უკრაინის სასარგებლოდ ბრძოლისთვის გურამ ჭიჭინაძეს 12,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - რუსეთის პროკურატურა

2024 წელს რუსეთის სახელმწიფო მედიაში სასტიკად ნაცემი გურამ ჭიჭინაძის ვიდეო აჩვენეს.

რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ უკრაინის სასარგებლოდ მებრძოლ გურამ ჭიჭინაძეს 12,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ რუსეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის სასარგებლოდ მებრძოლი 43 წლის გურამ ჭიჭინაძე ტყვედ 2024 წლის თებერვალში აიყვანეს. რამდენიმე კვირაში მის შესახებ რუსეთის სახელმწიფო არხმა Россия-24-მა მოამზადა მასალა, რომელშიც ჭიჭინაძეს თვალთან სილურჯე ეტყობოდა.

როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, ჭიჭინაძე წარმოშობით ქუთაისელია, თუმცა წლების განმავლობაში უკრაინის დედაქალაქ კიევში ცხოვრობდა. ომის დაწყების შემდეგ ის მოხალისედ კიევის ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას შეუერთდა.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომში უკრაინის დასახმარებლად ათობით ქართველი იბრძვის.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის სასარგებლოდ მებრძოლ ქართველებს პატიმრობას უსჯიან.

ასევე ნახეთ

ე.წ. დნრ-ის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რადიო თავისუფლებამ არაერთი მასალა მოამზადა რუსეთის მიერ ტყვედ აყვანილ ქართველებზე.

მასალა არქივიდან

რა ვიცით რუსეთის ტყვეობაში მყოფ წარმოშობით ქართველ მებრძოლებზე?

ასევე ნახეთ

სამი ქართველი მებრძოლი რუსეთის ტყვეობაში - რის გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას?