფტეგაზის“ შემადგენლობაშია. ამ კომპანიის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციები მოქმედებს.
  • 2024 წლიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა კირიშის ქარხანას არაერთხელ დაარტყეს. 2026 წლის აგვისტოს ბოლოს განხორციელებული შეტევის შემდეგ სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ქარხანამ ნავთობის გადამუშავება სრულად შეაჩერა.

ასევე ნახეთ

უკრაინის იერიშის შემდეგ იწვის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

ასევე ნახეთ

რუსეთში შეტევა იყო აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
  • მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
  • უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.