„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კრაკოვში მომხდარი ტრაგედიის გამო“, - წერს ირაკლი კობახიძე 9 ნოემბერს X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ამ მძიმე წუთებში საქართველო სოლიდარობას უცხადებს პოლონეთსა და პოლონელ ხალხს“, - წერს ირაკლი კობახიძე.
რა მოხდა კრაკოვში
2026 წლის 7 ნოემბერს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა კრაკოვის ცენტრში, ბაზრის მოედანზე.
სროლის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაიჭრა 16, რომელთაგანაც ხუთი უცხოელია.
ცნობილია, რომ თავდამსხმელი 24 წლისაა, პოლონეთის მოქალაქე, წარმოშობით სვენტოქშირსკის სავოევოდოდან და ულტრამემარჯვენე შეხედულებებს ემხრობა.
თავდამსხმელს წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი და აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვა. სამხედრო მოსამსახურე არ არის, თუმცა სამხედროს მსგავს ფორმაში იყო გამოწყობილი.
თვითმხილველების თქმით, დამნაშავე მოედანზე შავი ავტომობილით მივიდა, გაჩერდა, გადმოვიდა და ავტომატური იარაღით გახსნა ცეცხლი.
სროლისას ტყვიები მოხვდა გამვლელებს, აგრეთვე ტრამვაისა და მაღაზიას.
დაზუსტებული მონაცემებით, დაიღუპა ოთხი ქალი და ორი მამაკაცი, რომელთა შორის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეცაა.
- 8 ნოემბერს კი პოლონეთის ქალაქ ოსტროვეც-სვენტოქშირსკში, კრაკოვიდან 200 კილომეტრში, პოლიციამ აღმოაჩინა სამი ადამიანის ცხედარი: 53 წლის მამაკაცისა და ორი ქალის (52 და 21 წლისა).
- პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი არიან მშობლები იმ დამნაშავისა, რომელმაც 7 ნოემბერს კრაკოვში სროლა ატეხა.