ბოჭორიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვებს განათლების მშობლიურ ენაზე მიღება ეზღუდებათ

მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ მონაწილეებს მიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საფრაგეთში, „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის დროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშებს განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შესაძლებლობა ეზღუდებათ.

„რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგები დღემდე აისახება ბავშვების ცხოვრებაზე, რომელთა ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვა კვლავაც მათი ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია“, - თქვა მაკა ბოჭორიშილმა.

„პარიზის მშვიდობის ფორუმი“ საფრანგეთში მეცხრედ იმართება: ორი დღის განმავლობაში, 10 და 11 ნოემბერს 80-ზე მეტ სესიაზე 350-ზე მეტ მომხსენებელს მოუსმენენ. მათ შორის არიან: მოქმედი მაღალჩინოსნები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ა.შ. (იხილეთ სია).

2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში, ქართული სწავლება მე-11 კლასის ჩათვლით აიკრძალა.

ასევე ნახეთ

გალის სკოლებში ქართული ენის აკრძალვით განათლების სამინისტრო შეშფოთებულია

ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების მშობლიურ ენაზე მიღების შეზღუდვა ბოლო წლებია ხვდება სახალხო დამცველის ანგარიშებში. ომბუდსმენი 2025 წელს მომზადებულ დოკუმენტში წერდა, რომ „უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც ორივე რეგიონში ყოველწლიურად მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა“.