აბუ-დაბიში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

10 ნოემბერს აბუ-დაბიში განახლდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები

10 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლდა აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ომის დასრულების მიზნით.

სამმხრივი მოლაპარაკებების ეს რაუნდი, რომელიც 11 ნოემბერსაც უნდა გაგრძელდეს, პირველია 2026 წლის თებერვლის შემდეგ.

უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას - პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. აშშ-ს წარმოადგენენ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

„გადავედით მოლაპარაკებების სამმხრივ ფორმატზე უკრაინა-აშშ-რუსეთი. დღის წესრიგშია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის მოახლოების ძირითადი საკითხები", - დაწერა სოციალურ ქსელებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა.

მანამდე უკრაინის დელეგაცია და აშშ-ის წარმომადგენლები აბუ-დაბიში შეხვდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატოს და ევროკომისიის წარმომადგენლებს.

ასევე ნახეთ

უკრაინის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკების განახლების წინ ევროპელ პარტნიორებს შეხვდა

აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების განახლების წინ პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკება მიეძღვნება უსაფრთხოების გარანტიებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ნოემბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად არსებობს მეტი მზადყოფნა და „ძლიერი დახრა“.

აბუ-დაბიში მოლაპარაკების განახლების წინ დასავლეთის სხვადასხვა მედიასაშუალებამ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ გარკვეული ოპტიმიზმი არსებობს, რადგან მხარეები მეტ მოქნილობას იჩენენ და რუსეთისგან არის ომის დასრულების სურვილის ნიშნებიც.

ასევე ნახეთ

ომის მერე უკრაინის "ოდნავ განსხვავებული ფორმა" და "რეალიები მიწაზე" - აბუ დაბის შეხვედრა მოახლოვდა

რამდენიმე თვეში ხუთი წელი შესრულდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი, დამანგრეველი და დიდი მსხვერპლის გამომწვევი ომის დაწყებიდან.

რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.