რუბიო რუსეთ-უკრაინის „ძალიან ნაყოფიერ“ მოლაპარაკებებს მიესალმება. ზელენსკის თქმით, შეხვედრა "კონსტრუქციული და შინაარსიანია"

აბუ-დაბიში მოლაპარაკების პირველი დღის შეხვედრის მონაწილეები. 10 ნოემბერი, 2026 წელი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამშაბათს, აბუ-დაბიში, აშშ-ის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის გამართულ მოლაპარაკებებს „ძალიან ნაყოფიერი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაფართოვდეს და მასში ევროპელებიც უნდა ჩაერთონ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციული და საკმაოდ შინაარსიანი იყო.

„მიგვაჩნია, რომ სამმხრივ ფორმატში, საბოლოო ჯამში, ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც უნდა ჩაერთონ, რადგან ისინი ამ პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის ნაწილს წარმოადგენენ“, - განაცხადა რუბიომ პარიზში მას შემდეგ, რაც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მოლაპარაკებების პირველ დღე დაიწყო.

სამმხრივი მოლაპარაკებები 11 ნოემბერსაც უნდა გაგრძელდეს.

უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას - პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. აშშ-ს წარმოადგენენ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

10 ნოემბერს უკრაინის დელეგაცია და აშშ-ის წარმომადგენლები აბუ-დაბიში შეხვდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატოს და ევროკომისიის წარმომადგენლებს.

რამდენიმე თვეში ხუთი წელი შესრულდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დამანგრეველი და დიდი მსხვერპლის გამომწვევი ომის დაწყებიდან.

რუსეთის ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.

ასევე ნახეთ

ომის მერე უკრაინის "ოდნავ განსხვავებული ფორმა" და "რეალიები მიწაზე" - აბუ დაბის შეხვედრა მოახლოვდა